Accessibility links

ავარია გორი-ქვახრელის სარკინიგზო მონაკვეთზე. ვინაა გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებელი


გორი-ქვახრელის სარკინიგზო მონაკვეთზე 8 იანვარს მომხდარი ავარიის შედეგად, სულ 130 ტონა ნავთობი დაიღვარა. აქედან უმეტესობა ხანძრის დროს დაიწვა, ნაწილი კი 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაგუბდა.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გვაცნობეს, სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და საქნავთობს ნავთობის შეგუბების ადგილის დაუყოვნებელი ლიკვიდაცია დაავალა. საქმე ისაა, რომ ატმოსფერული ნალექების, განსაკუთრებით, წვიმის შემთხვევაში, ნიადაგის დაბინძურების მასშტაბი, შესაძლოა, საგრძნობლად გაიზარდოს. გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებლობას რკინიგზის დეპარტამენტი არ გაურბის, მაგრამ, როგორც იტყვიან, თავს დამნაშავედ მაინც არ ცნობს.

[გოგა აფციაურის ხმა]“ქვახრელი-გორის მონაკვეთზე, სარკინიგზო მონაკვეთზე, სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელზეც მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, დაახლოებით, 30 დატვირთული ცისტერნა, მოულოდნელად ჩაწყდა ბოლო 11 ცისტერნა. აქედან 2 ცისტერნა გადაბრუნდა და ჩამოწყვეტილი სადენებისგან შეიქმნა ნაპერწკალი და გაჩნდა ხანძარი.”
ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. სწორედ მან გვიამბო, რომ ვაგონებისა და გადმოღვრილი ნავთის გარდა, ცეცხლი ეკიდა ვაშლის ხეებსაც. ხანძარი მთლიანად 4500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. საბედნიეროდ, ნიავიც არ იძვროდა, რის გამოც ნამწვავი ხანძრის ადგილას დაილექა, თუმცა ვერსად გაექცევი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას. რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გუგული მაისურაძის თქმით, ავარია - ვაგონების ჩახსნა და ლიანდაგიდან გადმოსვლა - სატვირთო შემადგენლობის ბურთულა-საკისარის ჩაშლამ გამოიწვია.
[გუგული მაისურაძის ხმა] “შვეიცარიის საათი ფუჭდება, კაცო, თავის დროზე. აქ გასაკვირი არაფერი არ არის. თქვენ ერთი ნახეთ, 10 წლის წინ, როცა ყველაფერი მოდიოდა, ყველაფერი გვქონდა, წელიწადში 10-15 შემთხვევა იყო ასეთი და უარესი გაცილებით. ნუ გვიკვირს ასეთი ამბები. ეს რკინიგზაზე და ყველგან ხდება. ტექნიკაა ეს, ყველაფერი მოძრაობაშია.”
ამ დროისათვის მოძრაობა ავარიის მონაკვეთზე აღდგენილია და რკინიგზაზე შეფერხება არ არსებობს, თუმცა ძალაშია რკინიგზის დეპარტამენტის ანგარიშვალდებულება, ერთი მხრივ, ტვირთის პატრონის, მეორე მხრივ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და, მესამე მხრივ, მოსახლეობის მიმართ.
[გოგა აფციაურის ხმა] “პირობა დადო რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, რომ უახლოეს ხანებში ამ, ასე ვთქვათ, ეკოლოგიურ კატასტროფას თვითონვე აღმოფხვრიან. მხედველობაში ჰქონდათ ის, რომ ნიადაგის გარკვეულ ზედაპირს მოჭრიან და იქ, ვთქვათ, ახალ ნიადაგს, ახალ მიწას დაყრიან.”
დაბინძურებული ნიადაგის სინჯების შესწავლა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგანგებო ჯგუფს ჯერჯერობით არ დაუსრულებია, თუმცა მინისტრის მოადგილე აკაკი ფანჩულიძე ვარაუდობს, რომ ნიადაგის ზედაპირის მოჭრა საჭირო არ გახდება. ჯერჯერობით სამინისტროს არ დაუსრულებია გარემოსადმი ავარიისა და ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის დაანგარიშება. რაც შეეხება მოსახლეობას, მისთვის მთავარი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და სრულყოფილად შესრულებაა.
XS
SM
MD
LG