Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

474-ე გამოშვება.


474-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 474-ე გამოშვებას. დღეს გაგაცნობთ ქართველი პოლიტიკოსებისა და სამხედროების აზრს ერაყის წინააღმდეგ ომში საქართველოს როლზე; გესაუბრებით იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში ცენზურის აღდგენა; გავიხსენებთ "ბნელ წლებს" თბილისის უნივერსიტეტის ისტორიაში; შემდეგ მოგითხრობთ გამოჩენილი ჩილელი პიანისტის კლაუდიო არაუს შესახებ, რომელსაც ამ დღეებში ასი წელი შეუსრულდებოდა; შემოგთავაზებთ სიუჟეტს კიდევ ერთი იუბილარის, ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, ფრანკო ძეფირელის შესახებ. იგი 80 წლის გახდა; გადაცემას დავასრულებთ ტრადიციული რუბრიკით "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი", რომელიც დღეს კინოს თემას ეხება.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ქართველი პოლიტიკოსები და სამხედროები საქართველოს როლზე ერაყის ომში

ბიძინა რამიშვილი:
სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ საავიაციო იერიშების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცისა და ქართული სამხედრო აეროდრომების შესაძლო გამოყენების თემამ მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ოთხშაბათს ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ გადასცა. ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც აქამდე ერიდებოდნენ ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ახლა აქტიურად მსჯელობენ საქართველოში ამერიკის სამხედრო ავიაციის ბაზირების შესაძლებლობაზე. თუმცა, დასკვნების გაკეთებისას, როგორც მოსალოდნელია, საკმაოდ ფრთხილობენ და რამდენიმე აუცილებელ პირობასაც აყენებენ. გაცილებით მარტივად წყდება საკითხი სამხედროებთან, რომლებიც ზედმეტი ფიქრისგან თავს არ იწუხებენ და როგორც ყოველთვის, მზად არიან შეასრულონ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება. ამ თემაზე უფრო მეტს კობა ლიკლიკაძისგან შეიტყობთ.

კობა ლიკლიკაძე:
საქართველო ანტიერაყულ ფერხულში პოლიტიკური განცხადებით ჩაება. ამერიკელი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა, რომ სადამ ჰუსეინი მართლაც ფლობს ბირთვულ იარაღს და იგი უნდა დაისაჯოს. მოგვიანებით კი გაჩნდა ცნობა, ვაზიანის აეროდრომის შესახებ, რომელიც, თითქოს, მთავარ პლაცდარმად შესთავაზა თეთრი სახლის ადმინისტრაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. თავდაპირველად, შევარდნაძის განცხადებისადმი საქართველოში არავის მიუქცევია დიდი ყურადღება. ის უბრალოდ ჩაიკარგა "ახალი მემარჯვენეების" ოფისზე მომხდარ თავდასხმისა თუ მორიგი "სახელმწიფო გადატრიალების" მცელობის გამო ატეხილი ხმაურის გამო.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ვაზიანის ბაზის შესახებ ბი-ბი-სის გამოშვებაში გამოჩნდა, მან დამაჯერებლობა შეიძინა და პირველი კომენტარებიც გაჩნდა.

ასე მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავადაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბათიაშვილის მიაჩნია, რომ აქ გასაკვირია არაფერია და საქართველო მოვალეა, შესააძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "მერ ვერაფერს გასაკვირს და საგანგაშოს ვერ ვხედავ იმაში, რომ საქართველომ რეალური დახმარება შესთავაზოს, - ის, რაც, შეუძლია, - თავის დიდ მეგობარს, როცა მას აქვს პრობლემა და ის დგას ასეთი ექსტრემალური ვითარების წინაშე. ჩვენ ხომ გვინდა, რომ დაგვეხმარონ ყველაფერში? ამერიკელებს არც ჩვენი ტანკი სწირდებათ და არც ჩვენი ავტომატი, ამიტომ რითიც შეგვიძია, იმით უნდა დავეხმაროთ." [სტილი დაცულია]

დახმარების სულისკვეთებას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, პარლამენტარი გიორგი ხევიაშვილი, თუმცა შევარდნაძის განცხადებას იგი ემოციურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ხელისუფლების უმაღლესმა პირმა სტატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ამჯერადაც ერთპიროვნულად, ყოველგავრი საზოგადოებრივი ექსპერტიზის გარეშე მიიღო.

[გია ხევიაშვილის ხმა] " მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ემოციურ და პოლიტიკურ დონეზე ნათქვამი იყო პრეზიდენტის მხრიდან, იმიტომ რომ ამას არ მოჰყოლია სამხედრო ექსპერტები და პირველი პირების რაიმე განცხადებები. მაგრამ მას, პირველ რიგში, ჩვენი შესაძლებლობები უნდა გაეთვალისწინებინა, რაც არ იყო გათვალისწინებული."[სტილი დაცულია]

"ჩვენი", ანუ საქართველოს "შესაძლებლობების" ქვეშ კი იგულისხმება, საჰაერო სივრცის დაუცველობა, რაც ქვეყნისთვის ყოველთვის წარმოადგენდა პოტენციურ საფრთხეს. მაგრამ, გია ხევიაშვილის აზრით ამჯერად ეს საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ვაზიანში ამერიკის სამხედრო ავიაციის გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო ერაყის ავიაციის ან ფრთოსანი რაკეტების სამიზნედ იქცეს. ამავე მოსაზრებას იზიარებს სამხედრო ექსპერტი სოსო ბარნაბიშვილი, რომელიც ამერიკული ავიაციის საქართელოში ბაზირების აუცილებელ პირობად ამ საფრთხის შემცირებას მიიჩნევს.

[სოსო ბარნაბიშვილის ხმა] "თუ ჩვენ შემოგვთავაზებს ამერიკა, გამოიყენოს ჩვენი ბაზები, ჩვენ ამერიკის მხარესთან უნდა დავაკონკრეტოთ, თუ რა საჰაერო თავდაცვის სისტემას უზრუნველყოფს იგი, რომ არ შემოფრინდენ აქ გინდა რუსეთის თუ ერაყის ესეიგი თვითმფრინავები და არ დაგვიბომბონ ჩვენი აეროდროემები."[სტილი დაცულია]

ბუნებრივია, სულ სხვაგვარად უყურებენ ამერიკული სამხედრო ავიაციის ვაზიანის, ან ნებისმეირ სხვა სამხედრო აეროდრომზე განლაგების საკითზს ქართველის სამხედროები. თავდაცვის მისნისტრის აპარატის უფროსის, პოლკოვნიკ ალეკო მჭედლიშვილის განცხადებით, სამხედრო უწყება ამ გადაწყვეტილებას ელოდა.

[ალეკო მჭედლიშვილის ხმა] "თავდაცვის სტრუქტურის დამოკიდებულება იქნება, რასაც გვიბრძანებს უმაღლესი მთავარსარდალი, ის ამოცანა შესრულებული იქნება და ახლა, ამ კომტექსტში, ქვეყანამ აიღო ნატოსკენ კურსი, მკვეთრად გაცხადდა უკვე, თუმცა ჩვენ მანამდეც კი ვემზადებოდით ამისთვის და ეხლა უკვე ჩვენ ძალინ ბევრი საკითხი გადაწყვეტილი გვაქვს ამ კუთხით." [სტილი დაცულია]

სხვათა შორის, ამერიკისადმი მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველო რომ რაღაც რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ეს ედუარ შევარდნაძემაც განაცხადა. თუმცა, თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თუ არ გვინდოდა თავის ატკივება, მაშინ არც დამოუკიდებლობა არ უნდა გამოგვეცხადებინაო. რა თქმა უნდა, ედუარდ შევარდნაძის მომხრეები, მის ამ გამონათქვამს გაბედულებისა და პოლიტიკური გამჭრიახობის მორიგ ნიმუშად მიიჩნევენ. თუმცა, საკითხი უფრო მარტივად დგას.

უკვე არსებობს შუა აზიის რესპუბლიკების მაგალითი, სადაც ამერიკული საავიაციო ბაზების გახსნას წინ უძღოდა სპეციალური სამუშაოები საჰაერო თავდაცვის სისიტემის გასაძლიერებლად. სერიოზული ქოლგის გარეშე ხომ აზრი ეკარგება ავიაციის მოქედებას. ოღონდ ეგაა რომ ამ ყველაფრის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება.

კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


რამდენად შესაძლებელია საქართველოში ცენზურის აღდგენა

შარშან სექტემბერში პარლამენტარებისა და ჟურნალისტების მონაწილებით გამართულ კონფერენციაზე მიღებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტს ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე უნდა მიეღო კანონი სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ. ჟურნალისტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, ეს კანონი სიტყვის თავისუფლების მყარ სამართლებრივ გარანტიებს შექმნის. შეთანხმება არ შესრულებულა, მაგრამ, ჟურნალისტები არ კარგავენ იმედს, რომ პარლამენტი ამ კანონ-პროექტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ. თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, ხელისუფლების მხრიდან ცენზურის აღდგენის მცდელობის თაობაზე. რამდენად შესაძლებელია საქართველოში ცენზურის აღდგენა - თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ

თამარ ჩიქოვანი:
ორშაბათიდან პრეზიდენტის კანცელარიაში ახალი წესები ამოქმედდება - აკრედტაციის მქონე ჟურნალისტებს ჩაეკეტებათ მთავრობის სხდომიდან გამოსულ მინისტრებისკენ "მიმავალი" გზები. თუ აქამდე სხდომიდან გამოსულ მინისტრებს ჟურნალისტები სხდომათა დარბაზთანვე "უსაფრთებოდნენ" კომენტარისთვის, ახლა ეს საშუალება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ. პრეზიდენტის პრესსამსახურის აზრით, ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ ხდება. ამიერიდან, პრესამსახური თავად გაუკეთებს კონკრეტული მინისტრის ბრიფინგს ორგანიზებას, რომელზეც ჟურნალისტებს საინტერესო საკითხებზე პასუხის მიღების საშუალება ექნებათ.

ეს ინიციატივა - ანუ მთვრობის სხდომის შემდეგ მინისტრის ბრიფინგის მოწყობა - რამდენიმე წლის წინათ არსებობდა და, როგორც ჩანს, არ გაამართლა. რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტის მაშინდელი პრეს-მდივნის ვახტანგ აბაშიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომაზე განხილული კონკრეტული პრობლემის შესახებ კონკრეტული მინისტრი ჟურნალისტებს ინფორმაციას აწვდიდა. ჟურნალისტები ამ სიახლით მაინცდამაინც აღფრთოვანებულნი არ ყოფილან - ჯერ ერთი, თავად პრეზიდენტის პრესმდივანი წყვეტდა, რომელი მინისტრი შეხვდებოდა ჟურნალისტებს. და მეორე - მთავრობის სხდომა ლამის ერთადერთი საშუალებაა ჟურნალისტებისთვის მინისტრებთან შესახვედრად. ორშბათიდან ეს საშუალება, როგორც ჩანს, აღარ იარსებებს.

პარლამენტართ ნაწილი სახელმწიფო კანცელარიაში შემოღებულ ახალ წესს ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ. თუმცა, გასულ კვირას პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, პრესისთვის გარკვეული ლაგამის ამოდების სურვილი პარლამენტშიც არსებობს. კერძოდ - სოციალისტური პარტიის ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვახტანგ რჩეულიშვილის აზრით, მასმედიის დიდი ნაწილი არა სახელმწიფოებრივი, არამედ კომერციული ინტერესეთ ხელმძღვანელობს, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს. ვახტანგ რჩეულიშვილის წინააღმდეგი არ არის, ჟურნალისტთა კრიტიკის ობიექტის როლი თავად შეასრულოს, მაგრამ თვლის, რომ "ფაქიზ" საკითხებთან დაკავშირებით - დასახელებული იყო სამაჩაბლოს კონფლიქტი - აუცილებელია პრესის რეგულირება.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "რეალურად, ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზულად დავფიქრდეთ, რომ უნდა იყოს შეზღუდული დემოკრატიული მოთხოვნებით, მაგალითად, ცილისწამება. მე ვითხოვ, რომ რეალური კანონით ეს სფერო მოწესრიგებული იყოს ამ სესიაზევე."

[ ნინო ბურჯანაძის ხმა] "რაც შეეხება პრესის კანონს - ვალდებულებაც გვქონდა აღებული ამასთან დაკავშირებით. ოღონდ, სიფრთხილეა საჭირო. ვგულისხმობ, რომ ცენზურას პრესას ვერ დავუწესებთ."

სხვათაშორის, პარლამენტის კიდევ ერთი ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი გასულ კვირას უშედეგოდ კითხულობდა:

[გიგი წერეთლის ხმა] " ამიხსენით, რას ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების რეგულაცია?"

თუ ამას რამდენიმე დღის წინათ გაზეთ " ახალი თაობის" ჟურნალისტთან გიორგი უძილაურთან დაკავშირებულ ინციდენტსაც დავუმატებთ - მისი თბილისის მერიის შენობასთან დებოშიორობის მოტივით დაკავება ჟურნალისტებმა ასევე ცენზურის მცდელობად შეაფასეს - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში მასმედიაზე ზემოწმედების მოხდენის როგორც გლობალური, ისე კერძო მცდელობები მრავლად იქნება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


"ბნელი წლები" თბილისის უნივერსიტეტის ისტორიაში

ბიძინა რამიშვილი:
მოგეხსენებათ, გასულ კვირაში აღინიშნა 85 წლისთავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან. ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა წიგნი "თბილისის უნივერსიტეტის რექტორები". ჩვენი კოლეგის, დავით პაიჭაძის ყურადღება მიიპყრო პერიოდმა 1926 წლიდან 1942 წლამდე, როცა უნივერსიტეტს სათავეში ედგნენ ადამიანები, რომელთაც მეცნიერებასთან ძალიან სუსტი კავშირი თუ ჰქონდათ. მათი უმეტესობა 1937-38 წლებში დახვრიტეს. რექტორთა ბიოგრაფიებისა და საქმიანობის აღწერის მიღმა უთუოდ შეიძლება საინტერესო ფაქტებისა და ტენდენციების ამოცნობა. ამ მიზნით თბილისის სტუდიაში მოვიწვიეთ წიგნის ავტორი, ისტორიკოსი გოჩა საითიძე.

იხ. აუდიოვესია

[მუსიკა]

კლაუდიო არაუს დაბდების ასწლიანი იუბილე

ბიძინა რამიშვილი:
კლაუდიო არაუ სერიოზული ხელოვანი იყო - როცა ფორტეპიანოზე უკრავდა, ნაწარმოებს უთუოდ იაზრებდა კიდეც. მისთვის მთავარი იყო ნაწარმოების არსში ჩაწვდომა, ამ ამოცანის სამსახურში უნდა მდგარიყო პიანისტის ოსტატობა - ვირტუოზული ტექნიკა თუ მოხდენილი ფრაზის შესრულების უნარი. ასეთივე იყო არაუ, როგორც პიროვნება - სერიოზული, საკუთარი თავში ჩაღრმავებული ადამიანი, რომელიც ემოციებს მუსიკალური ნაწარმოების ინტერპრეტაციით ამჟღავნებდა. "მან თავისი ტექნიკა და ხასიათი მუსიკის სამსახურში ჩააყენა და არა პირიქითო", წერდა 1991 წლის 10 ივნისს პიანისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის გაზეთ "ტაიმსის" მიმომხილველი. რამდენიმე დღის წინ კი მუსიკალურმა სამყარომ აღნიშნა კლაუდო არაუს - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებლის დაბადების ასწლიანი იუბილე, რომელსაც ჩვენც გამოვეხმაურებით: მიკროფონს მარიამ ჭიაურელს გადავცემ.

მარიამ ჭიაურელი:
კლაუდიო არაუ 5 წლის იყო, როცა სანტიაგოში პირველი სოლო კონცერტი გამართა. ორი წლის შემდეგ ის მშობლიური ჩილედან ბერლინში იყო გადასახლებული, რათა იმ დროის ერთ-ერთ წამყვან პედაგოგთან მარტინ კრაუზესთან ემეცადინა - თვით კრაუზე, სხვათა შორის დიდი უნგრელი მუსიკოსის, ფერენც ლისტის მოწაფე იყო. 11 წლის არაუ სოლო კონცერტით წარდგა უკვე ევროპელი მსმენელების წინაშე, ხოლო 16-17 წლის ასაკში ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა ლისტის სახელობის ურთულეს კონკურსში - ეს წარმატება მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ რომ ლისტის სახელობის კონკურსში მანამდე 45 წლის მანძილზე არავისთვის მიუნიჭებიათ პირველი პრემია.

ასე, 20-იან წლებში დაიწყო კლაუდიო არაუს საერთაშორისო კარიერა: ის წელიწადიში ზოგჯერ ასზე მეტ კონცერტს მართავდა, იყო პირველი პიანისტი, რომელსაც კონცერტებზე აქვს შესრულებული იოჰან სებასტიან ბახის ყველა საფორტეპიანო ნაწარმოები, მოცარტისა და ბეთჰოვენისა ყველა სონატა. საერთოდ, არაუს რეპერტუარში, რომელიც განსაცვიფრებელი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ცენტრალური ადგილი ეკუთვნოდა ბეთჰოვენსა და რომანტიკოსებს- პიანისტს სახელი გაუთქვა შუბერტისა და ვებერის, შუმანისა და ბრამსის, შოპენისა და ლისტის ნაწარმოებების შესრულებამ. ამ სიუჟეტის დასაწყისში კი შემოგთავაზეთ ნაწყვეტი ბეთჰოვენის ნაწარმოებიდან - მესამე საფორტეპიაო კონცერტიდან- კლაუდიო არაუს შესრულებით. მუსიკას ისევ დავუბრუნდებით - ახლა კი, რახან არაუზე ვსაუბრობთ, რამდენიმე სიტყვა პოლიტიკაზეც უნდა ითქვას და აი, რატომ: 1967 წელს პიანისტმა, ჩილეში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, უარი თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე, ამერიკული პასპორტი აიღო და სამშობლოში დიდხანს აღარ დაბრუნებულა. 17 წლის შემდეგ მისი პირველი კონცერტი ჩილეში ნამდვილი ტრიუმფი იყო - პრესა კლაუდიო არაუს მშვიდობის სიმბოლოდ, გმირად მოიხსენიებდა, მის კონცერტებს კი ჩილელი ტელემაყურებლების 80 პროცენტი ადევნებდა თვალყურს.

ეს დიდი მუსიკოსი და პიროვნება, რომელსაც გასულ კვირაში 6 თებერვალს, ასი წელი შეუსრულდებოდა, დიდხანს ანებივრებდა თავისი ხელოვნების ჩილელ თუ უცხოელ მოყვარულებს - მისმა საკონცერტო კარიერამ, ფაქტობრივად 8 ათწლეული გასტანა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ჩანაწერს მოვუსმინოთ - ეს არის ნაწყვეტი ბეთჰოვენის 26-ე საფორტეპიანო სონატიდან კლაუდიო არაუს შესრულებით.

[მუსიკა]

ფრანკო ძეფირელი - 80

ბიძინა რამიშვილი:
სულ ახლახან ფრანკო ძეფირელიმ კიდევ ერთხელ შეახსენა თავის თაყვანისმცემლებსაც და კრიტიკოსებსაც, რომ მძიმე ხასიათის პატრონია: როცა დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი ბოლო ნამუშევრის, "Callas Forever"-ის, ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენების შესახებ, ხანდაზმულმა რეჟისორმა ნერვები ვერ მოთოკა და წამოიძახა: "არავითარ შემთხვევაში! ვენეციაში ხომ მხოლოდ ირანულ და ინდურ ფილმებს უჩვენებენო!"

ასეთი გახლავთ იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი: დიპლომატიის ნიჭს მოკლებული და ხშირად რადიკალური, ჭირვეული და ზოგჯერ უტაქტო. 12 თებერვალს ფრანკო ძეფირელის 80 წელი შეუსრულდა. მის შესახებ დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

დავით კაკაბაძე:
თავისი მშობლიური იტალიისა არ იყოს, ფრანკო ძეფირელიც წინააღმდეგობებით არის სავსე. ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში მას უთქვამს, პრაგმატიკოსი უფრო ვარ, ვიდრე მისტიკოსიო. ცნობილია მისი შემდეგი გამონათქვამიც: ჩემთვის არც რელიგია არსებობს და არც იდეოლოგიაო. რომს ძეფირელიმ ერთხელ "კულტურის სფეროში ბინძური, უსირცხვილო, პაპისტური სოფელიც" კი უწოდა.

მაგრამ უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტია, ძეფირელი მორწმუნე კათოლიკეა. რეჟისორის მსოფლმხედველობის ასეთ მკვეთრ შეცვლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საავტომობილო კატასტროფამ, რომელშიც იგი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. მას შემდეგ მან რელიგიის თემაზე რამდენიმე ფილმი გადაიღო. მათგან ყველაზე ცნობილია სატელევიზიო სერიალი იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე და კინოფილმი "ძმაო მზე/დაო მთვარე", რომელიც ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.

თეატრსა და კინოში ფრანკო ძეფირელის კარიერას ბიძგი მისცა ლუკინო ვისკონტისთან თანამშრომლობამ. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა იგი თავის ასისტენტად მიიწვია. იმავე პერიოდში ძეფირელიმ რამდენიმე თეატრალური და საოპერო დადგმა გააფორმა, როგორც მხატვარმა, ერთ-ერთი მათგანი - სალვადორ დალისთან ერთად. ამას მოჰყვა პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევრები დიდ საოპერო სცენებზე: ჯერ მილანის ლა სკალაში, შემდეგ - ლონდონის კოვენტ გარდენსა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. საოპერო ხელოვნებისადმი ძეფირელის არაგულგრილი დამოკიდებულება გამოიხატა არა მარტო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადგმული მრავალრიცხოვანი სპექტაკლებით, არამედ მუსიკალური ნაწარმოებების კინოვერსიებითაც, რომელთაგან უწინარესად "ტრავიატა" და "ოტელო" უნდა გამოვყოთ.

თავისი პირველი კინოფილმი ფრანკო ძეფირელიმ 44 წლის ასაკში, 1967 წელს გადაიღო. ეს გახლდათ შექსპირის "ჭირვეულის მორჯულების" ეკრანიზაცია, რომელიც თავის დროზე საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული იყო (რაშიც, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვით მთავარი როლების შემსრულებლებს ელიზაბეთ ტეილორსა და რიჩარდ ბარტონს).

ერთი წლის შემდეგ შექსპირის ნაწარმოების კიდევ ერთმა ეკრანიზაციამ იტალიელ კინორეჟისორს უკვე ჭეშმარიტი აღიარება მოუტანა: "რომეო და ჯულიეტას" მისეულმა ინტერპრეტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა კრიტიკოსთა მხრიდან, იგი მილიონობით მაყურებელმა ნახა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

[ნინო როტას მუსიკა კინოფილმიდან "რომეო და ჯულიეტა"]

კითხვაზე, ასე ხშირად რატომ იყენებთ შექსპირის ნაწარმოებებს თქვენი ფილმებისა და სპექტაკლებისთვისო, ძეფირელიმ უპასუხა: "ჩვენი ცხოვრება იმდენად მოსაწყენია, რომ მაყურებელს თეატრსა და კინოში მაინც უნდა მისცე საშუალება, ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობები განიცადოსო."

ფრანკო ძეფირელის ფილმები ექვსჯერ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, აქედან ხუთჯერ - საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში, მაგრამ "ოსკარი" იტალიელმა ხელოვანმა ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა.

ამ რამდენიმე წლის წინათ ფრანკო ძეფირელიმ ერთხელ კიდევ აალაპარაკა კინოს სამყარო. 1999 წელს გადაღებული კინოფილმით "ჩაი მუსოლინისთან ერთად" მან თითქოს თვალი გადაავლო საკუთარ ცხოვრებას, ფლორენციაში გატარებულ ბავშვობასა და ყრმობას. "უნდა შეგეძლოს, საკუთარ ცხოვრებას ისე შეხედო, თითქოს სხვა ადამიანის ცხოვრებას აკვირდებოდეო", თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მხცოვანმა კინოხელოვანმა.

[მუსიკა]

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
კინოს თემას შევეხებით ჩვენს შემდეგ სიუჟეტშიც - ტრადიციულ რუბრიკაში "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".

[მუსიკა]

სამშაბათს, 11 თებერვალს, ამერიკის კინოაკადემიამ გამოაცხადა წლევანდელ ოსკარებზე წარდგინებები. კინოს ქართველ მოყვარულთათვის წლევანდელი ნომინაციები განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს. საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოთხ სხვა ფილმთან ერთად წარდგენილია გერმანელი კინორეჟისორი ქალის, კაროლინე ლინკის ფილმი "არსად აფრიკაში", რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. ფილმში, რომელმაც გასულ წელს გერმანიაში ხუთი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, მოგვითხრობს გერმანელ ებრაელთა წყვილიზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში გაერიდა ნაციონალ-სოციალიზმს. სხვათა შორის, კაროლინე ლინკის წინა ფილმი, "მდუმარების მიღმა", აგრეთვე იყო წარდგენილი ოსკარზე.

[მუსიკა]

ჩვენი შემდეგი თემაც კინო და ომია. ოღონდ ლაპარაკი გვექნება არა მეორე მსოფლიო ომზე, არამედ მომავალ ომზე ერაყის წინააღმდეგ, რომლის კონტურები სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება. ამ დღეებში კინემატოგრაფისტებმა მთელს მსოფლიოში გამოხატეს პროტესტი საომარი კამპანიის წინააღმდეგ და მსოფლიოს, პირველ რიგში კი შეერთებული შტატების მთავრობას, მოუწოდეს გონს მოეგოს და ერაყის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებითვის იზრუნოს. ომის საწინააღმდეგო გამოსვლებში ტონის მიმცემი იყო ჰოლივუდი და ბერლინი, სადაც ამ დღეებში 53-ე ბერლინალე მიმდინარეობს. მარტინ სკორსეზე, მარტინ შინი, შონ პენი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ რედფორდი - აი, იმ ვარსკვლავთა მოკლე სია, რომელთაც ამ დღეებში მწვავედ გაილაშქრეს ბუშის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. "მე ანტიამერიკანისტი არა ვარ, მაგრამ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას ვეწინააღმდეგებიო", თქვა დასტინ ჰოფმანმა ბერლინში. ხოლო მარტინ სკორსეზემ, რომელიც თავის ფილმებში ათწლეულების მანძილზე იკვლევს ძალადობის ფენომენს, ჟურნალისტებს განუცხადა: "ნებისმიერმა ჭკუათამყოფელმა იცის, რომ ძალადობით შეუძლებელია სამყაროს შეცვლა. და თუკი ეს მაინც ხერხდება, მხოლოდ დროებითო".

[მუსიკა]

ისევ დავუბრუნდეთ ოსკარების გადაცემას, რომელიც 23 მარტს შედგება. მრავალი მსახიობი თუ რეჟისორი გულის ფანცქალით მოელის ამ დღეს და იმედოვნებს, რომ ჰოლივუდში ოსკარით დაჯილდოეუბულთა შორის მასაც იხილავს კინოს სამყარო. სხვაგვარად ფიქრობს გამოჩენილი კინორეჟისორი რომან პოლანსკი, რომელსაც გამარჯვების არც თუ ურიგო შანსები აქვს - ოსკარზეა წარდგენილი მისი უკანასკნელი ნამუშევარი "პიანისტი" - მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც კი სათუო იქნება ამერიკაში მისი ჩასვლა. პოლანსკი 1978 წელს გაიქცა კალიფორნიიდან, სადაც მის წინააღმეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. რეჟისორს 13 წლის ფოტომოდელის გაუპატიუება ედება ბრალად. ამ ამბის შემდეგ პოლანსკი უკვე 25 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. ამერიკაში დაბრუნების შემთხვევაში მას 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თავად დაზარალებულმა ინციდენტიდან ოცი წლის შემდეგ საჯაროდ აპატია კინორეჟისორს. მაგრამ კანონი კანონია.
"პიანისტი" შვიდ ოსკარზეა წარდგენილი. პოლანსკი აქამდე სამჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე.

[მუსიკა]

მრავალრიცხოვანი წინადადებებით განებივრებულმა ნიკოლ კიდმანმა თვალი დაადგა ცნობილი "ბეტმენის" ვარიანტს - "კეტვუმენს" ანუ "კატა-ქალი". როგორც "ჰოლივუდ რეპორტერი" იტყობინება, თავდაპირველად ეშლი ჯადს უნდა მოერგო კატის კოსტიუმი. მაგრამ არჩევანი ბოლოს მაინც კიდმანზე შეჩერდა. თუმცა ოსკარის მფლობელმა ითხოვა, რომ სცენარზე მუშაობის დამთავრებას დაელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ფილმს გადაიღებს ფრანგი რეჟისორი პიტოფი. გასულ წელს მსოფლიო კინოეკრანები დაიპყრო მისმა ფილმმა "ვიდოკი". "კეტვუმენის" მთავარი გმირია კატების მოყვარული სათნო ქალი, რომელიც ორმაგ ცხოვრებას ეწევა და ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. ეს ფიგურა თავდაპირველად კომიქსის გმირს, ბეტმენს ედგა გვერდში. მაგრამ შემდეგ ემანსიპაცია განიცადა და დამოუკიდებელ გმირად იქცა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG