Accessibility links

საქართველო-რუსეთის საზღვრის ერთობლივი პატრულირების ახალი დეტალები


საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ორი ქვეყნის საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ დსთ-ს კიშინიოვის სამიტზე მიღწეული შეთანხმება თბილისში თავიდანვე გაუგებრობისა და ეჭვების საფუძვლად იქცა.

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და მხარეთა ინტენსიური მუშაობისა და შეთანხმების მიღწევის შემდეგაც კი მოსკოვსა და თბილისს საზღვრის ერთობლივი პატრულირება სხვადასხვაგვარად ესმით.

რუსეთში გამომავალი გაზეთი „კომერსანტი“ 18 ნოემბრის ნომერში იუწყება, რომ, თბილისში რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის სამხრეთ კავკასიის შტაბის უფროსის ვალერი პუტოვისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსის კორნელი სალიას მიერ 17 ნოემბერს ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ერთობლივი პატრულირების მექანიზმები ჩამოყალიბდა. ეგრეთ წოდებული პარალელური ბლოკპოსტებისა და პირდაპირი კავშირის, წინასწარი განგაშის სისტემისა და საზღვრის მახლობლად 1 კილომეტრის რადიუსში ჩეჩენი ბოევიკების ბანდების წინააღმდეგ ლოკალური საბრძოლო მოქმედებების წარმოების პირობებთან ერთად, განსაზღვრულია ერთობლივი პატრულირების ის დეტალებიც, რომელთა შესაძლო არსებობა ქართული საზოგადოების შეშფოთებას აქამდეც იწვევდა.

კერძოდ კი, „კომერსანტის“ ინფორმაციით, რომელიც თბილისში ხელმოწერილ ოქმს ეყრდნობა, რუსეთის ავიაციას უფლება ენიჭება, ქართულ მხარესთან შეთანხმებით, არა მარტო დაზვერვა აწარმოოს საქართველოს საჰაერო სივრცეში, არამედ საზღვრის 1 კილომეტრიან ზოლში კიდეც დაბომბოს საქართველოს ტერიტორია.

გაზეთ „კომერსანტის“ ამ ცნობას, რომლის ტირაჟირებაც მოახდინა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შალვა ლონდარიძემ ჩემთან სატელეფონო საუბრისას ასეთი შეფასება მისცა.

[ლონდარიძის ხმა] „ინფორმაცია, რომელიც რუსულმა მასმედიამ გაავრცელა, სრული პასუხისმგებლობით მსურს განვაცხადო, აბსურდული განცხადებაა, აბსურდული ინფორმაციაა და ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც, ბუნებრივია, არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება.“

თუმცა რუსულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებების თაობაზე ლონდარიძის მიერვე მოცემულ განმარტებებში ბევრი რამ „კომერსანტის“ ინფორმაციას წააგავს.
[ლონდარიძის ხმა] „- ერთობლივ ოპერაციებზე არაფერი არის ნათქვამი ამ დოკუმენტში? - განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია იყოს ჰაერიდან სადაზვერვო სამუშაოების ჩატარება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი მესაზღვრე ან, პირიქით, მისი რუსი კოლეგა დაზვერავს საქართველოს საჰაერო სივრცეს, ან, პირიქით დავუშვათ, ქართველი მესაზღვრე დაზვერავს რუსეთის საჰაერო სივრცეს. ეს იქნება შეთანხმებული გარკვეულ კოორდინირებულ მომენტამდე, გარკვეულ ზღვრამდე. მაგრამ ის, რომ, ვთქვათ, ქართველი მესაზღვრე ხელს ჩამოართმევს რუს მესაზღვრეს და ასე გაივლიან მთელს პერიმეტრს, ეს არის გამორიცხული.“

თბილისში აქამდე საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ მხოლოდ იმის აფიშირება ხდებოდა, რაც პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მწვავე რეაქციას არ გამოიწვევდა. ესენია: მესაზღვრეთა პარალელური საგუშაგოების, რადიო კავშირის პირდაპირი სისტემის მოწყობა, ერთობლივი სამეთაურო საშტაბო სწავლება და სხვ., თუმცა სავარაუდოა, რომ თბილისში ხელმოწერილი ოქმის არც სხვა პირობებს მოჰყვეს პოლიტიკოსთა პროტესტი, რადგან მათი უმრავლესობა თბილისის საკრებულოსა და მერიის ირგვლივ ამტყდარი აჟიოტაჟითაა დაკავებული. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ერთობლივი პატრულირება თოვლის დნობის შემდეგ, ანუ გაზაფხულზე, დაიწყება, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში მხოლოდ გაზაფხულზე გაეხვევა - მაშინ, როდესაც რუსული ავიაცია საქართველოს საჰაერო საზღვარს დაზვერვის მიზნით დაარღვევს ან ჩვენს ტერიტორიას დაბომბავს.
XS
SM
MD
LG