Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაითამაშებს თუ არა რუსეთი პანკისის პრობლემის გამო ლიბანის სცენარს


საქართველოს ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს დაუმტკიცოს პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის ეფექტურობა.

ოფიციალური თბილისი, ასევე, ითხოვს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და რუსეთის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერი მონაკვეთის შემოწმებას, რათა ერთხელ და საბოლოოდ გაირკვეს, მართლაც არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების ბანაკები. საქართველოს ხელისუფლებას კიდევ დიდი პოლიტიკური ძალისხმევა დასჭირდება, რათა თავიდან აიცილოს რუსეთთან ურთიერთობის განვითარება ლიბანის სცენარის მიხედვით.

ჩეჩნეთის პრობლემატიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებული „ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის“ შემდგომი სიცოცხლისუნარიანობისთვის. ბოლო დრომდე საქართველო, ჩეჩენი ტერორისტების საწვრთნელი ბაზა თუ არა, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არტერია მაინც იყო იჩქერიის თავისუფლებისათვის მებრძოლთათვის.

ამ ფუნქციას ჩეჩნეთის კონფლიქტის დაწყების დღიდან, ძირითადად, დაღესტნის ტერიტორია ასრულებდა. დაღესტანში მოსკოვის ფედერალური ხელისუფლება სუსტად ვრცელდება და ამით სარგებლობდნენ ჩეჩნეთის ლიდერები, რომლებსაც დაღესტნურ კლანებთან იარაღისა და სხვა რესურსების ტრანზიტზე შეთანხმება არ გასჭირვებიათ. მოსკოვმა ამ არტერიის გადაკეტვა შამილ ბასაევის ცნობილი პროვოკაციული რეიდით მოახერხა, გადაჰკიდა რა ერთმანეთს ადგილობრივი კლანები და ჩეჩენი მეომრები.

შემდგომ ეტაპზე შედარებით შეზღუდულ სატრანზიტო დერეფნად აზერბაიჯანი იქცა, თუმცა ეს მიმართულებაც მალევე ჩაიკეტა ბაქოზე მოსკოვის ზეწოლისა და აზერბაიჯანში ვაჰაბიზმის გავრცელების საფრთხის გამო. შესაბამისად, გარე სამყაროსთან ჩეჩნური წინააღმდეგობის კავშირის ერთადერთ არხად საქართველო დარჩა და, სხვა გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ამანაც განაპირობა თბილისზე ოფიციალური მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა.

ისიც ნათელია, რომ რუსეთს პანკისში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია არ აკმაყოფილებს, რადგან პანკისიდან ჩეჩენი მეომრების წასვლით თუ დისლოკაციის ადგილის შეცვლით არხის გადაკეტვის პრობლემა გადაუჭრელი რჩება. თვალსაჩინო ნიშანი იმისა, რომ სატრანზიტო არხი ჩაიკეტა, შეიძლება იყოს ჩეჩენი მეომრების განაწყენება საქართველოს ხელისუფლების ქმედების გამო და ამ ქმედებათა შესაკავებლად სამხედრო წინააღმდეგობის გაწევაც კი.

სანამ ასეთი არაფერი შეიმჩნევა, რუსული პრესა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის პოზიციის გაუთვალისწინებლად, აქტიურად განიხილავს საქართველოზე სამხედრო იერიშის მიტანის თემას.

ეს სამხედრო გეგმები ისრაელის გამოცდილებას, ძირითადად კი, ლიბანის პრობლემის გადაწყვეტის სცენარს ეყრდნობა.

1976-1982 წლებში ისრაელი ლიბანს პალესტინელი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა და მის ტერიტორიაზე ტერორისტების ბაზების განადგურებას მოითხოვდა. ამ ზეწოლის შედეგად, ლიბანის ხელისუფლებამ 1981 წელს პალესტინელი მებრძოლების ბუდედ ცნობილ ბექაას ველზე ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელა, რომლის შემდეგაც ოფიციალური ბეირუთი ირწმუნებოდა, რომ ლიბანში ტერორისტები აღარ არიან. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების დაუკითხავად, ისრაელის არმია 1982 წელს ლიბანში შეიჭრა და ბექაას ველზე სამხედრო ოპერაცია მაინც განახორციელა.

მოსკოვში კარგა ხანია შემუშავებულია საქართველოში ამდაგვარი სამხედრო ოპერაციის განხორციელების გეგმა. კრემლის ჩინოვნიკებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში სამხედრო შეჭრა რამდენად წარმატებული იქნება, ანუ შეძლებს თუ არა იგი ჩეჩენი მებრძოლების მკვებავი არხების გადაკეტვას; რუსეთის ხელისუფალს სხვა გამოსავალი თითქმის აღარ რჩება, მან ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს ტერიტორიიდან ჩეჩნური წინააღმდეგობის შეკავება თავის ხელთ არსებული ძალებით მაინც უნდა სცადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩეჩნეთის პრობლემა ისევ სასტარტო პოზიციას დაუბრუნდება, რომლის ნაწილობრივი შეცვლით დაიწყო პუტინის სახელისუფლებო კარიერა.

არის მოვლენათა განვითარების მეორე ჰიპოთეტური ვარიანტიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაბედული სამხედრო და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. კერძოდ, თბილისი ჩეჩენთა განაწყენებასა და შეიარაღებულ კონფლიქტსაც არ უფრთხის, სანაცვლოდ კი, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლს ამყარებს. ამ სცენარის განხორციელება შესაძლებელია ორი ქვეყნის - რუსეთისა და საქართველოს - ხელისუფალთა მყარი შეთანხმების საფუძველზე, რაც ამჟამად არსებული დაძაბული ვითარების პირობებში ყველაზე ოპტიმისტებშიც კი ეჭვს იწვევს.
XS
SM
MD
LG