Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იკლავს თავს მამაკაცებზე გაცილებით ნაკლები ქალი?


მსოფლიოში ყოველწლიურად 1 600 000 ადამიანი ხდება

ძალადობის მსხვერპლი: იღუპება შეიარაღებული კოფლიქტების, მკვლელობის ან თვითმკვლელობის შედეგად. ამის შესახებ გვამცნობს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება სახელწოდებით ”ძალადობა და ჯანმრთელობა” 100-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული სამწლიანი გამოკვლევის საფუძველზე.

ასეთი გამოკვლევა გაეროს ისტორიაში პირველად ჩატარდა და მას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ძალადობა ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა, რომელიც მსოფლიოში ჯანმრთელობას ემუქრება. დღეს, საანგარიშო მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ეს ვარაუდი დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველ 100 წამში ერთი ადამიანი იღუპება შეიარაღებული კონფლიქტის, ყოველ 60 წამში მკვლელობის, ხოლო ყოველ 40 წამში თვითმკვლელობის შედეგად. დიახ, ბევრისთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ ძალადობის ჩამოთვლილი ფორმებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი თვითმკვლელობებს უკავშირდება – დღეს ამ საკითხს, უფრო ზუსტად კი სუიციდის გენდერულ ასპექტს მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას.

ზოგადად, ძალადობის გენდერულ ასპექტს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შევეხეთ, როცა ითქვა, რომ ქალები გაცილებით უფრო იშვიათად არღვევენ კანონს, ვიდრე მამაკაცები. ასეა მთელს მსოფლიოში, ანუ ქვეყნების სახელმწიფოებრივი თუ სოციალური მოწყობის მიუხედავად. მაგრამ, როგორც ირკვევა, ქალთა რიცხვი ძალადობის მსხვერპლთა შორისაც ნაკლებია: როგორც ”ძალადობისა და ჯანმრთელობის შესახებ” საანგარიშო მოხსენებაში ვკითხულობთ, ძალადობაა მამაკაცების 14 პროცენტის და ქალების მხოლოდ 7 პროცენტის სიკვდილის მიზეზი. და თუ ძალადობის იმ განსაკუთრებულ ფორმაზე ვილაპარაკებთ, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ არის მიმართული, აღმოჩნდება, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის სხვაობა კიდევ უფრო დიდია.

მაგალითად, საქართველოში 2000 წლის მაჩვენებლებით, თვითმკვლელებს შორის მამაკაცთა რიცხვი 4-ჯერ აღემატებოდა ქალების რიცხვს: კერძოდ, 100 000 ადამიანზე 6 თვითმკვლელი, აქედან 4,8 მამაკაცი, და 1,2 ქალი მოდიოდა. სხვათა შორის, სუიციდების რაოდენობით, მსოფლიო ლიდერის არასახარბიელო პოზიცია ერგო ლიტვას, სადაც 100 000 ადამიანზე 51 თვითმკვლელობა მოდის. ერთ-ერთ მომდევნო ადგილზეა რუსეთი (43 სუიციდი), რომელსაც კიდევ რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მოჰყვება, მათ შორის ყაზახეთი, სადაც შუა აზიაში ყველაზე მეტი – 100 000 ადამიანზე 37 სუიციდი მოდის. რატომ არსებობს დიდი სხვაობა ამ რეგიონსა და, მაგალითად, სამხრეთ ამერიკას შორის, სადაც სუიციდის მაჩვენებელი მეტად დაბალია- ამ შეკითხვაზე პასუხი მეტისმეტად შორს წაგვიყვანდა, ვინაიდან თვითმკვლელობას სოციალური, ეკოლოგიური, გენეტიკური, კულტურული ფაქტორები განაპირობებს.

მაგრამ ერთი რამ ცხადია: რა სხვაობაც უნდა არსებობდეს სხვადასხვა ქვეყანას, თუ რეგიონს შორის, თვითმკვლელობას უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები სჩადიან - რატომ? ამ შეკითხვით მივმართე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელს, ხოსე ბერტოლოტის: [ბერტოლოტის ხმა] ”ჩვენთვის ცნობილი არ არის ზუსტი პასუხი ამ შეკითხვაზე. ერთ-ერთ თვალშისაცემ მიზეზად, შეიძლება ითქვას, უმარტივეს ახსნად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თავის მოკვლის მცდელობისას მამაკაცები ქალებზე უფრო მომაკვდინებელ მეთოდებს მიმართავენ: იქნება ეს ცეცხლსასროლი იარაღის, დანის გამოყენება, თუ თავის ჩამოხრჩობა. მაშინ, როცა ქალები თავს იწამლავენ, ან ვენებს იჭრიან და გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. არჩევანს კულტურული თავისებურებებიც განაპირობებს: მრავალ ქვეყანაში ტრადიცია ქალსა და იარაღს შორის ერთგვარ ბარიერსა ქმნის და ქალების დიდ ნაწილს იარაღზე ხელი არ მიუწვდება.”

მაგრამ, თუ საქმე კულტურისა თუ ტრადიციის თავისებურებებზე მიდგა, იქნებ იმის თქმაც შეიძლებოდეს, რომ ქალები უკეთ ეგუებიან გარემოს, უფრო ხშირ შემთხვევაში არიან კმაყოფილი, გნებავთ ბედნიერი ოჯახში, თუნდაც შვილების გამო? [ბერტოლოტის ხმა] ”ვერ გეტყვით- ეგ ქალებს ჰკითხეთ! ბედნიერების, კმაყოფილების შესახებ გამოკვლევა არასოდეს ჩაგვიტარებია. საუბედუროდ, ჩვენი ყურადღების ცენტრში, ასე ვთქვათ, ”ცუდი ამბებია” მოქცეული: სიკვდლიანობა, დაავადებები. არ გაგვაჩნია საზომი კმაყოფილების, ბედნიერების შესასწავლად”, – მიპასუხა ხოსე ბერტოლოტიმ. თუმცა, მისივე თქმით, არც თუ იშვიათად, ოჯახის ფაქტორი მართლაც განაპირობებს ქალების მოქმედებას: [ბერტოლოტის ხმა] ”ზოგ ქვეყნის კულტურას ეს ახასიათებს. ქალებს უთქვამთ, ”სასოწარკვეთილი ვარ – შვილები რომ არ მყავდეს, თავს მოვიკლავდიო”. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ქვეყნები, სადაც ოჯახის დასაცავად, ოჯახის ღირსების დასაცავად ვალდებული ხარ თავი მოიკლა - და ეს, ჩვეულებრივ, მამაკაცებს ეხება. ამის კლასიკური მაგალითია იაპონია”.

ღირსების დაცვის კონტექსტში კიდევ ერთი კლასიკური მაგალითის გახსენება შეიძლება – ეს არის ლუკრეცია, რომლის შესახებ ოვიდიუსი, მოგვიანებით შექსპირი მოგვითხრობენ. ეს არის ტრაგედია ქალისა, რომელიც გაუპატიურებით დაკარგული ღირსების დასაბრუნებლად ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს. საერთოდ, ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია ქალის თვითმკვლელობის სცენებით - რად ღირს თუნდაც მადამ ბოვარის და ანა კარენინას მაგალითები, რომ აღარაფერი ვთქვათ აბესალომსა და ეთერზე, ან რომეოსა და ჯულეტაზე. მაგრამ თუ ეს ტრაგიკული გმირები ზოგადი განათლების განუყოფელ ნაწილად იქცნენ, ბევრისთვის შესაძლოა სავსებით უცნობი იყოს ის, რასაც ახლა, გადაცემის ბოლოს მოისმენთ ხოსე ბერტოლოტისაგან: [ბერტოლოტის ხმა] ”საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში ასეთია - თვითმკვლელობის 4 მსხვერპლიდან 3 არის მამაკაცი და ერთია ქალი. მაგრამ, ასევე საუშალო მაჩვენებლის მიხედვით, ქალებში მამაკაცებზე 8-ჯერ, 10-ჯერ უფრო ხშირია სუიციდის მცდელობა. რატომ? იმიტომ, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ერთია და თვითკმვლელობა მეორე. სუიციდის მცდელობისას იშვიათად თუ ისახავენ მიზნად სიკვდილს. უფრო ხშირად ეს არის დახმარების მოთხოვნის უკიდურესი ფორმა, პროტესტი, ეს არის სხვა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის აქტი. ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევები, როცა ტოვებენ ბარათს, რომელიც სხვების ბრალდების, დასჯის, შურისძიების ერთგვარი იარაღია. ასე რომ, როგორც თვითმკვლელობა, ისე თვითმკვლელობის მცდელობა შეიცავს სხვების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის კომპონენტს”.
XS
SM
MD
LG