Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის წაუყენა ჯორჯ ბუშმა ულტიმატუმი ერაყს თუ გაეროს?


აშშ-ის პრეზიდეტმა ჯორჯ ბუშმა გაეროს მიანდო ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების შესაძლებლობის საკითხი. ახლა სიტყვა გაეროზეა, რომელსაც მიეცა შანსი დაამტკიცოს,

რომ მართლაც არის სახელმწიფოთა ერთობა, რომლის სიტყვას წონა აქვს. სხვა შემთხვაში ყველა დარწმუნდება, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია უუნაროა. რა მოხდება თუკი გაერო ჯორჯ ბუშისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს?

ყველასათვის ცხადია ერთი რამ, მარტო შეერთებულ შტატებს ერაყის წინააღმდეგ ომი, სადამ ჰუსეინის ჩამოგდება, არ შეუძლია. ამას ადასტურებს ახლა მიმდინარე ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ავღანეთის ოპერაცია, რამაც შეერთებულ შტატებს თავისი შესაძლებობის საზღვარი უჩვენა. რა თქმა უნდა, მძლავრი სამხედრო სისტემის ამოქმედება და ქვეყნების დანგრევა, მათი მთავრობების შეცვლა შეიძლება, მაგრამ ყველა ჭკუათმყოფელს ესმის, რომ ასეთი მოქცევა შესაბამის ქვეყნებს ხეირს ვერ აყრის და ნანატრ - სტაბილურობის სახელით ცნობილ - სიკეთეს ვერ მოუტანს.
ეჭვობენ, რომ შეერთებული შტატები ერაყის მიმართ მუქარას საშინაო პოლიტიკური მოტივით ამძაფრებს. მიამიტობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ შეერთებული შტატატები ერაყის საშიშროების გამო თავის პასუხისმგებლობას აცნობიერებს მსოფლიოს წინაშე. ლაპარაკობენ კიდევ ნავთობზე, რომლის წარმოებასთან პირდაპირ არიან დაკავშირებული შეერთებული შტატების უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენელბი. რეგიონში მომხრე და მოკავშირე ვაშინგტონს ჰყავს. სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ საუდის არაბეთმა უკვე გამოუცხადა თანხმობა შეერთებულ შტატებს დაუთმოს პრინც ბინ სულთანის სამხედრო ბაზა. გადაწყვეტილი არ აქვს, მაგრამ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა კატარის ხელისუფლებამ.
საინტერესოა, როგორ რეაგირებს ერაყი ბუშის ულტიმატუმზე.
ერაყის ვიცე-პრემიერმა ტარიკ აზიზმა გაიმეორა ბაღდადის ძველი პოზიცია და უარი თქვა გაეროს ინსპექტორების ქვეყანში შეშვებაზე. მისი თქმით, ერაყი არ იღებს ბუშის პირობებს, არ აპირებს გაეროს ინსპექტორები შეუშვას ქვეყანაში. მისი თქმით, ეს პრობლემას არ ცვლის. აზიზის თანახმად, ერაყი მზად არის დაამტკიცოს, რომ რეზოლუციებს ასრულებს, თუკი იქ ჩავლენ ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები. ერაყის წარმომადგენელმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, თუკი უშუალოდ თავდასხმა დაგემუქრებათ, მაშინაც არ შეუშვებთ ინსპექტორებსო? აქვე შეგახსნებთ, რომ ერაყს ვერ უმტკიცებენ ვერც ტერაქტებში მონაწილეობას და ვერც მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას, ანუ რეზოლუციების შეუსრულებლობას.

ერაყის ვაჭრობის მინისტრმა მუჰამად მაჰდი სალიჰმა პირდაპირი მუქარა გამოთქვა ისრაელის მიმართ, რომ ამ ქვეყანას მძიმე დარტყმას მიაყენებს, თუკი თელ ავივი ომში ჩაერევა. ისრაელი, რომელიც შერთებული შტატების მოკავშირეა რეგინში, გაეროს მიერ პალესტინელებთან დაკავშირებით მის მიმართ მიღებულ რეზოლუციებს ფეხით თელავს დიდი ხანია და ამას შეერთებულ შტატებს შეახსენებენ ხოლმე, როცა გაეროს რეზოლუციების შესრულება- შეუსრულებლობაზეა ლაპარაკი. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატების თანადგომის გარეშე ისრაელი ამას არ აკეთებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG