Accessibility links

logo-print

ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამოცანები


ახლახან “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს “ოპოზიციის ტყუპი ლიდერი” უწოდეს. სინამდვილეში კი, შესაძლოა,

სულ ცოტა დრო დარჩა იმ პოლიტიკურ მომენტამდე, როდესაც ჟვანიასა და სააკაშვილის გუნდები აშკარად, საჯაროდ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ზურაბ ჟვანია დიდ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერით დამკვიდრდა, მიხეილ სააკაშვილი კი – ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით. დღეს სამივე ლიდერი დამოუკიდებელია და მათი საქმიანობა ადასტურებს, რომ პოლიტიკოსებს არ ჰყავთ მუდმივი მეგობრები, მათ აქვთ მუდმივი ინტერესები.

ვიდრე ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო სააკაშვილი იურიდიულ კომიტეტს და ფრაქციას ხელმძღვანელობდა, მათი ფუნქციები შესანიშნავად ერწყმოდა ერთმანეთს. ზურაბ ჟვანიას დინჯი პოლიტიკური გამოსვლები ზუსტად შეესაბამებოდა პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მიერ მთავრობის მწვავე კრიტიკა რეფორმატორთა გუნდის ერთიან პოზიციად აღიქმებოდა. ჟვანია მის ხელთ არსებული ბერკეტებით სააკაშვილს აძლიერებდა, სააკაშვილი კი, თავისი პოპულარობისა და მაღალი რეიტინგის წყალობით, - ჟვანიას.

ასეთი შეხმატკბილება ოთხ წელიწადს გაგრძელდა. შემდეგ კი პოლიტიკური პარტნიორების გზები ნელ-ნელა გაიყარა. სააკაშვილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საკუთარ რეიტინგს და ჟვანიას გუნდის წევრობას დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა არჩია. ჟვანია კი კარგა ხანს ცდილობდა, “უფროსი ძმის” როლი შეენარჩუნებინა: ენერგიულ მეგობარს მაჟორიტარულ არჩევნებშიც დაეხმარა, ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბებაზეც დასთანხმდა და პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქციის შესაქმნელად თავისი თანაგუნდელებიც წაახმარა.

ახალ პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც ედუარდ შევარდნაძე რეფორმატორთა გუნდს გაემიჯნა, სააკაშვილმა თავის ფუნქციას გაცილებით ადრე მიაგნო, ვიდრე ჟვანიამ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მთავრობის კრიტიკას თავი ანება და უშუალოდ პრეზიდენტს დაუპირისპირდა. პრეზიდენტმა ეს გამოწვევა მიიღო და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში წარმოიშვა ახალი ოპოზიციური წყვილი: შევარდნაძე-სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკურ სპექტრში საკუთარი ადგილის მოძებნამ დააჩქარა ზურაბ ჟვანიას ადგილისა და ფუნქციის განსაზღვრაც. ჟვანია, თავისი გაწონასწორებული და ფრთხილი ხასიათიდან გამომდინარე, ბუნებრივად აღმოჩნდა ცენტრში – კონსერვატორ შევარდნაძესა და რადიკალ სააკაშვილს შორის. როგორც კი ეს განლაგება გამოიკვეთა, მაშინვე გაჩნდა კითხვის ნიშანი – მოახერხებდა თუ არა ამ სამკუთხედის რომელიმე ორი სეგმენტი შეკავშირებას მესამის წინააღმდეგ. ახალგაზრდა ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციებს მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი სტრატეგიული პარტნიორები არიან. მაგრამ დრო და პოლიტიკური პროცესი ამ განცხადებებს არ ადასტურებდა. პრინციპული შეუთანხმებლობის არაღიარებულ წყაროდ, ცხადია, პრეზიდენტის პოსტი იქცა: ჟვანიას და სააკაშვილს უჭირთ “პირველი-მეორეზე” გათვლა.

ორიოდე კვირის წინ მოსწავლეთა სასახლეში პოლიტიკოსები ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს შეხვდნენ. ახალგაზრდა ლიდერები შორიშორს ისხდნენ და როგორც კი ჟვანია ტრიბუნასთან მიიწვიეს, სააკაშვილმა დარბაზი დატოვა. ნაციონალური პარტიის დამფუძნებელ ყრილობას კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საერთოდ არ დასწრებია. მანამდე, გაერთიანებული დემოკრატების მიერ დაწერილ და პარლამენტის მიერ მიღებულ მიმართვას - რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ – ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ სამმა წევრმა დაუჭირა მხარი.

დაპირისპირების ყველაზე სერიოზული ნიშანი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს განვითარების წინაპირობად მიაჩნია ხალხის ნების აღსრულება, თუნდაც საკონსტიტუციო ვადების დარღვევით; ხოლო ზურაბ ჟვანია კატეგორიულად ემხრობა საკონსტიტუციო ვადების დაცვას. გამოდის, ის, რაც მისაღებია სააკაშვილისთვის, მიუღებელია ჟვანიასთვის და პირიქით.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს ჟვანია და სააკაშვილი ერთმანეთს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდებიან, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი ინტერესები დაემთხვევა. სინამდვილეში, ეს შეიძლება არ მოხდეს, რადგან სააკაშვილი მომხრეებს ადვილად იძენს მოსახლეობაში, ჟვანია კი - საპარლამენტო დარბაზში. ძალების გაერთიანების შემთხვევაში, სააკაშვილის მაღალი რეიტინგი ჟვანიას გააძლიერებს. ამიტომაც, სააკაშვილი შეეცდება, ხელისუფლების ბედი პარლამენტის გვერდის ავლით გადაწყვიტოს. საპასუხოდ, ჟვანია შეეცდება, საზოგადოება სტაბილურობის აუცილებლობაში დაარწმუნოს. სააკაშვილის უპირატესობა მის პოპულარობაშია, ჟვანიას უპირატესობა კი - მის პოლიტიკურ ინტელექტში. არ არის გამორიცხული, სააკაშვილის ყველაზე საშიშ ოპონენტად ჟვანია ჩამოყალიბდეს, ხოლო ჟვანიას ყველაზე ძლიერ მეტოქედ – სააკაშვილი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მეტისმეტად ენერგიულია, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი – მეტისმეტად ჭკვიანი. საფიქრებელია, რომ მათი დაპირისპირების შემთხვევაში, გამარჯვება ვიღაც სხვას – მესამეს – დარჩება.
XS
SM
MD
LG