Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შესაძლებელია ქართული პოლიტიკური სპექტრის მობილიზაცია


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე დღეა, საქართველოს პარლამენტში - საერთოდ, პოლიტიკურ სპექტრში - საინტერესო ვითარებაა: დსთ-ს სამიტზე პრეზიდენტ შევარდნაძის გამგზავრების წინ პოლიტიკურ ძალთა

წარმომადგენლები თითქოს კონსოლიდირებას ცდილობენ, გამოდიან მოწოდებებით, რომ აუცილებელია ხელისუფლების მომხრეთა და ოპოზიციის შეკავშირება, რათა უმაღლეს ხელისუფალს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს და მხარდაჭერა ეგულებოდეს ქვეყანაში. ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსის თავმჯდომარემ, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა გიორგი კობახიძემ ახალი ტერმინიც შემოიტანა: პოლიტიკური სპექტრის მობილიზაცია.

[გიორგი კობახიძის ხმა]: “მობილიზაცია ეხება ერთადერთ საკითხს: როდესაც სხდებიან სასაუბროდ პუტინი და შევარდნაძე, რომელი არის ჩვენი კაცი. რაც უნდა უარყოფითად ვეკიდებოდე და ვაფასებდე შევარდნაძის მოღვაწეობას განვლილი წლების განმავლობაში, მაინც და აუცილებლად ამ დიალოგში, ამ ურთიერთობებში ჩვენი კაცი არის შევარდნაძე; არა მარტო იმიტომ, რომ ის საქართველოს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ ამ ურთიერთობებში საქართველო არის მართალი”.

გიორგი კობახიძის, პოლიტიკოსთა მობილიზაციასთან დაკავშირებული, ამ განმარტების წინააღმდეგი თითქოს ვინ უნდა იყოს, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები, საპარლამენტო ჯგუფების პოზიციები თუ ცალკეულ დეპუტატთა ქცევა რამდენადმე აბუნდოვანებდა, ერთი შეხედვით, მკაფიო აუცილებლობის შინაარსს: რა თქმა უნდა, ჯობს, პოლიტიკური სპექტრი კონსოლიდირებული იყოს, პრეზიდენტ შევარდნაძეს რუს ლიდერთან მოლაპარაკების წარმართვისას საიმედო დასაყრდენი ჰქონდეს შიდა პოლიტიკაშიც, მაგრამ რა ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ პოლიტიკოსებს, ვისაც შევარდნაძე შეიძლება დაეყრდნოს? ბოლო დღეებში პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის აქტივობამ და სახელმწიფო მინისტრის, ზოგჯერ კი პრეზიდენტის სახელით ლაპარაკმა, რაც მიმართული იყო მოსკოვში გასამგზავრებელი დელეგაციის თავკაცობის მისაღწევად, პოლიტიკით დაინტერესებული მოქალაქეები დააბნია: თუ შევარდნაძეს ძლიერი პოზიცია სჭირდება პუტინთან მოლაპარაკებისას, რაში სჭირდება რჩეულიშვილისა და მისი ჯუფთის პოლიტიკოსთა თანადგომა, ანუ პრორუსულ ძალებზე, როგორც დასაყრდენზე აპელირება შიდა პოლიტიკაში? რამდენიმე დღის წინ, რჩეულიშვილის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, რუსული პრესა ასე წერდა ქართველი ვიცე-სპიკერის შესახებ: “რჩეულიშვილმა განუცხადა რუს კოლეგას, რომ რუსეთი სრულიად სამართლიანად არის შეშფოთებული საქართველოში მებრძოლების ყოფნით, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში გაგებით ეკიდებიან რუსეთის სამართლიან პრეტენზიას, ხოლო პუტინის განცხადების რამდენიმე თეზისი შეიძლება დაუყოვნებლივ იქნეს აღსრულებული (იტარ-ტასის ინფორმაცია)”. დაბნეულობას აღრმავებდა ისიც, რომ რჩეულიშვილის გვერდით საპარლამენტო ბატალიების დროს აღმოჩნდნენ პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები, აღარაფერს ვამბობთ “მრეწველებისა” და “აღორძინების” გასაგებ ლაციცზე რუსეთის ლანდთან. პარტიები, რომელთაც უარი თქვეს პრორუსული ორიენტაციის გამოხატვაზე, ასევე იჩემებდნენ ამ კონკრეტულ სიტუაციაში შევარდნაძის კურსის მხარდაჭერას, რადგან მიაჩნდათ, რომ პრეზიდენტის პოზიციას მისი დასავლური პოლიტიკა და მისდამი დასავლეთის დამოკიდებულება აძლიერებს. ამ შიზოფრენიულ ვითარებას პარლამენტში თითქოს წერტილი დაესვა ხუთშაბათს, როცა რჩეულიშვილს საბოლოოდ უთხრეს უარი დელეგაციის ხელმძღვანელობაზე; ხოლო პრეზიდენტის მხარდამჭერ ფრაქციებს, კულუარული ინფორმაციით, მკვახედ შეუძახა თვითონ შევარდნაძემ, რომ იტყვიან, აზრზე მოსაყვანად. ეს მისია დაეკისრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მარიამ ცაცანაშვილს, რომლის საჯაროდ გაუმჟღავნებელ შეგონებათა შემდეგ პრეზიდენტის ფრაქციათა პრორუსულ-პრორჩეულიშვილური აქტივობა დაცხრა. ასე რომ, მთელი პოლიტიკური სპექტრის მობილიზაცია მაინც არ შედგება: პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ ინტერესები, რომელთა წინააღმდეგობა ყოველგვარ მაკონსოლიდირებელ ფაქტორზე ძლიერია. გამოსავალი რომელიმე ჯგუფის თუნდაც დროებით დასუსტებაა, რაც მოხდა კიდეც პარლამენტში 26 სექტემბერს.
XS
SM
MD
LG