Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურა, რომელიც მოსკოვის თეატრალური ცენტრის შტურმით


ცენზურა, რომელიც მოსკოვის თეატრალური ცენტრის შტურმით

აღების შემდეგ რუსულ მასმედიაში ამოქმედდა, როგორც ჩანს, არ შეეხო რუს კულტუროლოგებს. მთელი ერთი კვირაა უკვე, მოსკოვში დატრიალებულ მოვლენებს ისინი, ნაკლებად -“ტრაგედიას”, უფრო “აბსურდს” უწოდებენ; ამ მოვლენებისგან ცდილობენ შექმნან თავისებური “კოლაჟი”, რომელიც საზოგადოებას თეატრალურ ცენტრში განხორციელებული ოპერაციისგან გამიჯნავს. “კოლაჟის” ატრიბუტებია: ჰომოსექსუალისტთა კლუბიდან თეატრალურ ცენტრში შეჭრილი ჩეჩენი მებრძოლები, ჩადრიანი ქალები რევოლვერით ხელში, მობილური ტელეფონები, მომწამლავი გაზი, რუსული ტელეარხებით ნაჩვენები პატრიოტული ფილმები, პუტინის ბოდიში და, რაც მთავარია, მიუზიკლი, სახელწოდებით “ნორდ ოსტი,” რომლის რეიტინგი ამ ტრაგიკულ დღეებში განსაკუთრებით გაიზარდა. “ნეზავისიმაია გაზეტა” მკითხველს შეახსენებს გერმანელი კომპოზიტორის კარლ-ჰაინც შტოკჰაუზენის სიტყვებს: “11 სექტემბრის ტრაგედია ნიო-იორკში უდიდესი თეატრალურ-მულტიმედიური აქტიაო”... და გადაკვრით, მაგრამ მაინც ცდილობს “თეატრალურ-მუსიკალური” იერი მიანიჭოს ნორდ-ოსტის ტრაგედიასაც.

ასეთი წერილების კითხვისას ადამიანთა უმრავლესობას აუცილებლად აღაშფოთებს ცინიზმი, რომელიც პოსტმოდერნიზმის მკვლევარებს, განსაკუთრებით რუსეთში, სხვა დროსაც გამოუვლენიათ. თანამედროვე კულტურის ამ მიმდინარეობას, რომლისთვისაც შეუთავსებელი სახეებით თამაში და ირონია წმიდათაწმიდაა, საქართველოშიც იკვლევენ. მაგრამ საეჭვოა, “ნორდ-ოსტის აღების” მსგავსი ტრაგიკული ფაქტი რომელიმე ქართველისთვის ქილიკის ობიექტი გამხდარიყო... მიუხედავად იმისა, რომ ყოფა, რომელშიც დღეს ქართულ საზოგადოებას უხდება ცხოვრება, არაერთხელ მონათლულა როგორც “აბსურდი”; მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული “შავი იუმორი”, სიურრეალისტური აბსურდი თანამედროვე ქართული ხელოვნების განუყოფელი ატრიბუტია, - დიდი ხანია უკვე, დაწყებული ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან, - თანაც, ძალიან პოპულარული, რასაც ადასტურებს თუნდაც ანშლაგები, რომელიც თან ახლდა რუსთაველის თეატრის ახალ სპექტაკლს “გოდოს მოლოდინი”. “ახლდა”... იმიტომ, რომ ამ კვირაში რუსთაველელებმა ორი წლით დახურეს შენობა, რომელსაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს. თუმცა თეატრის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ თეატრის დასი კვლავ გააგრძელებს მუშაობას სამეფო უბნის ან გრიბოედოვის სახელობის თეატრის შენობაში.

სხვაგვარად არც იქნებოდა. მით უმეტეს, რომ რუსთაველის თეატრი დღეს სპექტაკლებს ხალხით სავსე დარბაზებში მართავს... თანაც, თბილისში ჯერ კიდევ ყველას არ უნახავს სტურუას “გოდოს მოლოდინი”... პიესა, რომლის პარიზულ პრემიერას 1949 წელს მაყურებლის აღშფოთება და სპექტაკლის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზის დაცარიელება მოჰყვა. “გოდოს მოლოდინი” მოგვიანებით დააფასეს. პიესა იმდენად პოპულარული გახდა, რომ თავად ბეკეტიც გაკვირვებული იყო. ნობელის პრემიის ლაურეატს ისიც უთქვამს: “ეტყობა, რაღაცეების შესწორება მომიწევს პიესაში, რომელიც რატომღაც წარმატებით სარგებლობსო.” 80-იან წლებში, როცა “ბეკეტისეული მოდერნიზმის” ეპოქა პოსტმოდერნიზმით შეიცვალა, “გოდოს მოლოდინს” შედარებით იშვიათად დგამდნენ. თავის გამოკვლევაში, რომელიც ლაკანის ფსიქოანალიზისა და პოსტმოდერნიზმის ეპოქას ეძღვნება, სლავოი ჟიჟეკმა საგანგებოდ გაიხსენა “გოდო”. ჟიჟეკი ამტკიცებს, რომ სიცარიელე, რომელიც დატოვებულია პიესაში, “ღმერთის”, ანუ “გოტ”-ის”, იმავე “გოდოს,” სიკვდილი თუ არარსებობა და, ამავე დროს, მისი მოლოდინი, პერსონაჟების ყოფნა არარსებული საგნის გარშემო - კლასიკური მოდერნისტული სახეა. “პოსტმოდერნისტი აუცილებლად გამოიყვანდა გოდოს სცენაზე, -–აღნიშნავს ჟიჟეკი. – იგი “ჩვენნაირი” იქნებოდა და, ამავე დროს, იმ საგნის როლს ითამაშებდა, რომელსაც ჩვენ ველოდით.” იმხანად, როცა ჟიჟეკის ტექსტი იწერებოდა, ავტორმა, უბრალოდ, არ იცოდა, რომ ბეკეტის პიესა ცოტა ხანში ისევ გახდებოდა პოპულარული - ირლანდიელი მწერლის ფრანგულ პიესას პოსტმოდერნიზმის ეპოქაც აღიარებდა, სადღაც თბილისში 2002 წლის ოქტომბერში მაყურებელი გაითავისებდა პიესის გმირების, ვლადიმირისა და ესტრაგონის, მოლოდინს, რომელსაც ხან “ღმერთთან შეხვედრის სურვილით” ნათლავენ, ხანაც “სიკვდილისთვის მზადებით”. ფაქტია, რომ უნდა ელოდო რაღაცას, თორემ სიცარიელეში აღმოჩნდები; უნდა გჯეროდეს, გწამდეს, რომ მოვა, მაშინაც კი, როცა იცი, რომ იგი არ მოვა არასდროს...

“გოდოს მოლოდინის” პრემიერამდე რობერტ სტურუამ ბეკეტის პიესით თავისი დაინტერესება იმით ახსნა, რომ “ჩვენ სულ რაღაცას ველოდებით”. იყო ერთგვარი ირონია მის ამ ნათქვამში, თუმცა, შესაძლებელია, ასეთი ნათქვამით კიდევ უფრო მეტად მიიზიდა მაყურებელი, რომელიც დღევანდელ ქართულ ყოფასაც “მარადიულ მოლოდინს” უწოდებს. სინამდვილეში, სტურუასთვის ბეკეტი, თუ შეიძლება ითქვას, “ესთეტიკური თანამოაზრეა”. “გოდოს მოლოდინში” არის ყველაფერი, რაც ძალიან უყვარს რობერტ სტურუას: მიუზიკჰოლის ელემენტები, ვოდევილი, ფარსი, კლოუნადა, ცირკი. ბეკეტი, ისევე როგორც სტურუა, “ქუჩის ენას” ანიჭებს უპირატესობას “ლიტერატურულ ენასთან” შედარებით – ვლადიმირი და ესტრაგონი ლაპარაკობენ უფრო იმიტომ, რომ “დრო გაიყვანონ” (რასაც თავად აღიარებენ), ამიტომ დიალოგების შინაარსს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარი უფრო “სიტყვების ნაკადია”, რაც სტურუას ყოველთვის უყვარდა. [ხმა: ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

ყოველთვის უყვარდა რეჟისორს ერთგვარი “ანტიფსიქოლოგიური თეატრიც”, როცა პერსონაჟის ბიოგრაფიას მნიშვნელობა მაინცდამაინც არ ენიჭება, როცა იქმნება ერთგვარი “დესტრუქტურირებული ტექსტი და გარემო”, გრამატიკული, სინტაქსური მთლიანობის პრინციპული დარღვევით, იმის გამოსახატავად, რომ სამყარო იშლება, ნამსხვრევებად იქცევა და ამ “აბსურდულ აპოკალიფსში” ადამიანებს მით უფრო სჭირდებათ ერთმანეთი...ისე, როგორც “გოდოს მოლოდინის” გმირებს, რომლებიც გადაჯაჭვულნი არიან პიესის ცარიელ სივრცეში. ბეკეტის ესთეტიკასა და სტურუას სტილს შორის იმდენი მსგავსებაა, რომ ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც – “რატომ არ დაიდგა რუსთაველის თეატრში “გოდოს მოლოდინი” აქამდე... ამ მსგავსებას ითვალისწინებენ მსახიობებიც: ზაზა პაპუაშვილი ზოგჯერ, თითქოს, რამაზ ჩხიკვაძის გმირების ასლს ამკვიდრებს სცენაზე, იმდენად ბაძავს მას მეტყველებით, პლასტიკით. როგორც ჩანს, სტურუამ ადვილად დაიმორჩილა სპექტაკლში მონაწილე სხვა არტისტებიც – ლევან ბერიკაშვილი, საფრანგეთიდან “გოდოს მოლოდინში” სათამაშოდ საგანგებოდ ჩამოსული ამირან ამირანაშვილი და, განსაკუთრებით, “კინომსახიობის თეატრის” მსახიობი გოგა გველესიანი, რომელიც აქ ლაქის როლს თამაშობს (პიესაში მას “ლუკი” ჰქვია) – მისი მოულოდნელი მონოლოგი სპექტაკლში სწორედ მაშინაა ჩასმული, როცა იქმნება საშიშროება, რომ მაყურებელი გადაიღალოს “გოდოს მოლოდინში”: ლაქის ექსცენტრიკა, რომელიც, ტრადიციულად, ხიბლავს ქართულ პუბლიკას, დარბაზის გამოცოცხლებას იწვევს. [ფრაგმენტი სპეტაკლიდან]

საერთოდ, წარმოდგენაში მაყურებელი უხვად იხილავს სტურუას ავტოციტატებს, რომელიც ზოგჯერ ეჭვს ბადებს, რომ სპექტაკლის ავტორს თავად სურს გვითხრას: “ნახეთ, რამდენი რამ გვაკავშირებს მე და ბეკეტსო,” ან კიდევ: “ნახეთ, რამდენი რამ გაკავშირებთ, ქართველებო, ბეკეტის გმირებთანო”... როგორც ჩანს, რობერტ სტურუა თავის თავს არ ღალატობს: მას კვლავ არა აქვს სურვილი ჩაუღრმავდეს დრამატურგიას, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე, “შევიდეს ტექსტში”; მას უფრო მოსწონს, როცა “თავისკენ” ქაჩავს პიესას და მაყურებელი კი არ მიჰყავს ტექსტთან, არამედ ტექსტი მოაქვს მაყურებელთან, ანუ როცა პიესის აქტუალურობას ამძაფრებს და კლასიკურ ან, ამ შემთხვევაში, მოდერნისტულ ტექსტს პოსტმოდერნისტულ კოლაჟად აქცევს. ამიტომაც იდგმებოდა “გოდოს მოლოდინი” სრული ანშლაგით. ბეკეტის გმირებმა სიამოვნება მოჰგვარეს იმ მაყურებელსაც კი, რომელსაც არ ესმოდა, რომ სპექტაკლის მსვლელობის დროს მობილური ტელეფონი უნდა გამოთიშოს. მობილურ ტელეფონებს ცირკსა და მიუზიკჰოლში ხომ იშვიათად თიშავენ... ბეკეტი, ჩართული მობილური ტელეფონები სპექტაკლზე, “ზვიადისტების” მიტინგები თეატრის წინ, მთავრობის სახლთან – ესეც ხომ კოლაჟია... რომელსაც საქართველოში, საბედნიეროდ, არა აქვს ტრაგიკული იერი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG