Accessibility links

თბილისში რუსეთის კულტურის დღეები გაიხსნა


16 სექტემბერს თბილისში რუსული ხელოვნების ფესტივალი, “ვივატ სანკტ-პეტერბურგი,” გაიხსნა. რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ეს ფესტივალი რომ ჩაშლილიყო,

არავის გაუკვირდებოდა. მაგრამ სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმი ეწყობა და, როგორც ჩანს, წარმატებითაც - ფესტივალის ღონისძიებებზე, ფაქტობრივად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ომის მოლოდინში, საქართველოში კიდევ უფრო მეტად შეუყვარდათ რუსული ხელოვნება.

ალისა ფრეინდლიხი თბილისში სოჭიდან ჩამოვიდა, ე.ი. იმ ქალაქიდან, სადაც ისვენებდა ბატონი პუტინი და საიდანაც 11 სექტემბერს საქართველოს დაემუქრნენ. სპექტაკლი “ანათე, ანათე ჩემო ვარსკვლავო”, ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით, გრიბოედოვის თეატრში 20 და 21 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი რუსებმა ტოვსტონოგოვის აკადემიური თეატრის “არტი” წარმოადგინეს. სპექტაკლები გრიბოედოვის თეატრის ხალხით გადაჭედილ დარბაზში უჩვენეს. ფესტივალის ორგანიზატორმა, თბილისის რუსული კულტურის ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ნიკოლაი სვიტნიცკიმ სანკტ-პეტერბურგელი მსახიობების შესახებ აღნიშნა: “ესენი ხომ ის სახელოვანი ფიგურები არიან, რომელთაც საქართველოში მშვიდობის დამყარება სურთ, ფესტივალის მთავარი მიზანიც ხომ ესააო”. ფსიქოანალიზის ენაზე ამას “წამოცდენა” ჰქვია. გამოდის, რომ ფესტივალის მიზანი არა რუსული კულტურის დღევანდელი მიღწევების გაცნობა, არა თანამედროვე რუსული კულტურის – ვიხმაროთ ეს “დალოცვილი” სიტყვა – “პროპაგანდა”, არამედ “საქართველოში მშვიდობის დამყარება” ყოფილა... საქართველო კი, როგორც ვხედავთ, ასეთ “სამშვიდობო ძალებს” კვლავაც ყვავილებით და მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდება. ფესტივალის ორგანიზატორებისგან შევიტყვეთ, რომ რუსეთის დეპარტამენტის საგანგებო მითითებით, საზღვარზე სტუმრებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. როგორც ჩანს, თავის დროზე, ასეთი მითითება არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებისგან, როცა სავიზო რეჟიმის შემოღებისთანავე, ქართველ მსახიობებს განუწყვეტლივ ექმნებოდათ პრობლემები მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის აეროპორტებში.
შექმნილი სიტუაცია მოგვაგონებს ლუკინო ვისკონტის ფილმის, “გრძნობის,” პირველ ეპიზოდს, როცა ავსტრიის მიერ დაპყრობილ ვენეციაში, ვერდის “ტრუბადურის” პრემიერაზე, იტალიელები იარუსებიდან პროკლამაციებს ისვრიან: “ვივა იტალია! იტალიელებო, დაიბრუნეთ ღირსების გრძნობა!”. ჩემს კითხვაზე, “რა მოხდება, ასეთი პროკლამაციები რუსული კულტურის ფესტივალზეც რომ გავრცელდეს, დააპატიმრებენ თუ არა იმ მაყურებელს, რომელიც სანკტ-პეტერბურგელთა სპექტაკლებზე პროტესტის გამოხატვას მოინდომებს”, გრიბოედოვის რუსული თეატრის მთავარმა რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა მიპასუხა: “დაპატიმრებით არავინ დააპატიმრებს, შეიძლება სცემონო... “სცემონ”, რა თქმა უნდა, თანამედროვე რუსული კულტურის ქართველმა თაყვანისმცემლებმა, ე. ი. ქართველებმა ქართველებისგან დაიცვან რუსი მშვიდობის დამცველები... არტისტები.
XS
SM
MD
LG