Accessibility links

logo-print

ლაჯანურჰესის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია


17 აგვისტოს, გეგმის მიხედვით, ლაჯანურჰესის წყალსაცავი უნდა დაიცალოს და სადგური სარემონტო სამუშაოებისათვის დაიხუროს. ფრანგული კომპანია “ალსტონის” დაკვეთით,

ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “საქენერგორემონტი” შეასრულებს, თუმცა, შესაძლოა, სადგურის რეაბილიტაცია გაურკვეველი ვადით გადაიდოს კიდეც, სამუშაოთა სავარაუდო გადავადება კი დამოკიდებული იქნება ლაჯანურჰესის თანამშრომელთა ხელფასებით უზრუნველყოფაზე: თუ სახელმწიფო სტრუქტურები მათ, სულ ცოტა, ორი თვის სახელფასო დავალიანებას არ დაუფარავენ, ლაჯანურჰესის 150-ვე თანამშრომელი გვირაბის გადაკეტვითა და სარემონტო სამუშაოების ბლოკირებით იმუქრება. მათგან 30-მა ადამიანმა კი სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია 13 აგვისტოს ღამით დაიწყო.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან გაშლილი ლეიბები გასაგებ დისკომფორტს უქმნის სამინისტროს ხელმძღვანელებს, მათ შორის მინისტრ დავით მირცხულავას, რომელიც არაპირდაპირად მიანიშნებს აქციის ინკოგნიტო დამკვეთებსა და აქციის მართულობაზე. ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ცაგერიდან დედაქალაქში დაქირავებული ავტობუსით ჩამოსული ადამიანების ღია ცის ქვეშ ღამის თევა, მინისტრი სამწუხაროდ არ აკონკრეტებს, თუმცა აქციის მონაწილეთა მოთხოვნების უსაფუძვლობაში არაპირდაპირად და, შეიძლება ითქვას, აგრესიულადაც კი შეაქვს ეჭვი. სხვათა შორის, მეორეს მხრივ, იმავე წარმატებით შეიძლება დაეჭვება სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გულწრფელობაში, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები არ შედიან სახელმწიფოს მდგომარეობაში და არ ითვალისწინებენ იმას, რომ იგივე სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეებისათვის ხელფასების დარიგება არ შეუძლია. აქციის მონაწილეებთან სამინისტროს ხელმძღვანელების მოლაპარაკებების ალოგიკური პოსტულატებიდან კიდევ რამდენიმეს მოტანა შეიძლება. კერძოდ, დავით მირცხულავამ ცაგერელ ენერგეტიკოსებს საპროტესტოდ ახალი მისამართი _ ზესტაფონი შესთავაზა. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, ფინანსების მოთხოვნით ლაჯანურჰესის თანამშრომლები ფეროშენადნობთა ქარხნის წინ დასხდნენ. ფეროშენადნობთა ქარხანამ მიმდინარე წლის 5 აგვისტოდან, ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო, მუშაობა შეწყვიტა. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქარხანას მაისის და ივნისის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება აქვს, რომელიც მილიონ სამასი ათას ლარს შეადგენს. საბითუმო ბაზრის ინფორმაციით, საწარმოს ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ აღუდგება, _ სხვა სიტყვებით, მინისტრი მირცხულავა მოხარული იქნება, თუ დავალიანებას ლაჯანურჰესის თანამშრომელთა ხელით ამოიღებს, რასაც აბსურდის ელფერი უფრო დაჰკრავს, ვიდრე რეალობის, რადგან, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ფეროშენადნობთა ქარხანა ელექტროენერგიას ერთიანი სისტემიდან იღებს და არა უშუალოდ ლაჯანურჰესიდან, რომელიც გამომუშავებული 30 მეგავატი ელექტროენერგიიდან 25 მეგავატს უშვებს სისტემაში.
ალოგიკურია აქციის მონაწილეთათვის მითითებული მეორე საპორტესტო მისამართიც _ საგადასახადო ინსპექცია. მისამართის ავტორი ამჯერად საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორის მოადგილე სოსო ნატროშვილია. მისი თქმით, ამას წინათ ლაჯანურჰესისთვის გადარიცხული 273 000 ლარიდან 160 000 საგადასახადო ინსპექციამ წაიღო და, ამდენად, უმჯობესი იქნებოდა აქციის მონაწილეებს სამართალი იქ ეძიათ და არა სათბობ-ენერგეტიკის სამინიტროში.
სამინისტროს მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ამგვარ უპრეცენდენტო ფონზე კი დავაზუსტებთ, რომ დღეისათვის სახელმწიფოს ლაჯანურჰესის თანამშრომელთა 24-თვიანი დავალიანება აქვს, აქედან უკანასკნელი ორთვე-ნახევრის განმავლობაში ლაჯანურჰესის თანამშრომლებს ერთი თეთრიც კი არ მიუღიათ, _ შესაბამისად, გასაგებია უნდობლობაც, რომლითაც ისინი საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორის მოადგილის დაპირებებზე რეაგირებენ. სოსო ნატროშვილი აქციის მონაწილეებს ერთი თვის სახელფასო თანხის უახლოეს ორ დღეში, პარასკევს გადარიცხვას დაჰპირდა. აქციის მონაწილენი მინიმუმ ორი თვის საზღაურს ითხოვენ და მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG