Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში 2002 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დასახელდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაახალწლო დღეებში სხვადასხვა ხასიათის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების ტრადიცია საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც 2002 წლის დეკემბრის ბოლო დღეები აღმოჩნდა

- სხვადასხვა გაზეთის მიერ წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლინება გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ქვეყანაში არსებულ განწყობილებაზე. ვინ არის 2002 წლის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში?

გაზეთ ”კვირის პალიტრის” მკითხველებს ყველაზე პოპულარულ ადამიანად აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიაჩნიათ. გამოკითხვაში მონაწილე 400 რესპონდენტიდან 42 პროცენტმა ყველაზე პოპულარულად სწორედ თეთრი სახლის მობინადრე დაასახელა. გაზეთის ვარაუდით, მკითხველის არჩევანი 2002 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოების ფაქტმა განაპირობა - სწორედ 2002 წელს დაიწყო ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი სამხედროების მომზადებას. ალბათ, ურიგო არ იქნებოდა გაგვეხსენებინა 2002 წლის კიდევ ერთი იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ აშშ-ი საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის 2002 წლის 11 სექტემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ მოვლენათა განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ განცხადებაზე ოფიციალური ვაშინგტონის რეაქციამ. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა საქართველო ტერორისტთა მფარველ ქვეყნად შეაფასა და არც პრევენციული დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა გამორიცხა, პასუხად თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია და თავისი ტერიტორიის ტერორისტებისგან გათავისუფლებას საკუთარი ძალებითაც შეძლებს. სხვათა შორის, ამავე გამოკითხვის მონაწილეთაგან მხოლოდ 6-მა პროცენტმა დაასახელა პოპულარულ ადამიანად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. პოპულარობის თვალსაზრისით, საქართველოში იგი ჩამორჩება საერთაშორისო ტერორისტ უსამა ბინ ლადენსაც, რომელსაც პოპულარულად გამოკითხულთა 2 პროცენტი თვლის.
”დილის გაზეთმა” კი წლის აღმოჩენად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნია. მართალია, მთელი წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ხან ხელფასების დაქვითვით ემუქრებოდა კოლეგებს, ხან - ლამის მშობელთა კრების მოწვევით, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში იგი არც მაშინ იყო, როცა სხდომაზე პარლამენტარების თავის მოყრას ახერხებდა. 2001 წლის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევისას გამოთქმული არგუმენტი, რომ მამაკაცი-კოლეგების აგრესიაზე დადებითად იმოქმედებდა ხელმძღვანელი ქალბატონის ყოლა, მაინცდამაინც არ გამართლდა. მთელი წლის მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარეს მკაცრი კლასის დამრიგებლის არცთუ მომხიბვლელი როლის შესრულება უწევდა.

გაზეთ ”ალიას” მკითხველმა კი ყველაზე სკანდალურ პოლიტიკოსად სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი დაასახელა. ამ მხრივ, მან მიხეილ სააკაშვილი და გურამ შარაძეც კი უკან მოიტოვა. ამავე გაზეთის მკითხველმა ასევე ვახტანგ რჩეულიშვილს არგუნა მესამე ადგილი წლის ყველაზე მატყუარა პოლიტიკოსთა სიაში. ამ ნომინაციაში პირველ ადგილას პრეზიდენტი შევარდნაძე დასახელდა. განსხვავებული გემოვნება აღმოაჩნდა გაზეთ ”ტრიბუნის” მკითხველს, რომელმაც ყველაზე სანდო პოლიტიკოსთა სამეულში შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე მოაქცია. ყველაზე აქტიური პოლიტიკოსის სახელი კი მიხეილ სააკაშვილმა დაისაკუთრა.
სხვათა შორის, ვის-ვის და, მიხეილ სააკაშვილს 2003 წელი ნამდვილად განსაკუთრებული ექნება. როგორც 30 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალ წელს ის თემქის მოხუცებულთა თავშესაფარში შეხვდება, შემდეგ კი ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კარნავალში მიიღებს მონაწილეობას. იმედია, საკარნავალოდ მორთული ნაძვისხე თავისუფლების მოედნის მთავარი ნაძვისხის ბედს არ გაიზიარებს. როგორც გახსოვთ, შაბათს დედაქალაქის ყველაზე დიდი ნაძვისხე თბილისელებმა მერიისა და საკრებულოს წევრებთან ერთად მორთეს. კვირას კი ვიღაცამ ნაძვისხე გაძარცვა. შესაბამისად, ნაძვისხის უსაფრთხოების დასაცავად სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების მობილიზება გახდა აუცილებელი.
XS
SM
MD
LG