Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მნიშვნელოვანია ინტელიგენცია და ინტელექტუალური ელიტა პოლიტიკური კლასისთვის


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ერთი წლის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პრეზიდენტის ტრადიციული მოკავშირე

– ინტელიგენცია ძველებური თავგამოდებით აღარ უჭერს მხარს ედუარდ შევარდნაძეს. მოქალაქეთა კავშირის მორიგმა სქიზმამ და ჟვანიას განდგომამ პრეზიდენტს ჩამოაცილა ძველი ინტელიგენტი მომხრეების ნაწილი – ისინი არჩევნების წინ ყოფილი სპიკერის თანამგრძნობთა შორის ვიხილეთ. თუ დავაკვირდებით პოლიტიკურ სპექტრში მეტ-ნაკლებად წონიან ფიგურებსა თუ ორგანიზაციებს, შევნიშნავთ, რომ ახალი თუ ძველი თაობის ინტელექტუალთა გარეშე თითო-ოროლა მათგანი თუ მუშაობს.

რამდენად მნიშვნელოვანია ინტელიგენცია და ინტელექტუალები პოლიტიკური კლასისთვის ?

ძველ ინტელიგენციასა და ახალ ინტელექტუალებს შორის შარშან კავკასიურ ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე გავლებული მიჯნა ათვლის წერტილი გამოდგა ამ საკითხზე მსჯელობისათვის. შინაარსი, რომელსაც გამოხატავს ცნება “ინტელიგენცია”, თითქმის მთლიანად არის ასოცირებული კომუნისტური რეჟიმის რელიქტებთან და, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტთან. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის თქმით, [ნიჟარაძის ხმა] “მაგის გამოზრდილია ეს მწერალთა კავშირი, მეცნიერებათა აკადემია და ა.შ., ანუ დაწესებულებები, რომლებიც მომავალში სიცოცხლისუნარიანი არ არის”.

ინტელიგენცია სჭირდება შევარდნაძეს – ეს შეხედულება მოგვყვება უკვე ათი წელია და სწვდება 70-ან წლებსაც, როცა საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი, მიღებული აზრით, ინტელიგენციასთან დამოკიდებულებისას არბილებდა იდეოლოგიურ მარწუხებს. ინტელიგენცია, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის საშუალება, სწორედ გვიანკომუნისტური ეპოქის პროდუქტია და ეს ამპლუა მას დამოუკიდებელ საქართველოშიც გადმოჰყვა. თუმცა, დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ ნაკისრ თუ დაკისრებულ ფუნქციას ინტელიგენცია ვეღარ ასრულებს. ისტორიკოს დავით ლოსაბერიძის შენიშვნით, [ლოსაბერიძის ხმა] “კომუნისტურ ნომენკლატურაში მაინც არსებობს მენტალობა, რომ თუ ხელისუფალს ინტელიგენცია გვერდით უდგას, ეს ხალხს ამშვიდებს. სხვა საკითხია, რამდენად რეალისტურია ეს შეხედულება. ხშირ შემთხვევაში პირიქით რეაქციას იწვევს; საზოგადოებაში არალეგიტიმურობის ეფექტს ქმნის, როცა აკადემიკოსები და სხვები აქებენ შევარდნაძეს. პირიქით, შევარდნაძის რეიტინგი ამით უფრო ეცემა”.

რაც შეეხება პოლიტიკურ კლასსა და ინტელექტუალებს შორის ურთიერთობის ცივილურ ქვეყნებში დამკვიდრებულ ნორმებს, დავით ლოსაბერიძის აზრით, ისინი შეიძლება ერთი ფორმულით გამოიხატოს: ინტელექტუალებს პოლიტიკას არ წარამართვინებენ, მაგრამ აქმნევინებენ [ლოსაბერიძის ხმა]: “რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსებს სჭირდებათ ინტელექტუალები და არა ინტელიგენცია იმისათვის, რომ სწორედ მათ და არა პოლიტიკურმა ძალებმა განახოციელონ ექსპერტული საქმიანობა, ექსპერტული შეფასებები. პოლიტკურ ძალებს ხშირად წარმოდგენაც არა აქვთ უამრავ კონკრეტულ საკითხზე; როცა მჭირდება საქმის გაკეთება ჯანდაცვასა თუ ენერგეტიკაში, მე მივმართავ სპეციალისტს, – მე ვარ პოლიტიკოსი, მჭირდება დივიდენდები, მაგრამ სპეციალისტის გარეშე ეს არ გამოვა. ეს არის ნორმალური დამოკიდებულება ინტელექტუალური ელიტისადმი”. ჩემი რესპონდენტი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების ურთიერთქმედების კულტურა ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

რამდენად შეიძლება ქართველი ინტელექტუალები სასარგებლონი იყვნენ პოლიტიკოსებისათვის და პოზიტიური გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ პროცესებზე? ახალი თაობის არაერთ პოლიტიკოსს უყვარს თქმა, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია, თუმცა მათ ქმედებებს მაინცდამაინც არ ეტყობა ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობის კვალი. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე შენიშნავს, რომ ინტელექტუალებზე ჩვენში მოთხოვნა არ არსებობს [ნიჟარაძის ხმა]: “რაც შეეხება ინტელექტუალებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ მაგათზე მოთხოვნილებას. ჯერ ერთი, თვითონაც არ არიან ისეთი დონის, რომ გამოადგნენ რომელიმე პროგრესულ ძალას და მეორეც: ჩემი აზრით, არ არის ძლიერი და გამოკვეთილი პროგრესული ძალაც. ამიტომ მთელი ეს ძალები (ე.ი. ინტელექტუალები – დ.პ.) არასამთავრობო სექტორშია, რაღაც კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ საერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლებად ჩანან, თუ არ ჩავთვლით 10-15 კაცს, სულ ზედაპირზე რომ არიან. პროფესიონალთა გუნდები რომ დაიქირავონ იმიჯმეიკერობის ან სტრატეგიის განსაზღვრისათვის – ასეთი მოთხოვნილება ჯერჯერობით არ არის”.
XS
SM
MD
LG