Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კინოს დღეები თბილისში


1 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანში” რუსეთის კინოს დღეების ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი. მოსკოველი კინემატოგრაფისტების დელეგაციას რუსეთის კულტურის მინისტრი მიხაილ შვიდკოი ხელმძღვანელობს.

რუსი კინორეჟისორების ეს მოულოდნელი ვიზიტი უფრო პოლიტიკური ხასიათისაა, ვიდრე “კულტურული.”

რუსეთის კინოს დღეების ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ არაფერი იცოდნენ. არადა რუსი კინემატოგრაფისტების ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია თბილისს დიდი ხანია არ სწვევია... სხვა რომ არაფერი, ამ დელეგაციას რუსეთის კულტურის მინისტრი ხელმძღვანელობს, დელეგაციის წევრები კი დღევანდელი რუსული კინოს ლიდერები არიან: კარენ შახნაზაროვი, სერგეი შოკუროვი და სხვები. თბილისში რუსები ოთხ ფილმს უჩვენებენ, თუმცა პროგრამა მხოლოდ სამშაბათს დაზუსტდა. თავიდანვე ცნობილი გახდა მხოლოდ, რომ რუსეთის დელეგაცია კრწანისის რეზიდენციაში დაბინავდება და რომ მოეწყობა რუსი და ქართველი კინემატოგრაფისტების მრგვალი მაგიდა, რომელზედაც ორი ქვეყნის კინემატოგრაფისტთა ურთიერთობის პრობლემები უნდა განიხილონ. რუსული კინოს დღეების ასეთი მოულოდნელი და ნაჩქარევი გამართვა ეჭვს იწვევს, რომ კინორეჟისორების ვიზიტი პოლიტიკური ხასიათისაა, მით უმეტეს, რომ, ჩვენი ინფორმაციით, ამ ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორად ვაჟა ლორთქიფანიძე მოიაზრება. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ რუსული კინოს დღეები გაიხსნება ისტორიული ფილმით “ვარსკვლავი”, რომელშიც, ფილმის ანოტაციის თანახმად, ასახულია “რუსი ჯარისკაცების გმირობა მეორე მსოფლიო ომში”. ისიც ნიშანდობლივია, რომ პროგრამაში ჩართული ოთხი ფილმიდან ორი ომის თემას ეძღვნება. თბილისელი მაყურებელი ნახავს ალექსანდრე როგოჟკინის გახმაურებულ ფილმს “გუგული”, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, სხვათა შორის, ფინელი კამიკაძეა. პატრიოტული პათეტიკითაა სავსე პროგრამაში ჩართული ტრილერიც კი - ფილიპ იანკოვსკის ფილმი “მოძრაობაში”... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსი კინემატოგრაფისტები ცდილობენ დაანახვონ ქართველებს თავიანთი ძალა და შემართება - “პატრიოტული შემართება” და არა მხატვრული მიღწევები, რადგან ამ ფილმების მხატვრულ დონეზე დღეს თვით რუსი კინოკრიტიკოსებიც ქილიკობენ. თუმცა რუსებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ მოსკოველ კინემატოგრაფისტებს მათი ქართველი კოლეგები ყოველთვის თბილად და გულღიად მასპინძლობენ – ქართველი კინემატოგრაფისტების უმრავლესობას ხომ მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რაც იმას ნიშნავს, რომ “მრგვალ მაგიდაზე”, რომელიც თბილისში მოეწყობა, არა მარტო “ერთობლივ თანამშრომლობაზე კინოში”, არამედ, საერთოდ, “ერთობლივ თანამშრომლობაზე” ისაუბრებენ. კინოხელოვნება ყოფილ საბჭოთა კავშირში კვლავაც იდეოლოგიურ იარაღად რჩება. ქართველები უნდა დარწმუნდნენ, რომ რუსი მეომრები ადვილად უსწორდებიან ფინელ კამიკაძეებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG