Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად აიმედებთ ქუვეითში მყოფ ერაყელ შიიტებს ვაშინგტონის დღევანდელი პოლიტიკა


შიიტები მსოფლიოს მუსულმანთა 10-15 პროცენტს შეადგენენ. ერაყში კი მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიიტები არიან. ისინი უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტია სადამ ჰუსეინის სუნიზმის მიმდევარი

რეჟიმისგან შევიწროებას განიცდიან. ამ ხნის განმავლობაში ათასობით ერაყელი შიიტი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და საუდის არაბეთში, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონის სხვა ქვეყნებში წასულიყო. ერაყში მოვლენების განვითარება მათ ისევე აინტერესებთ, როგორც სხვა ერაყელ პოლიტიკურ ემიგრანტებს. ისინი ემხრობიან შეერთებული შტატების ინიციატივას სადამის რეჟიმის სამხედრო გზით დამხობის შესახებ, მაგრამ დიდი სიფრთხილით უყურებენ სადამის შემდგომ მოვლენების შესაძლო განვითარებას.

რის გაკეთებას აპირებს შეერთებული შტატები ერაყის ახლანდელი რეჟიმის დამხობის შემდეგ. როგორი რეჟიმის დამყარებას აპირებს ვაშინგტონი. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ჰუსეინის ძალაუფლების დასრულების შემთხვევაში, ქვეყნის მომდევნო ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე თავად ერაყელმა ხალხმა უნდა იზრუნოს. "ჩვენ არ ვცდილობთ ერაყელებს თავს მოვახვიოთ საკითხის ჩვენებური - ამერიკული გადაწყვეტა, ანდა ქვეყნის გარეთ მყოფი ოპოზიცია", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში - "შეერთებული შტატების პოლიტიკა ერაყში". იმავე დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი გაუძღვება ერაყის ეკონომიკური განვითარების, იქ სამოქალაქო საზოგადოებისა და საშუალო ფენის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორების აღდგენის პროცესს. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, სადამის დამხობის შემთხვევაში ერაყის ოფიციალური პერსპექტივა. ახლა კი იმ დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ბოლოს და ბოლოს დაბრუნდეს ერაყში და იქ ბედნიერად იცხოვროს.

რადჰა ალ-ღაზვინი 70-იანი წლების დასაწყისიდან ემიგრაციაში იმყოფება და დღემდე ერაყში დაბრუნებაზე ოცნებობს. სადამ ჰუსეინის მთავრობის დამხობა ამის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. რადჰას ერაყიდან გაქცევა საკუთარი ლექსის გამო მოუხდა, რომელიც მან რელიგიურ დღესასწაულზე წაიკითხა. ლექსში ის ეჭვის ქვეშ აყენებდა ერაყში რევოლუციის შედეგად მოსული ბაათის პარტიის კეთილ ზრახვებს. რადჰა ალ_ღაზვინი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ათასი ერაყელიდან, რომელიც დღეს ქუვეითში ცხოვრობს. ის არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ არის და არც ერაყის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობას აპირებს, რომელიც რამდენიმე დღეში ერაყის ჩრდილოეთში ქალაქ არბილში უნდა გაიმართოს. ალ-ღაზვინი კატეგორიულად ემხრობა სადამის ძალით დამხობის იდეას, რადგან ეს გარდაუვალად მიაჩნია. ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციების შესახებერაყელი ემიგრანტი ამბობს:

[ალ-ღაზვინის ხმა]
"ჩვენ გვაბნევს ეს დემონსტრაციები. ჩვენ მადლიერი ვართ იმ ხალხის ერაყელების მიმართ თანაგრძნობისთვის. მაგრამ ვერ გაგვიგია, რატომ არ ესმით მათ თუ რა საშინელ მდგომარეობაშია ერაყელი ხალხი ერაყში და მის გარეთ სადამ ჰუსეინის გამო".

რადჰა ალ-ღაზვინს ჰყავს 7 შვილი და 23 შვილიშვილი. მიუხედავად ამისა, ის - ემიგრაციაში მყოფი, სიმშვიდეს ვერ პოულობს და ელის მომენტს, როცა ოჯახთან ერთად ერაყში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს.

[ალ-ღაზვინის ხმა]
"თუკი სადამის რეჟიმი დაემხობა, ის ერაყელები, რომლებიც დღეს ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ, კერძოდ კი ქუვეითსა და სპარსეთის ყურეში, სამშობლოში დაბრუნებამდე დაიცდიან, რომ დარწმუნდნენ გარდაქმნის შედეგებში. ისინი დაიცდიან, რომ დაინახონ იქნება თუ არა მათთვის სიკეთის მომტანი სადამის შემდგომი მთავრობა და დამყარდება თუ არა სამოქალაქო და დემოკრატიული რეჟიმი, რომელიც ამ ხალხში რწმენასა და დაცულობის შეგრძნებებს აღძრავს. ამგვარი სიფრთხილე წარსულის ცუდი გამოცდილების ბრალია".

ეს გახლდათ 62 წლის ერაყელი შიიტი, რომელიც დღეს ქუვეითში ცხოვრობს. რაც შეეხება ცუდ გამოცდილებას, რომელიც მან ახსენა:
შიიტებს არასდროს დაავიწყდებათ 1991 წლის მარტში განცდილი მარცხი, როცა მათ შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის სიტყვები შეგულიანებად მიიღეს და ამბოხება მოაწყვეს. მაშინდელ ამბოხებას სადამ ჰუსეინი მკაცრად გაუსწორდა. ქურთებმა და შიიტებმა თავი ვაშინგტონის მიერ მოტყუებულებად ჩათვალეს. ვაშინგტონმა კი მოგვიანებით განმარტა, რომ ბუში და მისი მრჩევლები მოელოდნენ არა შიიტებისა და ქურთების ამბოხს, არამედ დაპირისპირებას თავად მმართველ ბაათის პარტიაში, რაც შიიტებსა და ქურთებშიც მოიპოვებდა მხარდაჭერას. ასეა თუ ისე, 12 წლის წინანდელი გაკვეთილი ერაყის ოპოზიციას კარგად დაამახსოვრდა.

ერაყის საკითხზე ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ ერაყული ოპოზიციის სიფრთხილის მიზეზებზე ნინო გელაშვილი გესაუბრებოდათ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG