Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკმა, შესაძლოა, დახმარებები შეგვიმციროს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალი რეგიონალური დირექტორის დონა დოუსეთ-კორიოლოს თბილისურ ვიზიტს საკმაო რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში. მსოფლიო ბანკმა საქართველოს,

შესაძლოა, დაფინანსება შეუმციროს, რასაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა მედიაში. რა პერსპექტივა აქვს ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საქართველოსთან თანამშრომლობას?

მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონალური დირექტორის თბილისში სტუმრობას წინ უძღოდა ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი დახმარების სტრატეგიის ძირითადი საკითხების მიმოხილვითი წერილი, რომელშიც დახმარებების შემცირებაზე იყო საუბარი და 2004-2006 წლებში ამ ორგანიზაციიდან მისაღები 91 მილიონი აშშ დოლარის ბედი ეჭვის ქვეშ დგებოდა. ამის მიზეზად, ძირითადად, სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის სუსტი კოორდინაცია და შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობა სახელდებოდა.

ამ წერილის შინაარსისაგან განსხვავებით, დონა დოუსეთ-კორიოლოს ვიზიტი შედარებით მშვიდი გამოდგა და თავად მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორიც მეტისმეტად ფრთხილი და დიპლომატიური იყო შეფასებებში.

დოუსეთ-კორიოლო სულ 3-4 თვეა, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კოორდინატორია მსოფლიო ბანკში, ამდენად, მისი წლევანდელი ვიზიტი, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო. რეგიონალური დირექტორი შეხვდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო სექტორსა და მედიას. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში დოუსეთ-კორიოლო შეეცადა გაებათილებინა მსოფლიო ბანკის მიმოხილვითი წერილის ”ქართული ინტერპრეტაცია”, რასაც ჩვენთან, ძირითადად, პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.

რეგიონალური დირექტორის აზრით, დახმარებების შეკვეცა არა იმდენად საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების შეუსრულებლობით არის განპირობებული, რამდენადაც თავად მსოფლიო ბანკის გრძელვადიან სტრატეგიას წარმოადგენს და იგი ვრცელდება მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართაც. ე.წ. დამატებითი ელემენტი, რომლითაც საქართველოსთან ერთად დსთ-ს ქვეყნებიც სარგებლობდნენ და რომელიც შეღავათიან გრძელვადიან დახმარებას გულისხმობდა, შეიძლება შეწყდეს, რადგან მსოფლიო ბანკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნებმა ყველაზე რთული პერიოდი უკვე განვლეს.

რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე პროექტებს, დოუსეთ-კორიოლოს თქმით, წელს საქართველო, საერთო ჯამში, 77 მილიონ დოლარს მიიღებს. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ენერგეტიკა, სატრანსპორტო დერეფანი, ტელეკომუნიკაციების განვითარება და სოციალური სფეროს რეფორმირება რჩება.

მართალია, რეგიონალური დირექტორი მეტისმეტად დიპლომატიური იყო, მაგრამ თავად საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის არაკოორდინირებული მუშაობის ფაქტის უარყოფა, ბუნებრივია, შეუძლებელია. ამ ფაქტს არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა ჩვენს ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის შემდგომ თანამშრომლობაზე.

დოუსეთ-კორიოლო თავისი ვიზიტის შედეგებს წარუდგენს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს, რომელმაც საბოლოოდ უნდა შეაფასოს და დაგეგმოს საქართველოსათვის დამტკიცებული პროექტების განხორციელება უახლოესი სამი საფინანსო წლის ფარგლებში. დირექტორთა საბჭოს სხდომა კი, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG