Accessibility links

logo-print

ჩინეთის კომპარტიას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს


ხუთშაბათს პეკინში მუშაობა დაასრულა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის მე-16 ყრილობამ. სხვა დროს ამ მოვლენას ალბათ მხოლოდ ახალი ამბების გამოშვებაში გამოვეხმაურებოდით,

რადგან კომუნისტურ ქვეყნებში გამართული ყრილობები, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითზეც კარგად გვახსოვს, იშვიათად თუ იძლევა რამდენამდე მაინც სერიოზული მსჯელობის საფუძველს. ამჯერად ვითარება განსხვავებულია; თუნდაც იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობა.

საგრძნობლად გაახალგაზრდავდა არა მარტო კომპარტიის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის შემადგენლობა, არამედ პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაც. პარტიის ახალი ლიდერი, 59 წლის ჰუ ძინტაო 17 წლით უმცროსია თავის წინამორბედ ძიან ძემინზე, რომელმაც კომპარტიის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნა.

პეკინში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ჟურნალისტებს გააცნეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ახალი შემადგენლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ კომიტეტის წევრთა რიცხვი შვიდიდან ცხრამდე გაიზარდა.

გარეგნულად ყრილობა ნაცადი სცენარით წარიმართა: 2000-მდე დელეგატი ტაშით აჯილდოებდა გამომსვლელებს, რომლებიც ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ; დიდ სახალხო დარბაზში საზეიმო, "ამაღლებული" ატმოსფერო სუფევდა და ა.შ.

შეაჯამა რა ყრილობის მუშაობის შედეგები, პარტიის ახალმა ლიდერმა განაცხადა, რომ ყრილობა დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რადგან დელეგატებმა ერთხელ კიდევ გამოავლინეს "ერთიანობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სულისკვეთება".

[ჰუ ძინტაოს ხმა] ჰუ ძინტაომ დამსწრეთ საზეიმო კილოთი აუწყა, რომ ჩინეთის კომპარტია მომავალშიც უერთგულებს მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს, მაო ძედუნისა და დენ სიაოპინის ნააზრევს, იხელმძღვანელებს ძიან ძემინის მიერ შემუშავებული დოქტრინით, რომელიც პარტიაში შესასვლელ გზას, მუშათა და გლეხთა გარდა, მეწარმეებსაც უხსნის.

ამ უკანასკნელ ასპექტს მიმომხილველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. და ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეწარმეებს ჩინელი კომუნისტები ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინათ კლასობრივ მტრებად მიიჩნევდნენ. პოლიტიკური გეზის ესოდენ მკვეთრი შეცვლა კომუნისტებს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ პარტიას მჭიდროდ დაუკავშირონ ქვეყანაში მომრავლებული კერძო მეწარმეები, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო მიუახლოვდნენ საბაზრო ეკონომიკას, რომლის საწყისები ჩინეთში უკვე შეინიშნება.

კომპარტიის ხელმძღვანელობაში მომხდარ ცვლილებებზე ჩინეთის 1,3-მილიარდიანი მოსახლეობის რეაქციაზე საუბარი იოლი არ არის, რადგან ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მთლიანად სახელმწიფო აკონტროლებს. ახალი ლიდერები საიდუმლო ვითარებაში აირჩია (თუ დანიშნა) პარტიული იერარქიის უმაღლეს საფეხურებზე მყოფი მოღვაწეების მცირე ჯგუფმა.

ჩინეთის კომპარტიის ამგვარ რადიკალურ გადახალისებას ექსპერტთა დიდი ნაწილი კომუნისტური ჩინეთის ისტორიაში პირველ შემთხვევად მოიხსენიებს, როცა ძალაუფლება ერთი ხელიდან მეორეში რეპრესიებისა და ქაოსის გარეშე გადავიდა. სხვა საქმეა, რამდენად შეიძლება ამას "ერთი ხელიდან მეორეში გადასვლა" ვუწოდოთ. ყველასთვის ცნობილია, რომ კომპარტიის ახალი თავმჯდომარე, ჰუ ძინტაო კომუნისტების აწ უკვე ყოფილი ლიდერის ძიან ძემინის კაცია.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჟღერს რიგითი ჩინელის, ვინმე სუნ ჩენჟონგის სიტყვები, რომელიც მან რეიტერის ტელევიზიის კორესპონდენტს უთხრა:

[სუნ ჩენჟონგის ხმა] "პრეზიდენტ ძიან ძემინის მმართველობის 13 წლის მანძილზე ჩვენ ახალი გზით განვვითარდით. ეს განსაკუთრებით ითქმის ჩვენში დამკვიდრებულ სოციალიზმზე. უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადავჭერით სურსათის პრობლემა და ჩვენს მოსახლეობას საკვები საკმარისად აქვს."

ხოლო თავად ძიან ძემინმა თანამემამულეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობით, მისი ახალი გენერალური მდივნის ჰუ ძინტაოს მეთაურობით, მოწმენი გავხდებით ახალი ეტაპისა სოციალიზმის მშენებლობის პროცესში."

რომ იტყვიან, ტკივილამდე ნაცნობი სიტყვებია.
XS
SM
MD
LG