Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აძლევს ხელს საქართველოში პოლიტიკური მკვლელობები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გაკეთდა პოლიტიკური მკვლელობის შეკვეთის თაობაზე. ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა,

რომ მზადდება პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ ტერაქტი. ასეთივე შინაარსის განცხადება გააკეთა სოციალისტურმა პარტიამაც, რომლის წევრებმა ვახტანგ რჩეულიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები გენერალურ პროკურორსაც კი გადასცეს. ვის აძლევს ხელს საქართველოში პოლიტიკური მკვლელობები?

გულახდილად რომ ითქვას, პოლიტიკური პარტიების ლიდერთა შესაძლო მკვლელობების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუწვევია. თუმცა მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ერთ-ერთ კაფეში ჩაცხრილეს პატრიოტთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ზარანდია, შეიძლება ითქვას, რომ აღარაფრის გამორიცხვა აღარ შეიძლება. მართალია, ბადრი ზარანდიას მკვლელობის საქმე ჯერ გამოძიებული არ არის, მაგრამ უკვე გაკეთდა ხმამაღალი განცხადებები, რომ მკვლელობა პოლიტიკური გახლდათ. თუ პატრიოტთა კავშირის თანათავმჯდომარე ჯაბა იოსელიანი ამ მკვლელობის უკან ნაციონალურ მოძრაობას ხედავს, თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები მკვლელობის შემკვეთად სწორედ ჯაბა იოსელიანს ასახელებენ.
გამორიცხული არ არის, ბადრი ზარანდიას მკვლელობაში გარკვეული სიცხადე შეიტანოს 19 იანვარს არგანხორციელებულმა ტერაქტმა, რომლის მსხვერპლი პარტიზანული რაზმის, ”ტყის ძმების”, ლიდერი და გალის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით შენგელია უნდა ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, გვიან საღამოს, თბილისში ორი მამაკაცი არ დაემორჩილა შემოვლაზე მყოფ პოლიციის პატრულს. კონფლიქტი ხელყუმბარის აფეთქებით დასრულდა, რის შედეგადაც სამი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციაში მიყვანის შემდეგ გაირკვა, რომ დაკავებულთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა [იგი ერთ დროს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებში მსახურობდა], მეორე კი - გალის მაცხოვრებელი. დაკავებულების აღიარებით, ისინი დავით შენგელიას ლიკვიდაციის ოპერაციისთვის დაიქირავეს და გასამრჯელოს ნაწილიც გადასცეს.
დავით შენგელიას მიმართ ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ გაუგებარია. ერთხანობას იგი დაკავებულიც იყო, შემდეგ კი აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მიერ გალის რაიონის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. თავად შენგელიას არ უკვირს მის მოსაკლავად ქილერების დაქირავების ფაქტი, რადგან, მისივე განცხადებით, მკვლელობის უკვე 8 მცდელობას გადაურჩა. შემკვეთები მას ენგურს გაღმა ეგულება, რადგან ფიქრობს, რომ სოხუმის ხელისუფლება შეაშფოთა ქართველი პარტიზანების განცხადებებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ ქმედებათა განახლების შესახებ.
საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველ დამოკიდებულებაზე პარტიზანული რაზმების მიმართ გასულ კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვისას, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამაც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] ” მე თავს უფლებას მივცემ, წამოვწიო ერთი საკითხი, რომელსაც ყოველთვის გვერდს ვუვლით. ამ დარბაზში სწორედ დღევანდელ ვითარებაში მინდა წამოვჭრა თემა, რომელიც მუდამ იყო დახურული ჩვენს საჯარო გამოსვლებში. რატომ ვერ ახერხებს ქართული ხელისუფლება, რომ რეალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქართველ პარტიზანებს აფხაზეთში. ეს არის ამის შედეგი. ამ პარტიზანულ მოძრაობას ოდნავი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, გარწმუნებთ, ვერც ერთი მატარებელი ვერ გაბედავდა სოჭიდან სოხუმში გადმოსვლას, ვერც ერთი რუსული უწყება და ვერც ბიზნესმენი ვერ გაბედავდა ტურისტული საგზურების გაყიდვას იმ პანსიონატებში, სადაც დღეს ყიდის.”
სხვათა შორის, პარტიზანული შენაერთების მხარდაჭერის ინიციატივა ახალი არ გახლავთ - დაახლოებით ერთი წლის წინ იმერეთის გუბერნატორის თემურ შაშიაშვილის ასეთივე ინიციატივა პარლამენტს სასაცილოდ არ ეყო.
XS
SM
MD
LG