Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა: ის რომ ერაყი დიდი ხნის განმავლობაში უგულებელჰყოფს გაეროს რეზოლუციებს

განიარაღების შესახებ, ძირს უთხრის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრესტიჟს.

გაეროს ბევრმა წამყვანმა წევრმა- დადებითად მიიღო ბუშის მოწოდება ერაყის წინააღმდეგ უშიშროების საბჭოს ახალი ინიციატივების თაობაზე, თუმცა არც-ერთ მათგანს არ გამოუთქვამს სურვილი, დაუყოვნებლივ მიიღოს მონაწილეობა მაიძულებელ ოპერაციებში.

უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის წარმომადგენლები პარასკევს განიხილავენ ახალ რეზოლუციას. საფრანგეთი უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ ვილპენმა თქვა, რომ, მისი აზრით, ძლიერდება კონსენსუსი სახელმწიფოებს შორის ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინთან ურთიერთობის საკითხში. და რომ პარიზი იზიარებს ვაშინგტონის აზრს, რომ ერაყი საშიშროებას უქმნის მსოფლიოს.

[ვილპენის ხმა] “ის, რომ ერაყი ეურჩება უშიშროების საბჭოს მოთხოვნებს, წარმოშობს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების ახალ საფრთხეს და წარმოადგენს საშიშროებას რეგიონისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და თვით ერაყის მოსახლეობისთვისაც.”

ვილპენს არ დაუზუსტებია, რა სახის ზომებზეა ლაპარაკი. უშიშროების საბჭოს ქარტიის მიხედვით მას შეუძლია დააწესოს სანქციები, რაც ერაყის მიმართ უკვე ძალაშია, ან სამხედრო აქციებს მიმართოს.

ბრიტანეთმა, უშიშროების საბჭოს კიდევ ერთმა მუდმივმა წევრმა და შეერთებული შტატების უახლოესმა მოკავშირემ, აგრეთვე მოიწონა ბუშის გამოსვლა, ისევე, როგორც საბჭოს არამუდმივმა წევრებმა – ბულგარეთმა და ნორვეგიამ. მათ საბჭოს ერაყის ურჩობს წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდეს.

ქვეყნები, რომლებიც არ შედიან უშიშროების საბჭოს 15ი წევრის სიაში – ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, კანადა და პაკისტანი – მიესალმნენ ბუშის განზრახვას, იმოქმედოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უფლებამოსილების ჩარჩოებში.

თავის სიტყვაში ბუშიმა ერაყის რეჟიმის შეცვლა მოითხოვა. ამასთან აღნიშნა, რომ ერაყს ჯერ კიდევ აქვს შანსი, დაემორჩილოს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციას – დაწყებული განიარაღების პრობლემითა და დამთავრებული სპარსეთის ყურის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა დაბრუნების საკითხით.

ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს, თქვა ბუშმა, ერაყის მცდელობები, შექმნას ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არსენალი და შეამზადოს ინფრასტრუქტურა ბირთვული იარაღის შექმნისა და გამოყენებისთვის.

ბუშმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, თუ საჭიროდ ჩათვლის, ერაყის წინააღმდეგ ცალმხრივად იმოქმედოს. ამასთან, დამსწრეთა მისამართით თქვა: “თქვენ გაეროში მყოფ დელეგატებს გაქვთ ძალა გაუმკლავდეთ სადამსო.”

ერაყი ამბობს, რომ აღარ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს და თანახმაა ქვეყანაში გაეროს ინსპექტორების შეშვებაზე, თუ დაიწყება მოლაპარაკებები სანქციების გაუქმების თაობაზე.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, რომელიც სიტყვით ბუშზე ადრე გამოვიდა, მოუწოდა ერაყს საშუალება მისცეს ინსპექტორებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე განაახლონ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვა მან, უშიშროების საბჭოს მოქმედება მოუხდებაო.
XS
SM
MD
LG