Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართოვდება ანტიკრიმინალური ოპერაციის ზონა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 3 ოქტომბერს შიდა ქართლში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანით დაიწყება ანტიკრიმინალური ოპერატიული ღონისძიებები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გორში გამართულ გამსვლელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა ნარჩემაშვილმა, რომელიც შემაშფოთებელს უწოდებს ამ რეგიონში არსებულ კრიმინალურ ვითარებას.

ცხინვალის ხელისუფლების კატეგორიული პროტესტის მიუხედავად, 3 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო შიდა ქართლის რეგიონში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე, რითაც დაიწყება ადგილზე შექმნილი უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორების ღონისძიებები. შიდა ქართლის “დანაშაულებათა” სტატისტიკა კი ასეთია – ბოლო 9 თვის განმავლობაში მოხდა 87 შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა. მათი უმრავლესობა გაუხსნელია. ავტომაგისტრალებზე თავდასხმათა რაოდენობამ ბოლო თვეების განმავლობაში 40-ს მიაღწია. ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელთა განმარტებით, დამნაშავეობასთან ბრძოლას ართულებს ის, რომ ხშირად თავდამსხმელები თავს აფარებენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიას, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, შიდა ქართლის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის ნოდარ დალაქიშვილის განცხადებით, რეგიონში კრიმინალური ვითარება უაღრესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ცხინვალში ხელისუფლება შეიცვალა.
ასეა თუ ისე, ცხინვალის კატეგორიული პროტესტის მიუხედავად, – ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით, კრიმინალებთნ ბრძოლის საბაბით საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ოკუპაციას გეგმავს, – 3 ოქტომბერს რეგიონში პოლიციის დამატებითი ნაწილები შევიდა. ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისრტმა გორში გამართული სხდომის შემდეგ მიიღო. რა განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა – ამის თაობაზე ჩვენი გორელი თანამშრომელი გოგა აფციაური მოგითხრობთ:
[გოგა აფციაურის ხმა] “სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შიდა ქართლში მოხდება დამატებითი ოპერატიული ძალების შეყვანა, რადგან ადგილობრივ პოლიციას შესაძლებლობა არა აქვს ადგილობრივ კრიმინალთან საბრძოლველად. მინისტრის თქმით, არ იგულისხმება პანკისის მსგავსი ოპერაცია. ეს იქნება ოპერატიული ღონისძიებების გატარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ოსები წინააღმდეგნი არიან ასეთი ოპერაციისა, ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, შიდა ქართლის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი იღონოს.”
მართალია, ოფიციალური თბილისი მაქსიმალურად ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ შიდა ქართლში არ იგეგმება პანკისის ხეობის მსგავსი ანტიკრიმინალური ოპერაცია – მაგალითად, შიდა ქართლში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ შინაგანი ჯარის ნაწილები, მაგრამ ამჯერადაც წესრიგის დამყარების გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს. თუმცა, გოგა აფციაურის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი შიშობს, პროვოკაციის შედეგად, კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა ფართომასშტაბიან შეტაკებაში არ გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG