Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელს ეროვნული ვალუტა სტაბილური იყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის ლამის ერთადერთ პოზიტიურ მოვლენად საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ექსპერტები ეროვნული ვალუტის სტაბილურობას ასახელებენ. ლარი წლის მანძილზე ინარჩუნებდა

პოზიციას და ინფლაციაც დაგეგმილ პარამეტრს არ გასცდენია.

გაურესებული ეკონომიკური გარემოს, უარყოფითი საგადამხდელო ბალანსის და პერმანენტული საბიუჯეტო პრობლემების ფონზე, ქართული ლარის სტაბილურობა გასულ წელს ლამის ერთადერთ ეკონომიკურ მიღწევად აღიარეს.

2002 წელს ეროვნული ვალუტა ინარჩუნებდა სტაბილურობას და სამომხმარებლო ფასებიც ზომიერ ფარგლებში იყო მოქცეული. წლის ბოლოს ინფლაციის დონე 4 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა.

ახალი წლის წინ ლარის კურსი ტრადიციულ გამყარებას განიცდიდა, რასაც წინასაახალწლო ვაჭრობა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ინტენსივობა განაპირობებდა. ამ პერიოდში, ტრადიციულად, იზრდება საზღვარგერეთიდან ტრანსფერები, რაც სავალუტო ბაზარს დამატებით სტიმულს აძლევს. ახალი წლის შემდეგ ლარი ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა და ამჟამად იგი აშშ –ს დოლარის მიმართ 2.18-ის ფარგლებში მერყეობს.

წლის დასაწყისი, როგორც წესი, ყველაზე რთული პერიოდია სავალუტო ბაზრისათვის. ამ დროს ქვეყნის ისედაც მწირი საექსპორტო პოტენციალი საგრძნობლად არის შესუსტებული. ხდება ენერგოშემცველების იმპორტი. საგადამხდელო ბალანსი უკიდურესად არის გაუარესებული. ყოველივე ეს კი შიდა ბაზარზე მყარი ვალუტის დეფიციტს ქმნის. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ლარის კურსის დაცემას არ ვარაუდობენ, რაც, ძირითადად, ეროვნული ბანკის მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით აიხსნება.

ეროვნული ვალუტის სიმყარის გარდა, გასულ წელს კიდევ ერთი პოზიტიური მოვლენა აღინიშნა, რაც ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდასთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიღებული კრედიტებისა და შიდა ბაზარზე შესყიდული ვალუტის წყალობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი 200 მილიონ აშშ დოლარს ასცდა. ამგვარი მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

საფინანსო ექსპერტების გათვლებით, მიმდინარე წელი სავალუტო ბაზრისათვის სტაბილური იქნება. გაცვლითი კურსი ამჟამად არსებულ პოზიციას შეინარჩუნებს, ხოლო ინფლაცია 5 პროცენტის დონეზე არის ნავარაუდევი.
დიდი ნავთობსადენის პროექტის რეალიზაცია საქართველოში მნიშვნელოვან სავალუტო შემოდინებას გამოიწვევს, რამაც, თავის მხრივ, პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ეროვნული ვალუტის კურსზე.

ეკონომიკური კრიზისის და დაბალი საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ მოვლენად რჩება.
XS
SM
MD
LG