Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უჭერენ მხარს სამხრეთი კავკასიის ქვეყნები ვაშინგტონის პოლიტიკას ერაყის საკითხში?


ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან და ევროპის კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, სამხრეთი კავკასიის სამივე სახელმწიფო, შეიძლება ითქვას, ერთსულოვნად უჭერს მხარს ვაშინგტონის

მკვეთრ პოლიტიკას ერაყის მიმართ. თუმცა, ამ მხარდაჭერის საფუძველი და ხარისხი განსხვავებულია; გამომდინარე სამი სახელმწიფოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტებიდან. შეერთებული შტატების მიმართ ერაყის კრიზისის დაძლევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთიანი სოლიდარობის განსხვავებულ მიზეზებს ეძღვნება ჩვენი შემდეგი სიუჟეტი.

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ერაყის კრიზისის დაძლევაში ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ; რისი ამოსავალი წერიტილიც ის გახლავთ, რომ სადამ ჰუსეინი არ თანამშრომლობს გაეროს განიარაღების ინსპექტორებთან და მის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება შეიძლება გარდაუვალი გახდეს. ედუარდ შევარდნაძემ კი საკუთარი პოზიცია ამგვარად ჩამოაყალიბა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "საქართველოს პოზიციის დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს ქმნის - არა აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება ის, რომელ რეგიონში - უდიდესი საფრთხის მატარებელია არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ხოლო ასეთი გამოვლინება უნდა დაისაჯოს კიდეც".

გასულ კვირასვე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიეთ გულიევმა განაცხადა, რომ ბაქო მხარს უჭერს შეერთებული შტატების მიერ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვნებელყოფის მცდელობას და აგრეთვე კრიზისის შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულებას. ბაქომ აგრეთვე მოუწოდა ერაყს გაეროს ინსპექტორებთან თანამშრომლობისა და გაეროს რეზოლუციების შესრულებისკენ.

რაც შეეხება სომხეთის პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ძიუნიკ აღაჯანიანმა სომხეთის ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ერევანი მხარს უჭერს ერაყის სრულ და უპირობო განიარაღებას.

მიუხედავად მსგავსებისა, სამხრეთი კავკასიის სამი სახელმწიფოს პოზიციებს მაინც განსხვავებული საფუძველი და მოტივაცია აქვთ.

რიჩარდ კირაკოსიანი რედაქტორობს ყოველთვიურ გამოცემას სახელწოდებით: "ტრანსკავკასია: ქრონოლოგია". ის ერაყის საკითხზე სამხრეთკავკასიური სოლიდარობის ერთიან მიზეზზე საუბრობს:

[რიჩარდ კირაკოსიანის ხმა] "ევროპისგან განსხვავებით, ვაშინგტონსა და ტრანსკავკასიის ქვეყნებს შორის აზრთა რეალური სხვადასხვაობა არ შეინიშნება. ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ სამივე ეს სახელმწიფო თავს აცხადებს როგორც მოსკოვის, ასევე ვაშინგოტნის სტრატეგიულ მოკავშირედ ტერორიზმთან ომში".

კირაკოსიანი იქვე დასძენს, რომ საქართველოს მხარდაჭერა ვაშინგტონის მიმართ უფრო კატეგორიული ხასიათის არის, ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანის.

[რიჩარდ კირაკოსიანის ხმა] "საქართველოს დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან აისახება საქართველოს უფრო აშკარა სურვილსა და ამბიციაზე, გახდეს ნატოს წევრი, რაც მას განასხვავებს იმავე აზერბაიჯანისგან, და აგრეთვე მის მცდელობაზე, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შეერთებულ შტატებს. საბოლოოდ საქართველო თავის სასარგებლოდ, ამერიკული გავლენის გასაძლიერებლად იყენებს როგორც უკვე მოქმედ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას, ისე რუსეთიდან მომდინარე მუდმივ საფრთხეს პანკისის რეგიონში".

ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ სომხეთისა და აზერბაიჯანის შედარებით ფრთხილ მხარდაჭერაზე საუბრობს ჯაბა დევდარიანი, სამენოვანი საინტერნეტო ჟურნალ "სივილ ჯორჯიას" მთავარი რედაქტორი:

[ჯაბა დევდარიანის ხმა] "სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ერაყს უპირობო განიარაღებისკენ მოუწოდებს. მანვე გაეროს ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა, რითაც მხარი დაუჭირა კონფლიქტის მოწესრიგების გაეროსეულ გზას. მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის წარმომადგენელმაც".

დევდარიანისავე აზრით, აზერბაიჯანი თავის მოვალეობად უფრო ანკარის მხარდაჭერას მიიჩნევს, ვიდრე ვაშინგტონისას. ამ მოსაზრებას ადასტურებს აზერბაიჯანელი პოლიტიკური მიმომხილველი გაბილ ჰუსეინოვიც, რომელმაც რუსეთის ახალი ამბების სააგენტოს ახლახან განუცხადა, რომ ბაქო შეიძლება მალე ანტიერაყული კოალიციის წევრი გახდეს და მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების მოქმედებას.

ერაყის კრიზისის მიმართ ყველაზე მეტი სიფრთხილით ერევნის განცხადებები გამოიჩეოდა, რასაც ექსპერტები სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობებით ხსნიან. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო 1993 წლიდან სომხეთ-თურქეთის საზღვარი დაკეტილია.

და ბოლოს, რეალურად, მათი პოტენციალიდან გამომდინარე, რის გაკეთება შეუძლიათ შეერთებული შტატების მხარდაჭერის თვალსაზრისით სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს? ალბათ, საჰაერო სივრცის შეთავაზება. კონფლიქტის დასრულების შემდეგ კი, ზოგიერთის ვარაუდით, სამშვიდობო ოპერაციებისთვის კონტინგენტის გამოყოფა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG