Accessibility links

logo-print

მეოცე საუკუნის მუსიკა მაჭავარიანის ინტერპრეტაციით


საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი აგრძელებს კონცერტების ციკლს, რომელიც ევგენი მიქელაძის დაბადების მეასე წლისთავს ეძღვნება. ორკესტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ

მაჭავარიანმა ამჯერად მეოცე საუკუნის მუსიკა აირჩია, ის ნაწარმოებები, რომელიც საქართველოში ძალზე იშვიათად სრულდება.

ვერდის “ფალსტაფისგან” განსხვავებით, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა, ევროპიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ მომღერლებთან ერთად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის ხალხით გადაჭედილ დარბაზში შეასრულა, მეოცე საუკუნის მუსიკას მხოლოდ კონსერვატორიის დიდი დარბაზი ერგო; ვახტანგ მაჭავარიანმა, როგორც ჩანს, ვერ გაბედა “მასობრივი” გაეხადა კონცერტი, რომელზედაც რიხარდ შტრაუსის ოთხი უკანასკნელი სიმღერა და ბელა ბარტოკის ოპერა “ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე” შესრულდა. თანაც, კანადელმა მომღერალმა ნაილა ვან ინგერმა “ფალსტაფზე” მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა თავი და არ არსებობდა არავითარი გარანტია, რომ თბილისელი მუსიკის მოყვარულები ისევ გაემართებოდნენ მის მოსასმენად... მიუხედავად ამისა, კონსერვატორიის დარბაზი სულ შეივსო, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში დღეს, ბოლოს და ბოლოს, მობეზრდათ ერთი და იმავე მუსიკის მოსმენა – ხალხს ახლის შეცნობის სურვილი აქვს, მით უმეტეს, რომ, თუ ბარტოკის ოპერა ასე თუ ისე ცნობილია საქართველოში, რიხარდ შტრაუსის სიმღერები პირველად შესრულდა. სწორედ ამის გამო სპეციალისტებსაც კი გაუჭირდათ ნაილა ვან ინგერის სიმღერის შეფასება, თუმცა ბარტოკის ოპერის ინტერპრეტაციამ განსხვავებული აზრი დაბადა: კრიტიკოსებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგალითად, ერთ-ერთი სოლისტის, ანატოლი საფეულინის, ვოკალური შესაძლებლობები. ბევრი კომპლიმენტი ერგო მეცო-სოპრანოს, კლარა ჩორდაშს, შეიძლება იმიტომ, რომ იგი წარმოშობით უნგრელია და ვინ, თუ არა უნგრელი მომღერალი, იგრძნობს ყველაზე კარგად ბარტოკის მუსიკის დისონანსებს, გამომსახველობით საშუალებათა ამ გასაოცარ სიძუნწეს.

მოკლედ, 10 ნოემბერს თბილისში მოსასმენად საკმაოდ ძნელი მუსიკა აჟღერდა. შტრაუსისა და ბარტოკის გვერდით საესტრადო ჰიტივით “ისმინებოდა” გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის ადაჟიეტო. იმ რაციონალიზმის ფონზე, რომელიც თან ახლდა ბარტოკისა და შტრაუსის შესრულებას, მაჭავარიანის მიერ ინტერპრეტირებული მალერი მეტისმეტად სენტიმენტალურად ჟღერდა. საერთო შთაბეჭდილება კი ასეთია: ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი კვლავაც ცდილობს გაათავისუფლოს ჩვენი მუსიკალური სამყარო ჩვეული სნობიზმისგან – მუსიკის უბრალო მოყვარულებს, და არა პროფესიონალებს, არ აძლევს საშუალებას თავი გამოიჩინონ და იმის შეფასება დაიწყონ, რაც პირველად გაიგეს ცხოვრებაში. თუმცა, ვინ იცის – ბარტოკისა და რიხარდ შტრაუსის შესრულება დღევანდელ საქართველოში, სადაც მასკულტურა ცხოვრების ყველა სფეროს მოედო, შეიძლება არის კიდეც ის, რასაც “სნობიზმი” ჰქვია.
XS
SM
MD
LG