Accessibility links

logo-print

სომალიში დატყვევებულ ქართველ მეზღვაურთა სანაცვლოდ მეკობრეები 300 ათას დოლარს მოითხოვენ


20 დღეზე მეტია სომალიში მეკობრეებს ჰყავთ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეის დროშით მცურავი საბერძნეთის ფირმის კუთვნილი გემი, რომლის ეკიპაჟი 6 ქართველი მეზღვაურისგან შედგება.

დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები გემისა და მეზღვაურების გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა მეკობრეები, რომლებსაც მანამდე 11 გემი ჰქონდათ გატაცებული, ამჯერადაც არ აპირებენ გამოსასყიდის გარეშე მძევალთა გათავისუფლებას. თავდაპირველად ისინი 600 ათას ამერიკულ დოლარს მოითხოვდნენ, ახლა კი ეს ციფრი 300 ათასამდე შემცირდა, თუმცა ამ თანხის გადამხდელი სუბიექტიც არ ჩანს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ვალერიან იმნაიშვილის განცხადებით, ფოთის მკვიდრი 6 ქართველი დატყვევებული მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მეკობრეები ნორმალურად ეპყრობიან. საბერძნეთის ფირმის „პალას ნავიგეიშენის“ გემის გატაცებისთანავე, ხომალის მახლობლად განლაგებული საერთაშორისო სამხედრო საზღვაო ძალები მზად იყვნენ ჩარეულიყვნენ გემისა და მისი ეკიპაჟის გათავისუფლების საქმეში, თუმცა, მხოლოდ საბერძნეთის ან საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მიმართვის შემდეგ. ჯერჯერობით ასეთი თხოვნა არც ერთ დაინტერესებულ მხარეს არ გაუკეთებია და მეკობრეებთან მხოლოდ გამოსასყიდი თანხის რაოდენობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ვალერიან იმნაიშვილმა ჩემთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გემის მფლობელ მხარეს მეკობრეების მიერ მოთხოვნილი თანხა არ გააჩნია.

[იმნაიშვილის ხმა] „თავიდან 600 ათასი იყო და ახლა ჩამოვიდა 300-ზე, 400-ზე. ბერძნები ამის გადახდისუნარიანნი არ არიან. სთავაზობენ ამ მეკობრეებს – გემი გავცვალოთ ეკიპაჟზეო. დაიტოვეთ გემი, გავაფორმებთ თქვენს სახელზე და გამოუშვით ეკიპაჟიო.“

რით დამთავრდება მეკობრეებთან გამართული ეს ვაჭრობა, ჯერჯერობით ძნელი სავარაუდოა, რადგან საბერძნეთის კომპანიამ ზევით ნახსენები პირობა სულ ახლახანს შესთავაზა გამტაცებლებს.

იმნაიშვილისვე თქმით, გაცილებით ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება, თუ საქმეში გერმანიის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ფლოტი დროულად ჩაერევა.

[იმნაიშვილის ხმა] „მთლიანად სრულ ინფორმაციას ვაწვდით ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ყველა წინადადებას, ყველა იდეას ჩვენს წერილებში ვწერთ და ვეუბნებით: აი, რეკომენდაციები, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ამოირჩიეთ და იმოქმედეთ. ჩვენ რომ მივმართოთ პირდაპირ – ადმინისტრაციამ – ამ ქვეყნებს, რომ იმოქმედეთ და სამხედრო ძალა გამოიყენეთ, ეს არ იქნებოდა გამართლებული ჩვენი მხრიდან.“

საქართველოს ხელისუფლება კი ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და შექმნილი ვითარების დელიკატურობით იმართლებს თავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით,

[სიხარულიძის ხმა] „ოფიციალური რაიმე მზადყოფნა გერმანიის მხრიდან ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაფიქსირებულა, იმდენად, რამდენადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ დახმარებისათვის არ მიუმართავს. ამდენად, უბრალოდ, ჩვენ მზათ ვართ იმისათვის, რომ თუ საჭირო იქნება მეგობარი სახელმწიფოებისათვის მიმართვა დახმარებისათვის, ძალიან მოკლე ვადაში ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს. ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. საგარეო საქმეთა სამინისტო მზად არის დახმარებისათვის ჩვენი მეზღვაურების გასათავისუფლებლად ზუსტად იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც ცივილიზებულ სამყაროში არსებობს.“

როდის პოვებს რეალიზებას ეს მზადყოფნა, სიხარულიძეს აღარ დაუკონკრეტებია. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია კი მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს, რადგან 100-მდე მეკობრის მძევალობაში მყოფი 6 ქართველი მეზღვაურის ბედით მხოლოდ საბერძნეთში საქართველოს წარმომადგენლობაა შეწუხებული.
XS
SM
MD
LG