Accessibility links

logo-print

შესაძლოა თუ არა ამერიკელთა პირდაპირი მონაწილეობა პანკისის ანტიტერორისტულ ოპერაციაში


პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოში გაჩნდა ვერსია, რომ რაღაც ეტაპზე იგი გლობალური ანტიტერორისტული

ოპერაციის შემადგენელ ნაწილად იქცეოდა და მის მსვლელობაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა მხრიდან პირდაპირი სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ოფიციალური წყაროები დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ, 19 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტების ერთობლივი კომისიის სხდომაზე მომხდარი განხილვის შემდეგ ეს ვერსია კვლავ აქტიური მსჯელობის საგანი გახდა.

გასული წლის 15 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა თეთრი სახლისგან ოფიციალურად ითხოვა დახმარება პანკისის ხეობაში მყოფი საერთაშორისო ტერორისტების გასანადგურებლად. ამასთან, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ პირველად არ გამორიცხა პირდაპირი დახმარების შესაძლებლობა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ჩვენი ამერიკელი კოლეგები მეთოდოლოგიურ თუ სხვა პირდაპირ დახმარებას გაგვიწევენ იმისათვის, რომ მათი გამოცდილება გაგვიზიარონ."

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას არ გასჭირვებია სულ რამდენიმე თვეში შეექმნა მეთოდოლოგიური დახმარების პროგრამა, რომელიც "წვრთნისა და აღჭურვის" სახელწოდებითაა ცნობილი და ანტიტერორისტული ბრძოლისთვის საქართველოს სამხედრო ძალებისთვის 1400 მებრძოლის გაწვრთნას ითვალისწინებს.

ზედაპირული დაკვირვებაც ცხადყოფს, რომ სწორედ ამერიკული მეთოდოლოგიით ტარდება ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში, სადაც მთავარი აქცენტი არა მექანიზებულ შენაერთებზე, არამედ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილ მანევრულ ჯგუფებსა და მოულოდნელობის ეფექტზე კეთდება. გარდა ამისა, დაეყრდნო რა ამერიკულ დახმარებას, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა რუსული სამხედრო ტაქტიკის ისეთ მოძველებულ და არაჰუმანურ ელემენტებზე, როგორიცაა ეგრეთწოდებული "ზაჩისტკები" დასახლებულ პუნქტებში და, ერთი ბანდიტური ჯგუფის წილ, მთელი ტერიტორიების გადაბუგვა.

მაგრამ ამერიკული ანტიტერორისტული მეთოდოლოგიის წარმატება აუცილებლად გულისხმობს მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებას. ანუ ტერორისტთა წინააღმდეგობის დასათრგუნავად საჭიროა წერტილოვანი საავიაციო დარტყმებით მისი ბაზებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება. საქართველოში კი ტერორისთა მოსამზადებელი ბაზები ჯერჯერობით განაგრძობენ არსებობას.
ხუთშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტების ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამერიკის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლ ვოლფოვიცი ესწრებოდა, სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გრეჰემი დაინტერესდა, თუ რატომ არ იქცა ტერორისტთა ბანაკები საქართველოსა და იემენში იმ ომის ობიექტად, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებენ.

ამ პრობლემით კონგრესმენთა დაინტერსება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს დავალებას ამერიკის მთავრობისადმი, თუმცა სამხედრო ექსპერტები საქართველოში არ გამორიცხავენ, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის გარკვეულ ეტაპზე, მეთოდოლოგიურის გარდა, პირდაპირი სამხედრო დახმარების საკითხიც დადგეს. მოვლენების ამგვარი განვითარების ალბათობას დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენარალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვისა და შეიარაღების კონტროლის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახა კაციტაძე, თუმცა ჯერჯერობით - მხოლოდ პირადი აზრის დონეზე და გარკვეული საშიშროების არსებობის პირობებში.

[კახა კაციტაძის ხმა] "თუკი ეს პროექტები - გაზსადენის ენერგოპროექტები, თუკი ნატოს გაფართოებას პროექტები დადგა საფრთხის ქვეშ. კედევ ერთი აუცილებლობა არის ის, რომ რუსეთი არ დასჯერდება დესტაბილიზაციას საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, მე ვისთანაც მილაპარაკია ამერიკელ ექსპერტებთან, ისინი ერთი აზრის არიან, რომ ერთ-ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძალით რუსეთის ჰეგემონიის დამყარება გამოიწვევს იგივე ქმედებებს სხვა რესპუბლიკების მიმართაც. " [სტილი დაცულია]

მაშინ, როცა ტერორისტების განადგურების საბაბით საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა რუსეთის ავიაციის მიერ კვლავაც რეალურ საშიშროებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG