Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე დიუმას დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილ


ალექსანდრე დიუმას დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილ

ღონისძიებებს 4 დეკემბერს თბილისიც გამოეხმაურა. საფრანგეთის საელჩოსა და დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ინიციატივით, კინოთეატრ “ამირანში” დიუმას ხსოვნის საღამო მოეწყო. თბილისმა დიდი ფრანგი მწერლის სადღეგრძელო შესვა და გაიხსენა ადამიანი, რომელმაც საქართველოს “გაცოცხლებული გალათეა” უწოდა. დიუმას ხსოვნის საღამოს დაესწრო ჩვენი თანამშრომელი გიორგი გვახარიაც, რომელიც ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის,” დღევანდელ გამოშვებაში თავის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს. “ოქროს საუკუნეში” იმიტომ, რომ რადიო “თავისუფლების” ეს პროგრამა ისტორიის მიმართ ხელოვანის დამოკიდებულებაზე გვიამბობს. ალექსანდრე დიუმა კი ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, რომელიც ისტორიის ობიექტურობაში დაეჭვდა და ახალი ისტორია გამოიგონა.

[ტამტამების ხმა]

ასე დაიწყო ალექსანდრე დიუმას ხსოვნის საღამო, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა კინოთეატრ “ამირანში”, ე.ი. რამდენიმე დღით უფრო გვიან, ვიდრე საფრანგეთში, სადაც 30 ნოემბერს დიუმას ფერფლი პარიზის პანთეონში გადაიტანეს. დიუმამ თავისებური სამაგიერო გადაუხადა იმ ლიტერატურათმცოდნეებს, რომლებმაც იგი სიცოცხლეში არ დააფასეს. როგორც საფრანგეთის ელჩმა ქალბატონმა მირეი მიურსომ აგვიხსნა:

[მირეი მიურსოს ხმა, თარგმანით] “დიუმას დაბადების აღსანიშნავად საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი ფერფლი გადმოეტანა პანთეონში, იქ, სადაც დაკრძალულნი არიან საფრანგეთის საამაყო შვილები – ზოლა, ვოლტერი, ჰიუგო. 30 ნოემბრიდან ალექსანდრე დიუმას ფერფლი მათ გვერდით იმყოფება.”

დიუმას შემოქმედების ქართველმა თაყვანისმცემლებმა დიდი მწერლის იუბილე ოდნავ დაგვიანებით, ალბათ, იმიტომ აღნიშნეს, რომ პარიზიდან ქართველი მთარგმნელის გიორგი ეკიზაშვილის დაბრუნებას ელოდნენ. გაგახსენებთ, რომ ჟაკ შირაკის განკარგულებით, დიუმას ფერფლის პანთეონში გადასვენების ცერემონიას მსოფლიოს ყველა ქვეყნის თითო წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა – საქართველოდან ეს პატივი გიორგი ეკიზაშვილს ერგო. და სწორედ მან გვიამბო ამ ზეიმის შესახებ
[გიორგი ეკიზაშვილის ხმა]: “ალექსანდრე დიუმას “პანთეონიზაცია”... “პანთეონიზაცია” არის ახალი სიტყვა... დიუმა აგრძელებს სიცოცხლეს ამ ახალ სიტყვაში.”


დიუმა, მართლაც, აგრძელებს სიცოცხლეს, რომელიც მას გაგიჟებით უყვარდა – წერდა, მუშაობდა და დროს ტარებას, ქალებში ნავარდს და ფულის ფლანგვასაც ყოველთვის ასწრებდა. “ეს ადამიანი კი არა, ბუნების ძალაა,” – უთქვამს ალექსანდრე დიუმას შესახებ ისტორიკოს ჟიულ მიშლეს. მთელი მისი ცხოვრება – რომანია, ამბავი სიცოცხლეზე შეყვარებულ ჰერკულესზე და, თანაც, “ღორმუცელაზე”, რომელიც ჩქარობდა გაესინჯა გემო ყველაფრისთვის ერთად – ემოგზაურა, ეოცნება, დაეპყრო ქალები. “ბევრი საყვარელი იმიტომ მყავს, რომ ადამიანები მიყვარს. მხოლოდ ერთი რომ მყოლოდა, ეს ქალი ერთ კვირაში მოკვდებოდა,” – ამბობდა მწერალი. დიუმა გმირულად უძლებდა რასისტულ გამოხტომებსაც. ბალზაკის რეპლიკას - “ამ ზანგს ნუ შემადარებთ!”- მან ასე უპასუხა: მამაჩემი მულატი იყო, ბებიაჩემი – ზანგი, დიდი ბებია და დიდი ბაბუა კი, საერთოდ, მაიმუნები მყავდა. ჩემი გვარი იქ იწყება, სადაც თქვენი საგვარტომო მთავრდებაო.

ბუნებრივია, ასეთი ადამიანისთვის მოგზაურობა უდიდესი ვნება იყო. და საქართველოს, რაღა თქმა უნდა, ღირსეულად უნდა აღენიშნა დიდი მწერლის იუბილე. მეცხრამეტე საუკუნის 50-იან წლებში დიუმამ ხომ ყიზლარიდან ფოთამდე იმოგზაურა. საქართველოში თვენახევარი დაყო. გიორგი ეკიზაშვილის თქმით [გიორგი ეკიზაშვილის ხმა]: “ამ თვენახევარში იყო ქეიფი, იყო შეხვედრები. ეტყობა, დიუმამ რაღაც “დარტანიანისეული” დაინახა საქართველოში... დიუმამ აქ დაწერა ორი დიდი ნოველა, 380 გვერდი, უცნობი სრულიად – “ტიფლისი, 19 დეკემბერი”... თბილისში დაიწერა... უამრავ ქვეყანაში იყო. საბერძნეთში იყო მხოლოდ ხუთი დღე, აქ - თვენახევარი. ნახა გაჭირვება. მხოლოდ ერთი კაცი წაიყვანა, ქართველი ბასილა, რომელიც დაკარგულია, მაგრამ ვიცით, რომ არის გორელი ბასილა, რომელიც ჩავიდა პარიზში – გლეხი. – დიუმამ უთხრა: “ჩამოხვალ” პარიზში და “მუსიე დიუმას ეძახდა.”[სტილი დაცულია]

დიუმას ნაწარმოები “კავკასია” დასავლელი მწერლის ერთ-ერთი პირველი ცდაა, გააცნოს მსოფლიოს კავკასიელი ხალხის ყოფა, ტრადიციები, კულტურა. თუმცა გიორგი ეკიზაშვილის თქმით, არც ესაა მთავარი [გიორგი ეკიზაშვილის ხმა]: “ეს არ არის ტურისტის ჩანაწერები, ეს არ არის მოგზაურის ჩანაწერები, ესაა ნაწარმოები ადამიანისა, რომელიც ჩამოვიდა კეთილი ზრახვით, რომ გაეგო საქართველო.”

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზეზით აბრკოლებდა საბჭოთა ცენზურა ალექსანდრე დიუმას “კავკასიის” თარგმნას და გამოცემას. არადა, პირველად ეს ნაწარმოები ჯერ კიდევ 1861 წელს დაიბეჭდა თბილისში. სრული სახით “კავკასიის” ხელმეორე გამოცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ “პერესტროიკის” ეპოქაში, 1988 წელს. “საქართველო მხიარული მონა-ქალიაო,” –წერდა დიუმა. რას გულისხმობდა მწერალი? გიორგი ეკიზაშვილის აზრით [გიორგი ეკიზაშვილის ხმა]: “კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ დიუმა ჩოხაში გამოწყობილი. ასეთები იყვნენ... ეს ზანგური სისხლი, ზანგური ტემპერამენტი. ბებია ზანგი... ჩვენ არა ვთქვით “არსად ისე არ მღერიან, როგორც ამ ქვეყანაშიო, უკმარობის ნიაღვარიო”? – სწორედ “უკმარობის ნიაღვარი” იყო დიუმა. ეს დაინახა მან ქართველებში – დამონებულებში, მაგრამ “მფეთქავში.” იმ ძარღვს დაუგდო ყური დიუმამ... იმ ძარღვის სიყვარულით წერდა ასე.”[სტილი დაცულია]

საბჭოთა იდეოლოგია კავკასიაში დიუმას მოგზაურობას მაინცდამაინც არ ახსენებდა მკითხველს. 1979 წელს მოსკოვში საკმაოდ უნიჭო კომედია გადაიღეს (სხვათა შორის, რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით), სახელწოდებით “დიუმა კავკასიაში”, ალბათ, იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ ფრანგ მწერალს კავკასიაში მხოლოდ ქეიფი და ღვინის სმა მოეწონა და რომ თითქოს ქართველებს სხვა არაფერი უყვართ, “ღრეობის” გარდა. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ფილმი გორკის სახელობის საყმაწვილო და საბავშვო ფილმების სტუდიაში შეიქმნა. დიუმა ხომ საბჭოთა მოსწავლეების საყვარელი მწერალი იყო. აქაურმა იდეოლოგებმა მრავალგზის სცადეს რაღაც ალტერნატიული შეეთავაზებინათ ბავშვებისთვის. მაგრამ გაიდარის გმირების მსგავს “მოწესრიგებულ ხუთოსნებზე” საბჭოთა მოწაფეებსაც გული ერეოდათ. ამ პერსონაჟებს საკუთარი აზრი არასდროს ჰქონიათ: ისინი იმას აკეთებდნენ, რასაც მასწავლებლები, მშობლები, პიონერხელმძღვანლები უკარნახებდნენ. დიუმას გმირები კი ყოველთვის საკუთარი ნების მიხედვით იქცევიან, თავად იღებენ გადაწყვეტილებას და თავადვე აგებენ პასუხს საკუთარ საქციელზე. მათი საქციელი ლამაზია, არისტოკრატულია. ეს კი დიუმასთან იგივეა, რაც სიკეთე და სიმამაცე. იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, თუნდაც ფული გქონდეს, დრო გაატარო, ქალებს უყვარდე, კეთილშობილი საქციელი უნდა ჩაიდინო.

ბავშვებს ასეთი გმირები გაგიჟებით უყვარდათ, მათ ბაძავდნენ. რასაც ვერ ვიტყვით დიქტატორებზე. ალექსანდრე დიუმა მათ ჭირივით სძულდათ. ლენინის საყვარელი წიგნი “ბიძია თომას ქოხი” იყო, სტალინისა – “სპარტაკი”. სტალინმა 30-იან წლებში ალექსანდრე დიუმას რომანები ლამის აკრძალა კიდეც იმ მიზეზით, რომ დიუმას ნაწარმოებებში “არ იყო ისტორიული სიზუსტე”, “კლასთა ბრძოლა”, რომ დიუმას შეხედულება ისტორიაზე “ვულგარულ-ბურჟუაზიულია” და ა.შ. თუმცა ეს ბრალდება ძველთაძველი იყო. დიუმას სიცოცხლეშივე ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მისი რომანები ისტორიულ სიმართლესაა მოკლებული. ამ ბრალდებას თავის დროზე დიუმასადმი მიძღვნილ წიგნში ანდრე მორუამ გასცა ორაზროვანი პასუხი: “ისტორია ზოგჯერ არ არის მართალი და, სხვათა შორის, ზოგჯერ ყალბიც არის”. ამ ბრალდებას გიორგი ოკიზაშვილიც უარყოფს:
[გიორგი ეკიზაშვილის ხმა] ეტყობა, დიუმამ არ მისცა თავის თავს უფლება, სხვანაირად შეეხედა საქართველოსთვის. ჩამოვიდა, არ იცნობდა საქართველოს. თუმცა დიუმა ამბობდა: “მე ვძალადობ ისტორიაზეო”, ძალას ვხმარობ, ვაუპატიურებ, რათა გავაჩინო მშვენიერი ბავშვებიო. საქართველოში, ეტყობა, ნახა ის, რაც უნდოდა. დიუმა არ არის ისტორიკოსი. ისტორიკოსი წერს იმას, რაც იყო და რაც არის, დიუმა კი წერს იმას, თუ რისი დანახვა სურს. დიუმამ სიკეთე, სიყვარული დაინახა და ეს გაიტანა საქართველოდან.”

“უმოძრაობა – სიკვდილია,” – ამბობდა ალექსანდრე დიუმა. უაღერსად სიმბოლურია, რომ მისი დაბადებიდან 200 წლის შემდეგ ფრანგი მწერლის ფერფლი სენაზე შემოატარეს და დაკრძალეს იქ, სადაც ფრანგული კულტურის სასახელო შვილები განისვენებენ. “ერთი ყველასათვის – ყველა ერთისათვის!” – იტყოდა ისევ ალექსანდრე დიუმა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG