Accessibility links

სახელმწიფო მინისტრი რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შეხვდა


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 18 თებერვალს, თბილისში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: სახელმწიფო მინისტრი ბაპტისტურ ეკლესიას ეწვია და იქ შეხვდა სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანებს - მართლმადიდებელთა,

კათოლიკეთა, ლუთერანთა, ორმოცდაათიანელთა, ევანგელისტთა და, ცხადია, თავად ბაპტისტთა წარმომადგენელ სასულიერო პირებს. ავთანდილ ჯორბენაძე მივიდა იმ ადგილას, სადაც 24 იანვარს სალოცავად შეკრებილი ასობით ადამიანი ბასილ მკალავიშვილის ჯგუფმა ეკლესიაში არ შეუშვა, ხოლო პოლიციას არაფერი გაუკეთებია რელიგიური ძალადობის აღსაკვეთად. რას შეიძლება ნიშნავდეს სახელმწიფო მინისტრის ჟესტი?

სახელმწიფო მინისტრის მისვლა ბაპტისტურ ეკლესიაში უპრეცედენტო იმიტომ იყო, რომ მაღალი თანამდებობის არც ერთ პირს ან პოლიტიკურ ლიდერს აქამდე მსგავსი არაფერი ჩაუდენია. ავთანდილ ჯორბენაძეს დეტალურად აღუწერეს, თუ რა ხდებოდა 24 იანვარს ბაპტისტთა შესაკრებელ ადგილას - მკალავიშვილის ქცევა, პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობა, მშვიდობიანი მრევლის თავდაჭერა... მართლმადიდებელმა მღვდელმა ბასილ კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ამკვიდრებენ რელიგიურ აპარტეიდს და არამართლმადიდებელი ქრისტიანები ფსიქოლოგიურ პრესსა და ფიზიკურ დევნას განიცდიან. 24 იანვარს საქართველოს თავი მოსჭრეს ბანდიტმა მკალავიშვილმა და პოლიციელებმა - მიქაბერიძემ და სალაძემ, განაცხადა პარლამენტის წევრმა მიხეილ ნანეიშვილმა. დღეს საქართველოში არის შუასაუკუნეობრივი სიბნელე, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოში არ არსებობდა; ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებას ავთვისებიანი სიმსივნე გაუჩნდა, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა დეპუტატმა. თავისი გულისტკივილი სახელმწიფო მინისტრთან გამოხატეს კათოლიკური ეკლესიის ვიკარმა გაბრიელ ბრაგანტინიმ და ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსმა საქართველოში ჰორსტ ჰუმელმა. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ სასურველია, საქართველოში მოქმედი რელიგიური ჯგუფები ასევე მოექცნენ კანონმდებლობის ჩარჩოებში.

ავთანდილ ჯორბენაძემ ჯერ პატივისცემა დაუდასტურა არა მხოლოდ იქ მყოფ სასულიერო პირებს, არამედ მათ მრევლსაც. ჯორბენაძის შემდგომი სიტყვები კი, ღირს, მისივე ხმით მოისმინოთ [ჯორბენაძის ხმა]: "პირველყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გახლავთ - საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრეზიდენტის სახელით, ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმისთვის, რაც აქ მოხდა".

სახელმწიფო მინისტრის აზრით, საზოგადოებაში ძალადობის (მათ შორის, რელიგიური ძალადობის) დასაძლევად სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობას და მოქალაქეების დაცვას. სამართალდამცავი სამსახურების თანამშრომლებმა თავიანთი ფუნქციები უნდა აღასრულონ. ჩვენ გვქონდა სამართალდამცავთა დაპირება, რომ რელიგიური რიტუალის დროს საზოგადოებას პრობლემა არ შეექმნებოდა. სამწუხაროდ, ეს შეპირება დაირღვა, განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ და დასძინა [ჯორბენაძის ხმა]: "მინდა, ვალდებულება ავიღო და პირობა მოგცეთ, რომ ყველანი ერთად დავსხდებით და განვიხილავთ იმ მიზეზებს, რომელთა გამო ადამიანებმა, წესრიგის დაცვა რომ ევალებათ, თავიანთი მოვალეობა არ აღასრულეს". ვითარების შესარბილებლად სახელმწიფო მინისტრს ასევე ფართო საგანმანათლებლო მუშაობა მიაჩნია საჭიროდ.

შეხვედრის დასასრულს მე ერთი კითხვით მივმართე ავთანდილ ჯორბენაძეს: მისი მისვლა ბაპტისტურ ეკლესიაში რამდენად არის იმის პირობა, რომ ამ ადამიანებს აღარ დაარბევენ? [ჯორბენაძის ხმა]: "შევეცდები, რომ ვიმუშაო და საამისოდ მაქსიმალური გარემო შეიქმნას ქვეყანაში".

ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ უმაღლეს ხელისუფალთა ბოდიში ლიტონი არ არის. სამართალდამცავთა იძულებას, დაიცვან მოქალაქეები, მარტო სახელმწიფო მინისტრის ნება და, მით უმეტეს, სიტყვები არ ყოფნის.
XS
SM
MD
LG