Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება ბიუჯეტის ზრდა სოციალურად დაუცველ ფენებზე


საქართველოს 2003 წლის ბიუჯეტის გახმაურებული 210 მილიონიანი ზრდა უკვე კითხვის ქვეშ დგას, რადგან იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულებას 40 მილიონი ლარი დააკლდა.

თუმცა ასეც რომ არ იყოს და ბიუჯეტში დაგეგმილი თანხები გროვდებოდეს, ჯერჯერობით ქაღალდზეც კი არაა განსაზღვრული, თუ რას მოხმარდება მათი დიდი ნაწილი. ამდაგვარი საბიუჯეტო მოწყობა გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს იმ სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლებს, რომელთა ფიზიკური არსებობა სახელმწიფო დახმარებასა და შემწეობებზეა დამოკიდებული.

უსინათლო, მხედველობადაკარგული ინვალიდები ყველაზე უმწეო კატეგორიად ითვლებიან ინვალიდებს შორისაც კი. ალიკა სტეფანიანი პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდთა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი მთლიანად სახელმწიფო მოწყალებაზეა დამოკიდებული. ალიკა, 14 ლარიანი პენსიის გარდა, ყოველთვიურად 22 ლარს იღებდა, ეგრეთ წოდებული საოჯახო დახმარების სახით. ახალი ბიუჯეტის მიღებასთან ერთად, საჭიროა გამოიცეს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება, რომელიც ამ დახმარების პროგრამის გაგრძელებას უზრუნველყოფს. ალიკას თქმით:

[ალიკა სტეფანიანის ხმა] „წელს ჯერ ბრძანებულება არ არის, მაგრამ ველოდებით, რომ ისევ გაგრძელდება ეს დახმარება. არ ვიცით, რა ოდენობით იქნება ეს დახმარება, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ეს არის მსოფლიო ბანკის კონტროლის ქვეშ და კატეგორიები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში, არიან მსოფლიო ბანკის მეთვალყურეობის ქვეშ."

ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში სოციალური სფეროსთვის კი არის გარკვეული თანხა განსაზღვრული, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი პროგრამები და რა მოცულობით უნდა დაფინანსდეს ამ თანხით. შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებაა საჭირო.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის ტარიელ გიორგაძის განმარტებით:

[ტარიელ გიორგაძის ხმა] „ეს არის არასწორი პრაქტიკა. ყველა დახმარება, ყველა შემწეობა კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი ბიუჯეტში და არ უნდა ხდებოდეს სხვა კანონქვემდებარე ან პრეზიდენტის ბრძანებულებით ან სხვა დოკუმენტებით ამის გაცემა ქაოტურად სხვადასხვა დროს წლის განმავლობაში. ეს უნდა იყოს ბიუჯეტში გაწერილი."[სტილი დაცულია]

ალიკა სტეფანიანის მსგავსად, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კატეგორია იძულებულია პრეზიდენტის ხელმოწერას დაელოდოს, რადგან სხვა გამოსავალი მათ აღარ დარჩენიათ. არადა, აღნიშნული დახმარება, პენსიასთან ერთად, ნაწილობრივადაც კი ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ ეკონომიკურ მოთხოვნებს. ალიკა სტეფანიანის თქმით:

[ალიკა სტეფანიანის ხმა] „საარსებო მინიმუმი ქვეყანაში არის 110-115 ლარი. აი, ამ ოდენობის უნდა იყოს შემოსავალი ჩემი პატარა ოჯახისა -ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დააკმაყოფილოს, იცით, რა? ეს კომუნალური გადასახადები ელექტროენერგიაზე, წყალზე, გაზზე და... საკვებზე და დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია."

აქამდე სოციალურად გაჭირვებულ ფენას ადგილობრივი ბიუჯეტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. ახლა ამ დახმარებათა ბედი ან გაურკვეველია, ან კიდევ შემცირდა.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ განახევრდა ხელმოკლე მოქალაქეთათვის განსაზღვრული დახმარება ელექტროენერგიით. ხოლო თბილისის ბიუჯეტიდან ბუნებრივი აირის საფასურის სუბსიდირების საკითხი ჯერაც გაურკვეველია, რადგან თავად დედაქალაქის ბიუჯეტის ბედია გაურკვეველი.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების მოცულობა უნდა გაეზარდა, მით უმეტეს, რომ თავად ბიუჯეტის შემოსავლითმა ნაწილმა მოიმატა. თუმცა ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობა იმაში გამოიხატება, რომ მთავრობა ნახევარი წლის შემდეგ მინიმალური ხელფასის 20-დან 35 ლარამდე გაზრდის პირობას იძლევა. საქართველოს პარლამენტის წევრის, სოციალისტ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 2003 წლის ბიუჯეტი სხვა გაზრდილ სოციალურ ვალდებულებათა დაფინანსებასაც ითვალისწინებს:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, როგორც ასეთი ტერმინი, ესადაგება 2003 წლის ბიუჯეტს შემდეგი გარემოებების გამო: დღეს დაახლოებით 32 კანონია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ვალდებულებებს აწესებს მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიების, პროფესიების და ფენების მიხედვით. ამ კანონებიდან მხოლოდ 11-ის გადავადება მოხდა, ძალაში შევიდა დანარჩენი 20 კანონი."

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი სოციალურად დაუცველი ფენის - ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვას ითვალისწინებს - ზამთრის სეზონში 250 კილოვატსაათის და 150 კილოვატსაათისა ზაფხულის პერიოდში.

მიუხედავად ასეთი სოციალური გამონაკლისებისა, შინაარსობრივად, საქართველოს მთავარი საფინანსო კანონი სულ სხვა ფენაზეა ორიენტირებული. ჩემთან ინტერვიუში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა ტარიელ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს ფენა ბიუროკრატიაა, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის განკუთვნილი სახსრები ბიუჯეტის 70 პროცეტნს შეადგენს.

[ტარიელ გიორგაძის ხმა] „რაც არის გათვალისწინებული ბიუროკრატიის ხარჯებში, მთლიანობაში, უფრო მეტია, რაც ხმარდება კულტურას, განათლებას, რაც ხმარდება იმ დარგებს, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია. თვითონ ბიუჯეტის სტრუქტურიდან გამომდინარე არის ეს ნათქვამი." [სტილი დაცულია]

სწორედ ბიუჯეტის სტრუქტურა განაპირობებს მის ორიენტირებს და არა ავტორთა მიერ მინიჭებული სახელები.
XS
SM
MD
LG