Accessibility links

logo-print

რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი პარლამენტისთვის


საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, “წელიწადში ერთხელ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე”.

მიმდინარე წელს პრეზიდენტს პარლამენტში ჯერ საგაზაფხულო სესიაზე ელოდნენ, ახლა კი საშემოდგომო სესიის დაწყებიდან ელიან. როგორც კი დასახელდა კონკრეტული თარიღი – 26 სექტემბერი, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტისთვის მოხსენება უნდა წარედგინა, გაჩნდა ახალი პოლიტიკური ინიციატივა: ედუარდ შევარდნაძე პარლამენტს მხოლოდ იმის შემდეგ ეწვიოს, როდესაც ვლადიმირ პუტინს პირისპირ შეხვდება კიშინიოვის სამიტზე. პრეზიდენტმა ეს წინადადება მიიღო და მოხსენება გადადო.

რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა მოხსენების წაკითხვის თარიღს? რა აქვს ედუარდ შევარდნაძეს სათქმელი პარლამენტისთვის?

პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წაკითხვას კიშინიოვის სამიტამდე ან სამიტის შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, თუკი მოხსენების შინაარსი უშუალოდ დაუკავშირდება შევარდნაძე-პუტინის პირისპირ შეხვედრას.

კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება უნდა ეხებოდეს “ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს”. თუკი პრეზიდენტი საკონსტიტუციო მოთხოვნას პირნათლად შეასრულებს, მის მოხსენებაში, მართლაც, უნდა აისახოს პუტინთან პირისპირ შეხვედრის შედეგები. საკითხავი ისაა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის რა ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს ედუარდ შევარდანაძე და ვლადიმირ პუტინი და რას შეიძლება ველოდეთ ორი პრეზიდენტის შეხვედრიდან.

ბოლო ხანს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ულტიმატუმის ენით ესაუბრება. ეს ულტიმატუმი ღია ტექსტით მოითხოვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ შეწყვიტოს რუსეთის სახელმწიფოს მტრებთან და, იმავდროულად, ტერორისტებთან თანამშრომლობა; შეწყვიტოს მათი მფარველობა და წაქეზება. ულტიმატუმს ქვეტექსტიც ახლავს, რომელსაც ღია ტექსტად რუსეთის პოლიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები აქცევენ: რუსეთი ამა თუ იმ გზით მიაღწევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტად ითვალისწინებდეს რუსეთის კანონიერ ინტერესებს კავკასიაში. “ამა თუ იმ გზით” მიზნის მიღწევა, სინამდვილეში, სულ ორ გზას გულისხმობს – შევარდნაძის დაყოლიებას არათანასწორ ურთიერთობებზე, ან შევარდნაძის შეცვლას უფრო დამყოლი ლიდერით. სწორედ იმის გამო, რომ რუსეთს სამართლიანად მიაჩნია თავისი სახელმწიფო ინტერესების დაცვა კავკასიის რეგიონში, რუსეთის პრესაში საჯაროდ ქვეყნდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ნაირ-ნაირი გეგმა, ზოგჯერ, თვალსაჩინოებით და ნახაზებითურთ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ყველა პრორუსული პოლიტიკური ფიგურა ერთბაშად გააქტიურდა და ამოქმედდა: ჯუმბერ პატიაშვილი, ალექსანდრე ჭაჭია, ასლან აბაშიძე, ვახტანგ რჩეულიშვილი, მრეწველთა ფრაქციის ლიდერები; ამასობაში, მოსკოვიდან ვახტანგ ჭკუასელიც ჩამოვიდა და საინფორმაციო საშუალებები შემოიარა. მის მიერ გავრცელებული “მესიჯების” კვალს “ადგილობრივი” პოლიტოლოგების ინტერვიუებშიც ადვილად დაინახავს დაკვირვებული თვალი.

ედუარდ შევარდნაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშკარად იდგა იმ არჩევანის პირისპირ, რომ ან თავად უნდა გაეთვალისწინებინა რუსეთის ინტერესები, ან ამას გააკეთებდა ვინმე სხვა, ვინც მის ადგილზე მისგან დაუკითხავად დაჯდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე შემხვედრი ნაბიჯი გადადგა რუსეთის ინტერესების მიმართულებით და, ცხადია, გაჩნდა აზრი, რომ შევარდნაძე პუტინს სათანამშრომლოდ საკუთარ თავს სთავაზობდა.

თუმცა, რუსეთის წნეხის პასუხად და შევარდნაძის დამყოლი პოზიციის გასაბათილებლად, საქართველომ სწრაფად მიიღო დასავლეთის და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. თუ ედუარდ შევარდნაძეს კრემლში მოუხდებოდა წასვლა, ცხადია, რუსეთის პრეზიდენტს იგი დათმობათა პაკეტით ხელში უნდა სწვეოდა. ახლა კი, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე – კიშინიოვში ხვდებიან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ადგილი და პირობები გაირკვეოდა, საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილი ჰქონდა, ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზის ნაცვლად, ათწლიანი პერიოდის ანგარიშით წარმდგარიყო პარლამენტის წინაშე. ეს ნიშნავდა, რომ პრეზიდენტს სურდა, საკუთარი წარუმატებლობები საკუთარი წარმატებებით განეზავებინა და თავიდან აერიდებინა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა – რაც კონსტიტუციის მოთხოვნაა. დღეს, როდესაც მთავრობაში და მთავრობის გარეთ მყოფი ძალები დაუნდობლად უპირისპირდებიან ერთმანეთს; დღეს, როდესაც პრორუსული და პროდასავლური პოლიტიკური ძალები აგრეთვე დაუნდობლად უპირისპირდებიან ერთმანეთს; დღეს, როდესაც ქვეყნის ბედი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ძალთა ჭიდილში წყდება, ათწლიანი პერიოდის ზოგადი პანორამით პარლამენტში მისვლა ედუარდ შევარდნაძის მხრიდან სრულიად გაუგებარი და მიუღებელი ნაბიჯი იქნებოდა. პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის გადადებას, შესაძლოა, ის აზრი ჰქონდეს, რომ მისმა მოხსენებამ კონკრეტული შინაარსი შეიძინოს და მანიპულაციის ფუნქცია ნებაყოფლობით დათმოს.
XS
SM
MD
LG