Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა


საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების დეზაუირების მოთხოვნით მიმართავს,

პრეზიდენტი კი ფიქრობს, რომ თანამეგობრობის დატოვება საქართველოსთვის წამგებიანი იქნება. ედუარდ შევარდნაძე თანამეგობრობას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრიბუნად მიიჩნევს, ამას გარდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს დარჩენის მომხრეები ამ ორგანიზაციის შიგნით ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობით მანიპულირებენ. მართლაც, რა მოუტანა საქართველოს თანამეგობრობაში გაწევრიანებამ, ან რას დააკლებს მას ამ ორგანიზაციის დატოვება? ამ შეკითხვებით მივმართეთ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს.

საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე 10 წლის წინ აღმოცენებულ თანამეგობრობას საქართველო ყველაზე გვიან, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის შემდეგ შეუერთდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებზე დათანხმებით ხელისუფლებამ მაშინ მეტად არაპოპულარული ნაბიჯი გადადა. მისი გადაწყვეტილება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლა საბჭოთა კავშირში დაბრუნებად და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმად აღიქმებოდა. ოპოზიცია შევარდნაძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდა.

იყო სხვაგვარი აზრიც. ხელისუფლების ზოგიერთი მაშინდელი წევრი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გამთლიანებას და მის აყვავებას წინასაწარმეტყველებდა. ამ ორგანიზაციაში შესვლას ისინი საქართველოს ფიზიკური გადარჩენის გარანტად აფასებდნენ. მართალი არც ერთი მხარე აღმოჩნდა და არც მეორე. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ყოფნას საქართველოსთვის მაინცდამაინც არაფერი დაუკლია და არც არაფერი შეუძენია, არც ეკონომიკური თვალსაზრისით. არადა, ამ გაერთიანებაში საქართველოს დარჩენის მომხრეები უწინდებური სიჯიუტით ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ჩვენი ქვეყნის ყოფნა ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც არის გამართლებული. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე კი ფიქრობს, რომ ასეთ განცხადებებს ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებლი ადამიანები აკეთებენ, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე ილუზიების ტყვეობაში იმყოფებიან და რომლებსაც არ სურთ აღიარონ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ ვერც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით გაამართლა.

თანამეგობრობის ყოველ სამიტზე ფორმდება ესა თუ ის შეთანხმება და, როგორც წესი, ყოველი მეორე ხელფეხმოკვეთილი აღმოჩნდება ხოლმე. ისინი არ არის სავალდებულო ყველა ქვეყნისთვის. თანამეგობრობის შიგნით დადებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში, ქაღალდზე რჩება, ხოლო ის, რაც ამ გაერთიანების სივრცეში მოქმედებს, სახელმწიფოთა შორის ორმხრივ შეთანხმებებს ეფუძნება.

[რომან გოცირიძის ხმა] “ის ხელშეკრულებები, რომლებიც მოქმედებს, არის წვრილმანი ხასიათის. ერთადერთი, რასაც სერიოზული დატვირთვა აქვს, არის ვაჭრობაში შეღავათიანი რეჟიმი. თუმცა, ესეც არის ორმხრივი შეთანხმების საფუძველეზე და მასთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას არავითარი კავშირი არ გააჩნია.”

რომან გოცირიძის აზრით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა პოლიტიკური ნიშნით გაერთიანებაა და მის ეკონომიკურ სარგებლიანობაზე საუბარი უსაფუძვლოა. “ ერთადერთი, ვისაც ეს გაერთიანება სჭირდება, არის რუსეთი, რომელიც დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების წინაშე თავს საკუთარი გავლენებით იწონებს“,– ამბობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლა პრობლემებს რუსეთს შეუქმნის და არა საქართველოს.

[რომან გოცირიძის ხმა] “საქართველოს მხრიდან დემარში იქნებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სერიოზული ზიანი. ის თავს იწონებს იმით, რომ აქვს გავლენის სფეროები და ამ სფეროდ პირველ რიგში დსთ-ს მიიჩნევს. დამკვიდრდა ცნება” ახლო საზღვარგარეთი”, რაც მარტო ტერმინი კი არ არის, არამედ უტიფარი გამოთქმაა სატელიტის დატვირთვით. საქართველოს ამ ორბიტიდან გამოსვლა სერიოზული მანიშნებელი იქნება დასავლეთისთვის, რომ რუსეთის გავლენა ვერც მის ყოფილ სატელიტებზე ვრცელდება. “

აშკარაა, რომ თანამეგობრობიდან გამოსვლას საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დამსჯელი ღონისძიებების შიშს უკავშირებს, თუმცა ჩვენს ქვეყანას დამსჯელი ღონისძიებები არც ამ გაერთიანების შიგნით აკლია, დაწყებული ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვით, დამთავრებული სავიზო რეჟიმით და ეკონომიკური პრობლემებით. ამაზე მეტს, ალბათ, არც უნდა ველოდეთ. ასეა თუ ისე, პრეზიდენტი პარლამენტის მოთხოვნაზე უარს ამბობს, “ღარიბი და ავადმყოფი ქვეყნების გაერთიანების” დატოვებას არ ჩქარობს და ამ შემთხვევაში რუსი პოლიტიკოსები მას არ აკრიტიკებენ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ პარლამენტის მოთხოვნას სერგეი მირონოვმა ემოციური უწოდა და შეგვახსენა, რომ თანამეგობრობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
XS
SM
MD
LG