Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბორჯომის ხეობის ეკოლოგიური უსაფრთხოება


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი ბორჯომის ხეობაში რომ გაივლის, საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ამ რამდენიმე დღის წინ შეიტყო.

ნავთობსადენის პროექტის ინვესტორმა კომპანიებმა გარემოზე მილსადენის ზემოქმედების გაანგარიშება და ეკოლოგიური უსაფრთხოების პროექტი საზოგადოების განსახილველად ჯერ კიდევ 6 თვის წინ გამოაქვეყნეს, თუმცა ბოლო დრომდე, ექსპერტების გარდა, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

საქართველოს მოსახლეობის აზრი ბორჯომის ხეობაში ნავთობსადენის აშენების უარყოფითი მხარეების შესახებ, ძირითადად, საინფორმაციო საშუალებებით ყალიბდება. საზოგადოება ბოლო კვირის მანძილზე ტელეეკრანებზე ხედავს: ესპანეთის სანაპიროსთან ნავთობის დაღვრის ამსახველ კადრებსა და რუსეთში მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგებს. ამ ვიდეომასალის გავლენა იგრძნობა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელზეც, რომელმაც ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ვინაობის გამხელა არ ისურვა და, აი, რა განაცხადა:
[ბორჯომელი მოსახლის ხმა] “რომ გაჟონვა მოხდეს და მინერალური წყალი დაგვიზიანოს, ამით ხომ დაიღუპება საქართველო და, თუ ააცილებენ ბორჯომის ხეობას, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით.”

ასეთი მოსაზრების არგუმენტირება ბორჯომის საზოგადოებას ნავთობსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების პროექტის განხილვისას შეეძლო და ის გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, რადგან ინვესტორი კომპანიები მზად იყვნენ პროექტის განხორციელებამდე მოეგვარებინათ ყველა სადავო საკითხი.

საქართველოს მწვანეები კი სულ სხვა რამეს ირწმუნებიან. ისინი აცხადებენ, რომ გარემოზე ნავთობსადენის ზემოქმედების პროექტის განხილვაში თავიდანვე ჩაერთვნენ და მილსადენის მთავარ სპონსორს “ბრიტიშ პეტროლიუმს” სათანადო რეკომენდაციებიც მიაწოდეს.
მათ შორის იყო ბორჯომის ხეობის პრობლემის დაძლევის წინადადებაც. მწვანეების ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, რეკომენდაციების მომზადებაში მეცნიერებათა აკადემიაც აქტიურად მონაწილეობდა.

[გია გაჩეჩილაძის ხმა] “ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ვიცით სტრატეგიული მნიშვნელობა ამ ნავთობსადენისა. რაღაცა უცნაურ სიჯიუტესთან გვაქვს საქმე, 17 კილომეტრიანი მონაკვეთი რომ სამხრეთით ოდნავ გადაიტანონ, ამაზე არის ლაპარაკი, ამაზე აქვთ ქვა აგდებული და თავი შეშვერილი, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამას არ გავაკეთებთო.”

თუმცა თავად გიორგი გაჩეჩილაძეც აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მილსადენის მშენებლობის მარშრუტის კორექტირება მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად მოხდა. მაგრამ ეს პროექტის დამუშავების სტადიაში განხორციელდა და არა გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვის გაცემისას. ახლა საქართველოში სწორედ ეს უკანასკნელი ეტაპიღა, ანუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასკვნის მომზადება, დარჩა.

მილსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები პროექტის ქართული მხარის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ ასე ჩამოაყალიბა:

[გიორგი ჭანტურიას ხმა] “ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუ ნავთობსადენი ვერ დავიცავით, - ეს საქართველოს ვალდებულებაა, - ვერ მოვუარეთ და აფეთქდა, ააფეთქა ვიღაცამ, აი, თუ იქაც არ დავრწმუნდებით, რომ აფეთქების შემთხვევაშიც კი ეს ნავთობი არავითარ ზიანს არ მიაყენებს და იქნება სპეციალური სისტემები, რომლებიც ამას დაიჭერს, შეაკავებს და მოაგროვებს, და ეს არის პირობები დამტკიცების, მანამდე არ დაიწყება მშენებლობა.”

თუ ქართულ საზოგადოებრიობას ნავთობსადენის მარშრუტის შეცვლა ან, საერთოდ, საქართველოს ტერიტორიის გვერდის ავლით აშენება სურდა, ეს საკუთარი ხელისუფლებისათვის პროექტის დამუშავების პროცესში უნდა მოეთხოვა და არა იმ დროს, როდესაც ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია და ნაკისრ ვალდებულებებს შესრულება სჭირდება. ახლა კი საქართველოს მოსახლეობას დამატებითი ეკოლოგიური გარანტიების მიღების პერსპექტივაღა დარჩენია.

როგორც ჩანს, 30 ნოემბერს სწორედ ამაზე შეთანხმდნენ გარემოს დაცვის მინისტრი ნინო ჩხობაძე და “ბრიტიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლები. ნავთობსადენის მფლობელმა კომპანიებმა ბორჯომის ხეობის უსაფრთხოების დამატებითი პირობებისა და ალტერნატივების წარმოდგენის პირობა დადეს. ამ პირობის საფუძველზე გაიცემა ნინო ჩხობაძის უწყების დასკვნაც.
XS
SM
MD
LG