Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ იძაბება


კოდორის ინცინდენტის შედეგად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ფეთქებადსაშიში ვითარების მინელების შემდეგ დაძაბულობის კერებმა პანკისისა და ცხინვალის რეგიონებისკენ გადაინაცვლა.

ახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ შეინიშნება სეპარატისტული შეიარაღებული ძალების მობილიზაცია, რასაც თან სდევს რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედებათა გააქტიურება როგორც ქართულ-ოსური, ასევე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში.

აფხაზურმა შეიარაღებულმა ძალებმა და იქ განლაგებულმა რუსმა მშვიდობისმყოფელებმა მობილიზაცია მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც 21 აგვისტოს ქალაქ ფოთში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომა ჩატარდა და მცირე მაშტაბის სამხედრო-საზღვაო სწავლებები გაიმართა.

რუსმა ცისფერჩაფხუტიანებმა 21-დან 22 აგვისტომდე მძიმე ტექნიკის კონცეტრაცია მოახდინეს პრიმორსკში, ოჩამჩირესა და გაგიდაში. ქართული მხარის ინფორმაციით, აფხაზმა სეპარატისტებმა დამატებითი ძალები – დაახლოებით 500 კაცი და საბრძოლო ტექნიკა შეიყვანეს ტყვარჩელში. ეს საკითხი 22 აგვისტოს ჭუბურხინჯში აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ოთხმხრივი კომისიის მსჯელობის საგანი იყო. თუმცა აფხაზურმა მხარემ კატეგორიულად უარყო შეიარაღებული ძალების მობილიზება, და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ენგურჰესის სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალის ტრანსპორტირებით ახსნა. აფხაზები აცხადებენ, რომ ქართული მხარე ასეთი ბრალდებების გამოთქმით კონფლიქტის განახლებას ცდილობსო. მათივე კონტრბრალდების მიხედვით, ჯვარის მიმართულებით ქართველი პარტიზანების კონცენტრაცია შეიმჩნევა. ჭუბურხინჯის შეხვედამ ამ ბრალდებებში სიცხადე ვერ შეიტანა, ასევე გაურკვეველი დარჩა სოფელ ხურჩაში რუსი მშვიდობისმყოფელთა საგუშაგოს გაუქმებისა და კოდორის პატრულირების საკითხი.

საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდლის, კლიმენტი თევზაძის გაცხადებით:
[თევზაძის ხმა] „გარკვეული ინფორმაცია არსებობს ტყვარჩელზე, რომ თითქოს არის მძიმე ტექნიკა შეყვანილი, არის ქვედანაყოფები შეყვანილი და კითხვა ჟღერდა ასე, ხომ არ არის ეს წინაპირობა აგრესიისა კოდორის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი, მაგრამ გაეროსა და სამშვიდობო ჯარების პატრული ამ საკითხებს შეისწავლის და მომავალ შეხვედრაზე მეტყვიან პასუხს.“

სამაგიეროდ აფხაზური მხარე არ უარყოფს საბრძოლო მზადყოფნას ზღვის მიმართულებით. საინფორმაციაო სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში, აგვისტოს ბოლომდე ფოთის აკვატორიაში საბერძნეთის ფინანსური მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მსხვილმასშტაბიანი სწავლებები. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტის, ვალერი არშბას თქმით, ფოთში განიხილება საბერძნეთის მიერ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სწავლებების დაფინანსების, ზღვიდან დესანტის გადასხმისა და სხვა სამხედრო მანევრების საკითხები.

მისივე განაცხადებით, საბერძნეთის, ისევე როგორც ნატოს სხვა ქვეყნების მიერ საქართველოსთვის აღმოჩენილ დახმარებას სოხუმი განიხილავს როგორც თბილისის მზადებას ახალი საბრძოლო მოქმედებებისათვის. შესაბამისად, აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან დესანტის მოსაგერიებლადო, დასძინა სეპარატისტთა ვიცე-პრეზიდენტმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსგავსი სამხედრო სწავლებების ჩატარების შესაძლებლობას არ ადასტურებენ.

ასეთ კონფლიქტურ ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა სოხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან 22 აგვისტოს მოლაპარაკებები გამართა და მათ „ბოდენის დოკუმენტის“ განხილვისკენ მოუწოდა, რომელიც ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროექტს წარმოადგენს. სეპარატისტთა ლიდერებმა ამ დოკუმენტის მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება კვლავ გამოთქვეს. მათ რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არ აძლევთ ხელს, ამას ისიც მოწმობს, რომ სეპარატისტები და რუსეთის სამშვიდობოები ჭორებსაც კი იყენებენ, რათა როგორმე სამხედრო ძალების კონცენტრაცია გაამართლონ.
XS
SM
MD
LG