Accessibility links

logo-print

საქართველოში მორიგი საპარლამენტო კრიზისის ნიშნები იკვეთება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 11 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გამართულმა მუშტი-კრივმა დაადასტურა, რომ საქართველოში საპარლამენტო კრიზისმა, შესაძლოა, შემაშფოთებელი ფორმა მიიღოს.

11 თებერვალს პარლამენტის დარბაზში შექმნილმა დაპირისპირებამ კინაღამ კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა. დაპირისპირების ობიექტებად საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და აჭარის დეპუტაციები იქცნენ.

[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " ამ დარბაზში მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია და ნუ გადავიტანთ ნურც ერთი მხარე და ნურც ერთი ჩვენგანი ჩვენი გამოსვლებით ამას ჩვენს მოსახლეობაზე."
პარლამენტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე უშედეგოდ ცდილობდა კოლეგების დაშოშმინებას. ფრაქცია "აფხაზეთის" ლიდერის თამაზ ნადარეიშვილისა და ფრაქცია "აღორძინების" ლიდერის ჯემალ გოგიტიძის ერთმანეთზე გაწევ-გამოწევასა და ერთმანეთის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენებას ვერც პარლამენტის დარბაზში შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის ყოფნამ დაუდო ზღვარი.
ჰყავს თუ არა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ ნადარეიშვილს უკანონო შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დახმარებითაც იგი თავის პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდება, როგორც ამას ბლოკ აღორძინების წევრი ჯემალ გამახარია ამტკიცებს? - ამ თემის 10 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახმიანებამ 11 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობისა და პარლამენტის შენობის წინ დევნილი ხელისუფლების მხარდამჭერები მიიყვანა. ფრაქცია "აღორძინების" ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით:
[ ჯემალ გოგიტიძის ხმა] " მე ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ აჭარის წარმომადგენლობასთან თავმოყრილია აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭო, მინისტრებით დაწყებული და დამლაგებლით დამთავრებული. ამ ხალხს დევნილებთან არაფერი საერთო არა აქვს. ამის პროვოცირებას აკეთებს თავად თამაზ ნადარეიშვილი იმიტომ, რომ გაიგო, რომ თავად მის ოჯახში არის სერიოზული დოკუმენტები მის საკომპრომენტაციოდ."
საუბარია აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების უშიშროების ყოფილი მინისტრის საიდუმლო წერილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ თამაზ ნადარეიშვილი მფარველობს არაკანონიერ დაჯგუფება "იუპიტერს", რომლის წევრები წარსულში ნასამართლევი პირები არიან. სწორედ ისინი დაესხნენ თავს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ჯემალ გამახარიას და ძალის გამოყენებით გაათრიეს იგი დარბაზიდან.
თამაზ ნადარეიშვილი არ უარყოფს "იუპიტერის" არსებობას. მისი განცხადებით, ეს ბიჭები აფხაზეთში იბრძოდნენ, დღეს კი საზოგადოებრივ ორგანიზაციაში არიან გაერთიანებულები. რაც შეეხება აჭარის დეპუტაციას, თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით:
[ თამაზ ნადარეიშვილის ხმა] " მე მინდა გითხრათ თქვენ, ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელ აბაშიძეს: თავი დაგვანებეთ. თქვენს თავს მიხედეთ...."
დილის სხდომა ჩაიშალა. საღამოს სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ კატეგორიულად განაცხადა, რომ 12 თებერვლიდან პარლამენტის შენობაში იარაღით არც პარლამენტარებს და არც პარლამენტის დაცვის წევრებს აღარ შეუშვებენ. ასეთი გაცხარების საფუძვლად იქცა ჯემალ გოგიტიძის შეიარაღებული დაცვის მხრიდან დარბაზში მოჩხუბარი გოგიტიძისთვის დახმარების აღმოჩენის მცდელობა.
XS
SM
MD
LG