Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალისტურია მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა


საქართველოს მთავრობაში თითქმის 2 წელია მინიმალური ხელფასის გაზრდაზე მუშაობენ. შედეგად 2003 წლის ბიუჯეტში ხელფასების 30%-იანი ზრდა დაიგეგმა. მოულოდნელად კი ზურაბ ჟვანიას პარტია

გაერთიანებული დემოკრატები მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან, 115 ლართან, სასწრაფოდ გათანაბრების მოთხოვნით გამოვიდა. რამდენად რეალისტურია მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა?

2002 წლის ბიუჯეტის კანონის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა, რომ მინიმალური ხელფასი 20-დან 50 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საშემოსავლო გადასახადის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ოდენობის ხელფასის მიმღებ მოქალაქეებს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაეხადა. ეს საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. ამიტომ 2002 წელს ხელფასების მატებაც არ შედგა.

ამჯერად საშემოსავლო გადასახადის სისტემის საკანონმდებლო ცვლილებებიც მზად არის და 2003 წლის ბიუჯეტის პროექტში მინიმალური ხელფასის 20-დან 35 ლარამდე ზრდაცაა გათვალისწინებული. ასევე, დაახლოებით 200 მილიონი ლარით მოიმატებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილიც. როგორც ეკა წამალაშვილის მასალიდან შეიტყვეთ, გაერთიანებული დემოკრატები სწორედ ამის საფუძველზე მოითხოვენ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდას.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აკაკი ზოიძის განცხადებით, საარსებო მინიმუმთან მინიმალური ხელფასის ეტაპობრივი გათანაბრება მთავრობას 2005 წლისთვის აქვს დაგეგმილი.
[აკაკი ზოიძის ხმა] „ამაზე უფრო დიდი სიამოვნება, რომ მოსახლეობას ხელფასები მოვუმატოთ, მთავრობისთვის, მით უმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდში, ალბათ, შეუძლებელია უკეთესი ვარიანტი შესთავაზო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს დაარტყამს, რადგან ეკონომიკაში შეიძლება განვითარდეს უმართავი პროცესები."[სტილი დაცულია]

მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე უეცარი ზრდის გვერდით მოვლენებზე გაერთიანებულ დემოკრატებს სერიოზულად არ უფიქრიათ. ისინი მზა რეცეპტებს მთავრობის წევრებისგან ელიან. გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით:
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „დასათვლელია, აი, მე არ ვიტყვი და მე, ბევრისგან განსხვავებით, ფრთხილი ვარ ძალიან. აი, აქ, კარგი იქნება, მოვიდეს ეროვნული ბანკი, მან დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ანუ ფულის მასის ზრდა ბაზარზე რას გამოიწვევს. ინფლაცია როგორ გაიზრდება. როგორი იქნება სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდა, იქნება თუ არ იქნება და... ამიტომ პირველი მცდელობა არის, რა."[სტილი დაცულია]

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რეზო საყვარელიძის დეტალური გაანგარიშებით, დემოკრატების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 227 მილიონი ლარია საჭირო. საყვარელიძის უწყებამ დაამუშავა მინიმალური ხელფასის ზრდის ეტაპობრივი ვარიანტებიც, რომელთა განხილვა 23 დეკემბერს მთავრობისა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლების კონფერენციაზე გაიმართა. რეზო საყვარელიძემ ერთ კონკრეტულ მაგალითზე ისიც გამოიანგარიშა, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მინიმალური ხელფასის მყისიერ მატებას.

[რეზო საყვარელიძის ხმა] „იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალმა მიიღოს ამდენი ხელფასი, შესაბამისად უნდა გაიზარდოს სტანდარტის მოცულობა. და სტანდარტის მოცულობაში იგულისხმება ისიც, რომ პაციენტმაც უნდა გადაიხადოს გარკვეული წილი, რაც პაციენტის ჯიბესაც მნიშვნელოვნად დაარტყამს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს, - ამის პოტენციალი არის, - მაგრამ თანდათანობით."

სხვა უამრავ უარყოფით მხარესთან ერთად, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე ზრდის რეალურობას ისიც ამცირებს, რომ ბიუჯეტის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წარდგენილია, ხოლო მასში რადიკალური ცვლილებების შეტანა რთულ საფინანსო და პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG