Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ემიგრირებულთა რაოდენობა იზრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიგრაციული პროცესები საქართველოდან გასული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. გაუარესებული სოციალური ფონის გარდა, მიგრაციას მომავლის მიმართ გარკვეული უიმედობის გრძნობაც იწვევს.

ამასთან, საქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა, პირიქით, შემცირდა. რა მიზეზებით არის განპირობებული ეს პროცესები?

ეკონომიკურმა კრიზისმა, პოლიტიკურმა დაძაბულობამ და მძიმე კრიმინოგენულმა ფონმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან მასობრივ ემიგრაციას შეუწყო ხელი. საქართველოდან ემიგრირებულ მოქალაქეთა ძირითადი მოტივი სწორედ გაუსაძლისი პირობები და შედარებით განვითარებულ ქვეყნებში ბედის ძიებაა.

ემიგრირებულთა შორის არიან, აგრეთვე, სასწავლებლად წასულნი, ასევე, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველები და, უბრალოდ, ტურისტები. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველო 317 ათასმა მოქალაქემ დატოვა, რაც 2001 წლის მონაცემებს 11 ათასი ადამიანით აჭარბებს.

ემიგრანტთა რიცხვში არ ხვდება იმ მოქალაქეთა მონაცემები, რომლებიც არალეგალურად ან მეზობელი სახელმწიფოებიდან ახერხებენ დასავლეთში გადასვლას.

სამწუხაროდ, ზუსტად არ არის აღრიცხული, თუ სად ეძიბენ თავიანთ ბედს საქართველოს მოქალაქეები. თუმცა "აღთქმულ მიწებს" შორის, ტრადიციულად, ლიდერობენ რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში სავიზო რეჟიმი უკიდურესად გამკაცრდა, ქართველები სხვადასხვა მანქანებით მაინც ახერხებენ იქ შეღწევას.

ქვეყნიდან ემიგრირებული მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი ბრუნდება უკან. უმეტესი კი, როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში რჩება და საიმიგრაციო წესების დარღვევით ცხოვრობს. ამგვარ ემიგრანტთა დიდი ნაწილი შავი სამუშაოებითაა დაკავებული. ქალები, უმთავრესად, გადიებად და მომვლელებად დგებიან, მამაკაცები კი, ძირითადად, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებენ. მხოლოდ მცირერიცხოვან კონტინგენტს უმართლებს და შედარებით მაღალანაზღაურებადი საქმის შოვნას ან თავისი პროფესიით მუშაობას ახერხებს.

ემიგრირებულ ქართველებს შორის არცთუ იშვიათია კრიმინალური საქმიანობაც, რაც, საბოლოოდ, ისევ ქვეყნის რეპუტაციას ვნებს და მას ნეგატიურ იმიჯს უქმნის.

მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობების და საიმიგრაციო სამსახურის შიშისა, საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ სამუშაოს ძიება თავის გადარჩენის ლამის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. სხვათა შორის, სწორედ ამ ემიგრანტთა მიერ გადმორიცხული ტრანსფერებით არსებობს რამდენიმე ათასი ოჯახი საქართველოში.

თუ ემიგრირებულ მოქალაქეთა რიცხვი განუხრელად იზრდება, საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება საქართველოში შემოსულ უცხოელთა რაოდენობის მხრივ. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში შემოვიდა 298 ათასი ვიზიტიორი, მათ შორის, დსთ-ს ქვეყნებიდან 176 ათასი, ხოლო სხვა სახელმწიფოებიდან - 122 ათასი. 2001 წელთან შედარებით, ვიზიტიორთა რაოდენობამ 3700 კაცით იკლო.

ქვეყანაში შემოსული ადამიანების რაოდენობის კლებაც მძიმე ეკონომიკურ და კრიმინალურ ფონზე მიუთითებს. ამასთან, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ სტუმრებს შორის არიან, ძირითადად, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომელთაც სხვა ქვეყნის ქვეშევრდომობით შეძლეს თავიანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.
XS
SM
MD
LG