Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩეჩენი მეომრების მესამე სახელმწიფოში გადაყვანაზე მუშაობენ


საქართველოს ხელისუფლება ხან უარყოფდა საქართველოში ჩეჩენი მეომრების ყოფნის ფაქტს, ხან კიდევ ადასტურებდა. ამ მერყევმა პოზიციამ წლების მანძილზე ბევრი გაუგებრობა წარმოშვა რუსეთთან ურთიერთობაში და,

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს გაუგებრობები სერიოზულ კრიზისად იქცა, ოფიციალურ თბილისს ჯერაც არ ჩამოუყალიბებია ერთიანი პოზიცია საქართველოში ჩეჩენ მებრძოლთა პრობლემასთან დაკავშირებით. მათ ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ისევ უარყოფს, ნაწილი კი აღიარებს და გამოსავალ გზებსაც ეძებს.

ოფიციალური თბილისი რუსეთს უმტკიცებს, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენ მებრძოლთა მცირე რაოდენობაღა თუ შემორჩა და ხეობისა და მთლიანად საქართველოს ტერიტორიის ინსპექტირებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს იწვევს. თუმცა რუს პოლიტიკოსებს და სხვა დამკვირვებლებსაც უჩნდებათ კითხვა, თუ სად გაქრა პანკისში წლების მანძილზე მყოფი ასობით შეიარაღებული ჩეჩენი. მითუმეტეს, რომ რუს სამხედროებსაც კი არ დაუფიქსირებიათ ჩეჩენი ბოევიკების საქართველოდან რუსეთში გადასვლა. აქ კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთიანი პოზიცია არ ჩანს, რაც მოსკოვს საფუძველს აძლევს, არ ენდოს თბილისის განცხადებებს.

როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს ხანებში აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ჩეჩენი მებრძოლების პრობლემა, რადგან ამას, რუსეთთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც მოითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ ჯერ კიდევ რუსეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებამდე წამოაყენა საქართველოდან ჩეჩენი მეომრების მესამე ქვეყანაში გადაყვანის წინადადება. მან ჩემთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ახლაც ამ იდეის მომხრეა.

[ჩხეიძის ხმა] „ამის გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ძალიან კარგი იქნება ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვისაც და თვითონ რუსეთისთვისაც. თუ როგორ განხორციელდება, აქ ათასნაირი ვარიანტია.“

ეს ვალერი ჩხეიძის პირადი მოსაზრებაა, თუმცა კი გაჩნდა ეჭვი, რომ იგი საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციადაც იქცა მას შემდეგ, რაც რუსულ საინფორმაციო საშუალებებში საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის რუსუდან ბერიძის გამონათქვამი გავრცელდა. „რია ნოვოსტის“ თანახმად, რუსუდან ბერიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა იპოვოს „მესამე ქვეყანა,“ რომელიც მზად იქნება მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი ბოევიკები. მისივე სიტყვების თანახმად, ჯერჯერობით ასეთი ქვეყნის პოვნა ვერ მოხერხდა.

მე დავუკავშირდი რუსუდან ბერიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ინფორმაციაა.

[ბერიძის ხმა] „უბრალოდ, ჟურნალისტი შემეკითხა, რას იტყვით მესამე ქვეყნის მონაწილეობაზე, ვთქვათ, აი, ამ მებრძოლების გადაყვანასთან დაკავშირებითო, და მე, უბრალოდ, ვუპასუხე, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს, თუმცა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ ყოფილა არავითარი მოლაპარაკება და მე ეს, რა თქმა უნდა, არც მითქვამს.“

ოფიციალური უარყოფის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ეს იდეა საქართველოს ხელისუფლების მსჯელობის საგანი გახდეს, მითუმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაში ნათლადაა გაცხადებული, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს ჩეჩენ მებრძოლთა მიერ საქართველოს დატოვებას.

სანამ ჩეჩენი ბოევიკების მესამე ქვეყნისთვის გადაცემის ვარიანტზე თბილისში აქტიური მუშაობა დაიწყება, მანამდე გასარკვევია რუსეთის დამოკიდებულება პრობლემის ამდაგვარი გადაწყვეტის მიმართ. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების მოსასინჯად იქნა გამოყენებული სოციალისტური პარტიის ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის მოსკოვში ვიზიტი.

რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს უნდა შესთავაზოს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი მეომრების მესამე ქვეყანაში გაძევების ან მესამე ქვეყნისთვის გადაცემის წინადადება. თუ როგორ შეხვდნენ რჩეულიშვილის ამ ინიციატივას მოსკოვში, ამას მისი საუბრიდან შევიტყობთ:

[რჩეულიშვილის ხმა] „სამწუხაროდ, მე რომ გითხრათ, რომ დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან რუსები, არა. ამ ჩეჩენი ბოევიკების თემა, საერთოდ, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, პირველ თემად არის წამოწეული რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა პოლიტიკოსი, ვისაც მე ვხვდები, გამოხატავს თავისი პრეზიდენტის მხარდაჭერას და ამიტომ არც ერთი კომპრომისული ვარიანტის სერიოზულ განხილვაში არ შემოდის.“

რჩეულიშვილი ფიქრობს, რომ ჯერ საჭიროა რუსეთის ნდობის მოპოვება საქართველოში დაკავებული 13 ჩეჩენი მეომრის გადაცემის გზით და უკვე შემდეგ - ჩეჩნების მესამე ქვეყანაში გადაყვანის გეგმებზე ლაპარაკი. თუმცა ამ ინიციატივის ხორცშესასხმელად თავად შეიარაღებული ჩეჩენი მეომრების თანხმობაცაა საჭირო, ხოლო ეს თუ რამდენად რთული მისაღწევია, ჩეჩნეთის დიასპორის ლიდერთან, ხიზრი ალდამოვთან, ჩემი სატელეფონო საუბრიდანაც გამოჩნდა.

ალდამოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მეომარი იმყოფება, ის საქართველოს მტერი არ არის და მისთვის არაფერი დაუშავებია. იგი მხოლოდ ჩეჩენი ლტოლვილების სხვა ქვეყანაში გადაყვანის მომხრეა. არადა, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ჩეჩნებმა თავად უნდა აღიარონ დანაშაული და მხოლოდ ამის შემდეგ, ყველა მხარის თანხმობის საფუძველზე, უნდა მოხდეს მათი გადაყვანა მესამე ქვეყანაში სასჯელის მოსახდელად ან კიდევ თავშესაფრის მისაღებად.
XS
SM
MD
LG