Accessibility links

logo-print

რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს საქართველოსთან დაპირისპირებისას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსათვის ულტიმატუმის წამოყენებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ხანგრძლივი კამპანია.

მოსკოვი შეეცადა ჯერ ქართველებისთვის, ხოლო შემდეგ დანარჩენი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ოფიციალური თბილისი - უპირველეს ყოვლისა კი, ედუარდ შევარდნაძე -საერთაშორისო ტერორისტების მფარველი და ხელშემწყობია. ეს ხანგრძლივი და რთული კამპანია არ არის განპირობებული მხოლოდ ჩეჩენი დევნილების თავშესაფრის, 6-ი სოფლისგან შემდგარი პანკისის ხეობის, დაბომბვის სურვილით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტერორისტებისგან საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვა დაასახელა. ეს რომ, მართლაც, მოსკოვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდეს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მიმართ ღია სავიზო რეჟიმს არ დააწესებდა, რაც ნარკოტიკების, იარაღის კონტრაბანდისა და ტერორისტებისთვის საკუთარი ქვეყნის კარების გაღებას ნიშნავს.

არც ტერორისტებთან ბრძოლაა კრემლის მთავარი საზრუნავი. საქართველოს პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმისთვის ძებნილი იგორ გიორგაძე მოსკოვს აფარებს თავს, ხოლო ჩეჩნეთში წლების მანძილზე ჭიანურდება ანტიტერორისტულ ოპერაციად გამოცხადებული ომი. ამ თვალსაზრისით რუსეთისთვის მითუმეტეს უინტერესოა პანკისის ხეობა, რასაც ჩვენი რადიოს ექსპერტი ანდრეი ბაბიცკიც მოწმობს. მით უფრო, რომ „ეუთოს“ საერთაშორისო დამკვირვებლებს ჩეჩენი მებრძოლების რუსეთში გადასვლის არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.

მოსკოვისთვის მთვარ ინტერესს საქართველოზე ძველი გავლენის აღდგენა წარმოადგენს და ამას რუსეთშიც აღარავინ მალავს. გაზეთ „კომერსანტის“ აზრით, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი ვაშინგტონის მიერ ერაყის ხელისუფალის დამხობას დაეთანხმა, ხოლო, სანაცვლოდ, საქართველო მიიღო. ასეთ აზრს ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილიც.

[კლიმიაშვილის ხმა] „დღეს რუსეთი არაფერს არ გააკეთებს ამერიკასთან შეთანხმების გარეშე, ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ისინი არიან სტრატეგიული პარტნიორები. რუსეთი არავითარ ნაბიჯს არ გადადგამს, მთლიანად რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული, და ეს იცის შევარდნაძემ. ახლა ის ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დათმობები.“

კლიმიაშვილის თქმით, ამის გამოცდილება შევარდნაძეს უკვე იმ დროიდან აქვს, როცა მან ზვიად გამსახურდიას დასავლეთ საქართველოდან შემოტევისას, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რუსეთს იმაზე მეტი დათმობა შესთავაზა, ვიდრე ეს მოსკოვს თბილისში პრორუსული ხელისუფლების მოსვლის შემთხვევისთვის ჰქონდა დაგეგმილი. კლიმიაშვილი დასძენს, რომ, სამწუხარდ, ამჯერად დათმობები უფრო დიდი იქნება.

საქართველოს უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილის ჯიმი ჯალიაშვილის აზრით, პუტინის განცხადება რამდენიმე მიზნის მიღწევისთვისაა განსაზღვრული. სულ მცირე შედეგი საქართველოს შიგნით ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ინსპირირებაა, რაც კითხის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასაც. ასეთ შემთხვევაში მოსკოვი შეძლებს ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც რუსეთისათვის გაცილებით მისაღებია, და საბოლოოდ აღადგინოს საქართველოზე დაკარგული გავლენა. ჯალიაშვილის თქმით:

[ჯალიაშვილის ხმა] „ამერიკასაც და დასავლეთსაც იმდენი აქვს უკვე გაკეთებული საქართველოს თვალსაზრისითაც, რომ, ალბათ, ამაზე დასავლეთი უარს ვერ იტყვის და რუსეთის ამ მუქარის გამო აქედან ის ხელს არ დაიბანს, როგორც იტყვიან. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის, აი, ეს განცხადება და შემდგომ მსგავსი აგრესიული მოქმედებები, თუნდაც განცხადების დონეზე, უბრალოდ, უკვე წარსული დროით მოქმედებაა და უფრო მეტ წაგებას მოუტანს რუსეთს იგივე აშშ-სთან ურთიერთობაში.“[სტილი დაცულია]

12 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული შერბილებული განცხადების შინაარსიდან ნათელი გახდა, რომ რეალობა, მართლაც, ასეთია.
XS
SM
MD
LG