Accessibility links

logo-print

ვინ მოაგვარებს ჩრდილოეთი კორეის კრიზისს?


თუ ერაყის მიმართ ვაშინგტონი გადამჭრელი ზომების მისაღებად ემზადება და, როგორც ბევრი ვარაუდობს, მისთვის სამხედრო დარტყმის მიყენებისგანაც არ დაიხევს უკან,

ჩრდილოეთი კორეის საკითხში თეთრი სახლის ადმინისტრაციას აშკარად უფრო თავშეკავებული პოზიცია უკავია. არადა, ბაღდადისგან განსხვავებით, ფხენიანმა თავად აღიარა, რომ საიდუმლოდ მუშაობს ბირთვული შეიარაღების პროგრამაზე. გარდა ამისა, გასული წლის მიწურულს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების უხეში დარღვევით, მან ქვეყნიდან გააძევა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ფხენიანის გარშემო შექმნილი ვითარება. ვინ მოაგვარებს ჩრდილოეთი კორეის კრიზისს?

კრიზისის მოგვარებაში მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სამ ქვეყანას: ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს. და, საბედნიეროდ, სამივე მათგანი ცალსახად უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. სხვა საქმეა, რომ ამ ქვეყნებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევს ერთი მხრივ საშინაო პოლიტიკური მოსაზრებები, ხოლო მეორე მხრივ – ეკონომიკური ფაქტორები. ამავე დროს, აშკარაა, რომ ფხენიანი სახიფათო თამაშს მიმართავს და, ამ თამაშის შემყურე, გულხელდაკრეფილი ყოფნა დიდი შეცდომა იქნებოდა.

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც კრიზისის გამწვავების დღიდან ყველაზე ხშირად გაისმის, შემდეგია: რატომ აირჩია ფხენიანმა ეს სახიფათო გზა, ანუ რატომ აღიარა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობს და რატომ გააგდო ქვეყნიდან საერთაშორისო ექსპერტები? ან რატომ გადაწყვიტა, გასულიყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან? (აქვე შეიძლება გავიხსენოთ ფხენიანის მუქარაც, რომ მის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღების შემთხვევაში იგი ომს დაიწყებს.)

ექსპერტთა უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ჩრდილოეთი კორეის აგრესიული პოლიტიკა ზიანს მიაყენებს ამ იზოლირებული ქვეყნის ურთიერთობას ჩინეთთან, რუსეთან და, ცხადია, სამხრეთ კორეასთან. არადა, ამ ურთიერთობებში ბოლო ხანს არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა. ბოლო სამი წლის მანძილზე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი კიმ ჩენ ირი რამდენიმეჯერ შეხვდა ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს. უწინდელთან შედარებით საგრძნობლად დათბა ურთიერთობა სეულთან, რამაც დღის წესრიგში დააყენა სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხი სამხრეთი კორეიდან ჩრდილოეთი კორეისა და ციმბირის გავლით ევროპისკენ. ამ პროექტის განხორციელება კი ფხენიანს, სატრანზიტო გადასახადების სახით, დიდძალ შემოსავალს მოუტანდა. მაშ რატომ ანაცვალა ფხენიანმა ეს ყველაფერი თავის ბირთვულ ამბიციებს?

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ჯერემი ბრანსტენმა ამ შეკითხვით მიმართა კორეის ლონდონელ ექსპერტს რობერტ უორდს, რომლის აზრით, ერთი მიზეზი ვაშინგტონის დაშინებისა და, შედეგად, მისგან ფინანსური დახმარების მიღების სურვილია; "აგრესიული მათხოვრობის" ამ პოლიტიკას ფხენიანი ხომ წარმატებით მიმართავდა ბოლო ათი წლის მანძილზე.

[რობერტ უორდის ხმა] "კიდევ ერთი შესაძლო და, ალბათ, უფრო შემაშფოთებელი მიზეზი ის გახლავთ, რომ მათ გულწრფელად სწამთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან თავდაუსხმელობის გარანტია სჭირდებათ. თუ გავითვალისწინებთ ერაყის მიმართ აშშ-ის მკაცრ პოლიტიკას და იმასაც, რომ ჩრდილოეთი კორეა ჯორჯ ბუშმა ერაყთან ერთად ეგრეთ წოდებული "ბოროტების ღერძის" ქვეყნებს მიაკუთვნა, გასაგები გახდება, რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ერაყის შემდეგ მათი ჯერი შეიძლება დადგეს. ამდენად, გამორიცხული არ არის, ეს იარაღი მათ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით სჭირდებოდეთ."

ჯორჯ ბუშმა რამდენიმეჯერ სცადა, ფხენიანისთვის ეს შიში გაექარწყლებინა, განაცხადა რა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას. მაგრამ "ბოროტების ღერძის" ქვეყნების სიიდან კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ჯერჯერობით არავის გამოუყვანია და ამიტომ ფხენიანის შეშფოთება შეიძლება ბუნებრივადაც მივიჩნიოთ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს შეშფოთება თუ შიშია იმის უმთავრესი მიზეზი, რომ ფხენიანი ვაშინგტონს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს. და თუ თავიდან ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგზე, სამშაბათს მან ამ საკითხში პოზიცია შეიცვალა.

შედეგად, თითქოს ფხენიანიც მოლბა. ხუთშაბათს გავრცელდა ცნობა, რომ კსდრ უარს იტყვის თავისი ბირთვული პროგრამის განახლებაზე, თუ შეერთებული შტატები ხელახლა დაადასტურებს 2000 წელს ხელმოწერილ ერთობლივ კომუნიკეს, რომლის თანახმად, მხარეებს "ერთმანეთის მიმართ მტრული განზრახვა არ ამოძრავებთ". მაგრამ პარასკევს ყველაფერს ხაზი გადაუსვა ფხენიანის გადაწყვეტილებამ, გასულიყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან.

რა როლი შეიძლება იკისროს კრიზისის მოგვარების საქმეში რუსეთმა? სულ რაღაც ათი წლის წინათ მოსკოვსა და ფხენიანს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთი კორეა დიდად იყო დამოკიდებული რუსეთის დახმარებაზე. დღეს ვითარება განსხვავებულია.

როგორც კორეის ბრიტანელი ექსპერტი, ლიდსის უნივერსიტეტის თანამშრომელი ეიდან ფოსტერ-კარტერი აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვმა აღარ მოისურვა, ან იქნებ ვეღარც შეძლო ჩრდილოეთი კორეისა და სხვა კომუნისტური ქვეყნების "თრევა". შედეგად, მონგოლეთის, კუბის, ვიეტნამის ან თუნდაც იმავე ჩრდილოეთი კორეის ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა, სავაჭრო კავშირები ან მთლიანად გაწყდა ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთიათად შემცირდა. მოკლედ, ჩრდილოეთ კორეაში რუსეთს სულ მალე ჩინეთი ჩაენაცვლა და ახლა სწორედ ის ასრულებს ფხენიანის მთავარი სავაჭრო პარტნიორის როლს.

თუ ამ ლოგიკას მივყევით, შეიძლება დავასკვნათ, რომ კრიზისის მოგვარება სხვებზე უკეთ სწორედ პეკინს უნდა ხელეწიფებოდეს. მაგრამ თუ იმავე ფოსტერ-კარტერს დავუჯერებთ, ჩინეთს მდგომარეობას შემდეგი დილემა ურთულებს: ერთი მხრივ, მას არ სურს, ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ სახელმწიფოდ იქცეს; ხოლო, მეორე მხრივ, მშვენივრად ესმის, რომ ფხენიანზე მეტისმეტად დიდმა ზეწოლამ იქ რეჟიმის დამხობა და არეულობა შეიძლება გამოიწვიოს, რაც პეკინს სულაც არ აძლევს ხელს.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ალბათ სარწმუნოდ უნდა მივიღოთ კორეის კიდევ ერთი სპეციალისტის, ჰამბურგის უნივერსიტეტის აზიის ინსტიტუტის თანამშრომლის პატრიკ კიოლნერის ვარაუდი, რომ ჩრდილოეთი კორეის კრიზისის მოგვარების გასაღები ისევ და ისევ ვაშინგტონს უჭირავს ხელში.

პარასკევს მსოფლიო თანამეგობრობის შეშფოთება გამოიწვია ფხენიანის გადაწყვეტილებამ, გავიდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან. მსოფლიოს ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდეს, შეცვალოს გადაწყვეტილება. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ სულაც არ გაუკვირვებია ჩრდილოეთი კორეის ამ ნაბიჯს. ბოლტონმა დასძინა, რომ ხელშეკრულების პირობებს ფხენიანი არც აქამდე ასრულებდა. ასე რომ, კრიზისის მოგვარებაზე საუბარი, როგორც ჩანს, ნაადრევია.
XS
SM
MD
LG