Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში სხვა ქვეყნებისთვის დახმარებას ტერორიზმით ზომავს


პრეზიდენტმა ბუშმა უკვე წარმოადგინა საერთაშორისო დახმარების პაკეტის საკუთარი ვარიანტი, სადაც დახმარების ფონდები უმცირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ წარმოადგენენ შეერთებული შტატების

არსებით მოკავშირეებს ტერორიზმთან ბრძოლაში. შესაბამისად, ამერიკული დახმარება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ შეერთებული შტატების შუა აზიელ მოკავშირეებს. 2004 საფინანსო წლის ბიუჯეტი კონგრესს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. აქვე შეგახსენებთ, რომ მისი ათვლა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება.

ჯორჯ ბუშის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დახმარების პაკეტში 2004 საფინანსო წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე წლისაზე 12 მილიონი დოლარით ნაკლებია და 75 მილიონ დოლარს შეადგენს. გაცილებით მკვეთრი იყო რეგიონში ჩვენი მეზობლის - სომხეთისთვის დახმარების სავარაუდო შემცირების დინამიკა: აქ საუბარია 20 მილიონ 500 ათას დოლარზე. შედარებით უმნიშვნელოდ - ოთხი მილიონ 500 ათასით შეიძლება შემცირდეს აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი დახმარება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რესურსების მართვის საკითხებში ქრისტოფერ ბერნჰემმა ბუშის ბიუჯეტი ასე დაახასიათა:

[ბერნჰემის ხმა] "სრულიად ნათელია, რომ ეს ბიუჯეტი აფინანსებს პრეზიდენტის განზრახვას დაამარცხოს ტერორიზმი. ეს ციფრებშიც აისახა და საერთაშორისო დახმარების ნაწილშიც. დასახული ამოცანის შესასრულებლად ეს ძალიან კარგი ბიუჯეტია".

თუკი საქართველოს დახმარებას იმ სახელმძღვანელო კრიტერიუმით გავზომავთ, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი საერთაშორისო დახმარების განაწილებას მიუდგა, ანუ ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის პოტენციალით, მაშინ ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტულთა რიგებში უნდა მოვიაზროთ. კერძოდ, ამის მაჩვენებლად შეიძლება გამოდგეს დახმარება სამხედრო სფეროს დაფინანსებაში. ბუშის პროექტის ნაწილში სახელწოდებით "უცხოური სამხედრო დაფინანსება" საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე საფინანსო წელთან შედარებით 3 მილიონით იზრდება, თუმცა, მილიონით ნაკლებია 2002 წლისაზე. რაც შეეხება "საერთაშორისო სამხედრო სწავლებისა და წვრთნის ნაწილს", საქართველოს წილი სავარაუდოდ მილიონ ასი ათასი დოლარით გაიზრდება.

ვაშინგტონის ახალი პრიორიტეტის მსხვერპლთა შორის განსაკუთრებით რუსეთი და უკრაინა გამოიკვეთნენ. მათთვის განკუთვნილი თანხა ჯამში 32 პროცენტით შემცირდება. და კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი პრიორიტეტების შეცვლის თვალსაზრისით: ბუშის ბიუჯეტში 25 მილიონიდან აღარაფერი დარჩა ერაყის ემიგრანტული პოლიტიკური ოპოზიციის, როგორც სადამ ჰუსეინთან ბრძოლისთვის მოძველებული იარაღის, მხარდასაჭერად.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG