Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიას იწყებს


მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მწეველთა რიცხვი იზრდება და 2020 წლისთვის მილიარდ 600 მილიონს გადააჭარბებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ ორ კვირაში დაასრულებს მუშაობას

საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელიც მის 192 წევრ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების ჩვევასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ბრძოლა კი გულისხმობს როგორც საზოგადოების ინფორმირებას თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, ასევე ეკონომიკურ კონტროლს თამბაქოს წარმოება-დისტრიბუციაზე. როგორც ვარაუდობენ, ყველაზე სწრაფად მწეველთა რიცხვი განვითარებად ქვეყნებში იზრდება და ყველაზე რთულიც თამბაქოს გავრცელებასთან ბრძოლა განვითარებად ქვეყნებში იქნება.

მსოფლიო თამბაქოს გარეშე, კომუნიზმის არ იყოს, ილუზორულად ჟღერს. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ ამას ისახავს მიზნად, როცა პირველად იყენებს საკუთარი წესდების იმ მუხლს, რომელიც ჯანდაცვაზე საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენასა და ამოქმედებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას, ეწინააღმდეგებიან როგორც თამბაქოს მწარმოებლები, ასევე სარეკლამო, კინო, თუ სპორტის ბიზნესში ჩართული კომპანიები. მოგეხსენებათ, თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი მაღალსშემოსავლიანია მსოფლიოში, დიდ ფინანსურ რესურსებს მიმართავს საქველმოქმედო, იგივე ჯანდაცვისა, თუ სპორტულ ღონისძიებებში. სწორედ ეს გახლავთ თამბაქოს კომპანიების კონტრარგუმენტი იმ საერთაშორისო კამპანიის მიმართ რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა. მისი გენერალური დირექტორი ჯონ ლიდენი პრობლემის სიმწვავის წარმოსაჩენად აცხადებს:

[ლიდენის ხმა]
"თამბაქო ამჟამად დაავადებათა უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს, რომლის გამოც ყოველ წელიწადს 5 მილიონი ადამიანი კვდება. თუკი თამბაქოს ზეგავლენა უკონტროლოდ დარჩება, 2020 წლისთვის ის ორჯერ მეტ ადამიანს შეიწირავს. და თითქმის მთლიანი ზრდა განვითარებადი და აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხარჯზე მოხდება".

ჯონ ლიდენი მომავალი საერთაშორისო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე დასძენს:

[ლიდენის ხმა]
"ხელშეკრულების საშუალებით, ჩვენ გვექნება ძალიან ეფექტიანი, კონკრეტული ტექსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო თამბაქოს ჯანდაცვის ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს, მიზნად ისახავს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და რომ არსებობს უნივერსალური გაგება იმისა, რომ საჭიროა თამბაქოს მიწოდებისა და გამოყენების კონტროლი".

საქართველოში 1999 წლის მონაცემების მიხედვით, მწეველთა ყველაზე დიდი ნაწილი 40-დან 65 წლამდე მოქალაქეებზე მოდის, რომელთა 75 პროცენტი რეგულარულად ეწევა. შუახნის მწეველთა 60 პროცენტი მამაკაცია, 15 - ქალი. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მწეველების წილი 45 პროცენტს აღწევს.

ქვეყანაში თამბაქოს პოპულარობის შეფასებისას დიდი ყურადღება ექცევა ხოლმე ჯანდაცვის მუშაკებს შორის თამბაქოს წევის გავრცელებას. საქართველოში ეს მაჩვენებელიც ძალიან მაღალია: საქართველოს ჯანდაცვის მუშაკთა ნახევარზე მეტი მწეველია.

საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით ატარებს კიდეც მცირე მასშტაბის ღონიძიებებს მწეველთა შემცირების მიზნით, მაგრამ ეს, შეიძლება, მხოლოდ დასაწყისად ჩაითვალოს. მითუმეტეს, რომ იმავე დასავლეთში, სადაც უფრო მძლავრი საკანონმდებლო ბერკეტები მოქმედებს, მწეველთა რიცხვი განვითარებად ქვეყნებზე ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. სხვათაშორის, ამის ერთ-ერთ მიზეზად თამბაქოს მწარმოებელთა მიერ მარკეტინგული სტრატეგიის ქალებზე მიმართვაა. ისინი სარეკლამო თემებად სწორედ ქალებისთვის მომხიბლავ მოდას, თუ დამოუკიდებლობის მომენტს იყენებენ.

გარდა განვითარებულ ქვეყნებში ქალ მწეველებზე ორიენტირებისა, თამბაქოს კომპანიები საკუთარი პროდუქციის გასაღების ყველაზე პერსპექტიულ გზად აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბაზრების ათვისებას მიიჩნევენ.

კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვის ზრდას იწვევს: მსოფლიოში ექსპორტირებული თამბაქოს თითქმის ერთი მესამედი კონტრაბანდის სახით შედის ბაზრებზე. კონტრაბანდის დიდი წილი, ბუნებრივია, განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ცალკე პრობლემაა ის, რომ სიგარეტის კონტრაბანდა რიგი ქვეყნების საბიუჯეტო შემოსავლებს ამცირებს და კრიმინალების ჯიბეში მიედინება.

მსოფლიოში თამბაქოს წარმოება განუწყვეტლივ იზრდებოდა 70-იან, 80-იან წლებში და სტაბილური გახდა 90-იან წლებში. როგორც მოგახსენეთ, თამბაქოს კომპანიებისთვის განვითარებადი ბაზრები გასაღების ზრდის მიმზიდველ არეალად იქცა. იქნებ, იმიტომაც, რომ ასეთ რეგიონებში ოფიციალური აკრძალვა, ან კონტროლი, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს, ნაკლებად მუშაობს. ამასთან, უკანონო იმპორტი იძლევა თამბაქოს პროდუქციაზე დაბალი ფასის შენარჩუნების საშუალებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არა მოსახლეობის გათვითცნობიერება, ან საპროტესტო აქციები, არამედ თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადის და შესაბამისად, ფასის გაზრდაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ ცალკეული სახელმწიფოების მიერ თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიზნით პოლიტიკის გატარებას გარკვეულ საფუძველს მისცემს ის საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მომზადებასაც უკვე მეხუთე შეკრება ეძღვნება და რომლის ინიციატორებსაც იმედი აქვთ, რომ მაისში დაგეგმილ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე ის დამტკიცდება. ამის შემდეგ კი მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ შეთანხმების რატიფიკაცია და განხორციელება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG