Accessibility links

რა სოციალური პრობლემები აწუხებს პანკისის ხეობის მოსახლეობას?


პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის დროს საქართველოს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს,

ხეობაში კრიმინალური ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ ათი წლის განმავლობაში ცენტრისგან მოწყვეტილი მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას უამრავი ყოფითი პრობლემა დაუგროვდა. პანკისის ხეობაში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო ართულებს ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა ხეობის მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს.

სამხედრო ოპერაციის დროს, რა ხასიათსაც უნდა ატარებდეს იგი, ანტიკრიმინალურს თუ ანტიტერორისტულს, ადგილობრივი მოსახლეობის ფაქტორი გადამწყვეტია. თუ მოსახლეობა მხარს უჭერს სამხედროების მოქმედებას, ოპერაციას წარმატების დიდი შანსი აქვს.
პანკისში მცხოვრები როგორც ქისტი, ისე ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, საქართველოს შინაგანი ჯარების ხეობაში შესვლას თავიდანვე გაგებით შეხვდნენ. როგორც დუისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ, მწერალმა სულეიმან გუმაშვილმა განაცხადა, სპეცოპერაციის დაწყებას ისინი, ძირითადად, ორი პრობლემის მოგვარებას უკავშირებდნენ:

[სოლომონ გუმაშვილის ხმა] "ქართულ ჯარს შეუძლია წესრიგი დაამყაროს თავის ტერიტორიაზე და, საერთოდ, ჩვენ რუსები არც გვაინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანობა ჩვენ თვითონ დავამყაროთ და არავითარი რუსი ჯარისკაცის შემოსვლა საჭირო არ არის აქ."

ქართველი სამხედროების მიმართ კეთილგანწყობა პანკისის ხეობის მოსახლეობამ იმითაც გამოხატა, რომ ოპერაციის პირველსავე დღეს რამდენიმე ქისტი ახალწვეული ჩაირიცხა შინაგანი ჯარის რიგებში. არიან კონტრაქტით დაქირავებულებიც, რომლებიც, შინაგანი ჯარების სარდლის, გენერალ გია შერვაშიძის განცხადებით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, ხადორიჰესის საგუშაგოზე, იმყოფებიან.

[გია შერვაშიძის ხმა] "ძალიან მალე მთლიანად ყველა საგუშაგოზე იქნებიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები."

ქართველი სამხედროების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსაც, რომელთა რაოდენობა პანკისის ხეობაში 3700 ადამიანს აღწევს. ერთ-ერთი ლტოლვილი ჩეჩენი ქალის თქმით, ისინი დღემდე კოშმარივით იხსენებენ 23 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის ფაქტს, როცა მანათობელი ბომბებით მთელი ხეობა იყო გადანათებული. ახლა საშიშროებამ გაიარა, თუმცა პუტინის მუქარას, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია:

[ჩეჩენი ლტოლვილი ქალის ხმა] "აი, პუტინმა განაცხადა, რომ დაბომბავს აქაურობას, და მაშინვე შეწყდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების მუშაობა და ისინი აქ აღარც გამოჩენილან."

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დავუკავშირდით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის ოფისს, რომელიც ჩეჩნეთიდან ლტოლვილების სურსათით დახმარებაზე მუშაობს. პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწემ კელი ჰაინსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ვერავითარი პოლიტიკური განცხადებები ვერ აიძულებს მათ, შეწყვიტონ დევნილთა დახმარების გეგმიური პროგრამის განხორციელება.

[კელი ჰაინსის ხმა]" გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას საქართველოში ძლიერი სურვილი აქვს განაგრძოს დახმარების პროგრამა ლტოლვილებისათვის იმ მიმართულებით, როგორიცაა სურსათით მომარაგება, განათლება, საზოგადოებრივი მომსახურება და სხვა. ასე რომ, არავინ აპირებს დახმარებების შეჩერებას."

უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ოთხწლიანი იზოლაციისა, სოფელ დუისის მაცხოვრებლები ნაკლებად ლაპარაკობენ სოციალურ პრობლემებზე. მათ უფრო მეტად ის აღელვებთ, რომ დღემდე დაკავებულები არ არიან ის საშიში ბოროტმოქმედები, რომელთა წყალობითაც პანკისის ხეობა "დამნაშავეთა ანკლავის" სინონიმად იქცა.

[თამარ მარგოშვილის ხმა] "ჩვენს თვალში ვინც იყო აქ კრიმინალი, ისევ იმ ფორმაშია და ადრინდელი ეს ქათმის ქურდები და წვრილმანი ქურდები მიჰყავთ და მოჰყავთ. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს... ნარკოტიკებით, ადამიანებითაც ვინც ვაჭრობდნენ, ჩვეულებრივ."[სტილი დაცულია]

მეტიც, ხეობის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ პანკისში მყოფ დამნაშავეებს კვლავაც თბილისიდან მფარველობენ.
XS
SM
MD
LG