Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შემდეგ რუსეთის პრესა


მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მომხდარი საზარელი ტრაგედიის შემდეგ რუსეთის პრესა, რომელიც შენობის შტურმამდე სიტყვის თავისუფლების შეზღუდულ რეჟიმში მოქმედებდა,

სულ უფრო აქტიურად ცდილობს პასუხების მოძებნას საზოგადოებაში დაგროვილ ყველაზე მტკივნეულ, შეიძლება ითქვას, ტრადიციულ შეკითხვებზე, კერძოდ კი, იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე მძევალთა მასობრივ დაღუპვაში და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რათა მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პატრიოტიზმი შურისძიების სინონიმად არ გადაიქცეს?

მწვავე შეკითხვების სიმრავლით ყვლაზე მეტად საინტერნეტო გამოცემა "გრანი რუ" გამოირჩევა. სტატიაში, რომლის სათაურია "გვაპატიეთ, რომ დაგხოცეთ,” ნათქვამია: “შტურმის დაწყების საბაბად მძევალთა დახვრეტა იქცა. არადა, ერთი დაღუპულის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არავინ აღმოჩნდა. სად არის მეორე მოკლული, რომლის არსებობასაც შტურმის ღამეს გვიმტკიცებდნენ? ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ხომ მხოლოდ დახოცილ ბოევიკებს აქვთ მიყენებული? მაგრამ მოკლულ ბარაევს ვეღარ დაკითხავენ, ამიტომ მეორე შეკითხვაც ჰაერში გამოეკიდება: რა დაემართათ ბანდიტებს, უეცრად ასეთი აბსტრაქტული ჰუმანიზმი რომ გამოიჩინეს? რა, გაზი დიდი დოზებით შეიჭრა და აღარ დაუტოვა მათ შანსი, აეფეთქებინათ შენობა? მაგრამ ასე ხომ არ ხდება.
და მაინც, ყველა შეკითხვაზე დღესვე შეიძლება ერთბაშად პასუხის გაცემა: ეს არის სახელმწიფოებრივი ზიზღი ადამიანების სიცოცხლისადმი, თანამოქალაქეების ტანჯვის, ტკივილისა და სასოწარკვეთის მიმართ". ასკვნის საინტერნეტო გაზეთი "გრანი რუ".

თუმცა ჰაერში გამოკიდება ნამდვილად არ ემუქრება მეორე შეკითხვას: შეიძლებოდა თუ არა შტურმის დროს მსხვერპლის თავიდან აცილება? - ამ შეკითხვას მიუკერძოებელი პასუხი რუსეთის ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ გასცა. 28 ოქტომბრის "მოსკოვსკი კომსომოლეცის" აზრით, მძევალთა დაღუპვა სპეცსამსახურის შეცდომებმა განაპირობეს.

"ქიმიური იარაღი, რომელიც მოსკოვის თეატრალურ ცენტრში სპეცრაზმელებმა გამოიყენეს, ინკაპასიტანია. ეს პრეპარატი, თეორიულად, მომაკვდინებლად არ ითვლება, თუ იგი ჯანმრთელ ადამიანზე ახდენს ზემოქმედებას. მაგრამ საქმეც ისაა, რომ მაყურებლებს შორის იმყოფებოდნენ მოხუცები, ბავშვები, ასთმიანი ადამიანები, რომელთათვისაც გაზი სასიკვდილო აღმოჩნდა. თანაც, მსხვერპლი შეიძლებოდა უმნიშვნელო ყოფილიყო, რომ არა შეცდომა სამხედრო ტოქსიკოლოგებისა, რომლებმაც სწორად ვერ დაგეგმეს შტურმის პროგრამა. სპეციალისტების თქმით, ვიდრე შენობიდან მძევალთა ევაკუაციას დაიწყებდნენ, მაშველებს მათთვის ანტიდოტის ხსნარი უნდა გაეკეთებინათ."

ოქტომბრის ტრაგიკულ გაკვეთილებზე ორშაბათის გაზეთი "იზვესტიაც" წერს, თუმცა, გაზეთის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა დასკვნებს გამოიტანს ამ ტრაგედიიდან რუსეთი.

"რუსეთი საუკუნეების განმავლობაში "ცაცია" იყო. ჩვენ შეგვიძლია მიკრონის მომზადება, მაგრამ ვერ ვისწავლეთ რადიომიმღების გაკეთება. ჩვენ ძალგვიძს ურთულესი ოპერაციის ჩატარება, მაგრამ არ შეგვიძლია ნაოპერაციევი პაციენტის მოვლა. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ სპეცოპერაციები, მაგრამ არ შეგვიძლია მათი თავიდან აცილება. და არასდროს ზუსტად არ ვიცით, გამარჯვების შემდეგ რა მოვუხერხოთ ამ გამარჯვებას."
გარდა ამისა, რუსეთში ასევე არ იციან, თუ რა მოუხერხონ შოვინიზმის იმ ახალ ტალღას, რაც კავკასიელებისა და მუსულმანების წინააღმდეგ ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ აგორდა. 28 ოქტომბრის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს:

"ნაციონალისტური განწყობილების გაღრმავება მოსკოვში მძევალთა აყვანის პირველი წუთებიდან დაიწყო. ხოლო პირველი ცნობები კავკასიელთა დარბევისა და ცემის შესახებ 24 ოქტომბერს გამოჩნდა. ხუთშაბათს, სადგურ "პეტროვსკო-რაზუმოვსკოედან" გამოსვლისას, ახალგაზრდა მოსკოველ ჭაბუკთა ბრბომ სასტიკად სცემა "კავკასიური გარეგნობის" მამაკაცს, ხოლო საპრუნოვის რაიონში უცნობმა ახალგაზრდებმა 15 წლის ქართველი მოზარდი დანით დაჭრეს. გაზეთის თქმით, რუსეთის მასშტაბით ეთნოკონფლიქტის ტალღის აგორებას ჯერჯერობით მხოლოდ სამართალდამცველთა მომეტებული სიფხიზლე უშლის ხელს. თუმცა "ნეზავისიმაია გაზეტა" ეჭვობს, რომ ეს სიფხიზლე, საუკეთესო შემთხვევში, მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG