Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში


საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებამ 2002 წლის პირველი ნახევარი მოიცვა. ანგარიშის თემატიკა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესაბამისად,

შეეხო ისეთ ძირითად საკითხებს, როგორებიცაა რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, საარჩევნო დარღვევები, დანაშაულზე რეაგირებისა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობა, ტრეფიკინგი, სამხედრო მოხელეთა უფლებები და სხვ. მოხსენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანაში გაძნელებულია არა მარტო ადამიანის უფლებების დაცვა, არამედ ომბუდსმენის მონიტორინგის ფუნქციის ეფექტურობაც. საქმე ისაა, რომ ომბუდსმენის ძირითად სამართალდამცავ იარაღს, რეკომენდაციას, სახელმწიფო უწყებები სისტემატურად იგნორირებენ.

საქართველოს ომბუდსმენის დაგვიანებული მოხსენებიდან რამდენიმე რეკომენდაციის მოტანა შეგვიძლია. დავიწყოთ თემით, რომელიც მოხსენების ირგვლივ გამართული საპარლამენტო დებატების მიხედვით, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, პირველხარისხოვანი აღმოჩნდა. ესაა რელიგიური ექსტრემიზმი, რომელიც რელიგიურ უმცირესობებზე გახშირებული ორგანიზებული თავდასხმებით საზოგადოებას საკმაოდ ხშირად ახსენებს თავს. ომბუდსმენ დევდარიანის წინადადებით, ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია დაჩქარდეს შესაბამისი კანონის მიღება. სამართლიანი არჩევნების უზრუნველმყოფელი კანონის მიღებისა და საპარლამენტო კონსენსუსისაკენ მოუწოდა ომბუდსმენმა პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც პრაქტიკულად უკვე შეუდგნენ წინასაარჩევნო სამზადისს. ომბუდსმენის რეკომენდაცია იმ დროს გახმიანდა, როცა მომხსენებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონდარღვევებზე საუბრობდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის ნეგატიურ შეფასებას იძლეოდა. ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ომბუდსმენის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები სახალხო დამცველს მხოლოდ კონტროლისა და მონიტორინგის უფლებებით შემოფარგლავს. აღნიშნულ საკანონმდებლო კოლიზიაზე ნანა დევდარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდანაც განაცხადა:
[ნანა დევდარიანის ხმა] "თუ არ ვცდები, ბატონი რეზო მიშველაძე საუბრობდა ამაზე, რეალურად რეკომენდაცია რა არის, თუ მას არაფერი არ მოჰყვება. ერთხელ ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა მკითხა, ადრეც მითქვამს ეს: კიო, ყველაფერი სწორი გიწერია ამ რეკომენდაციაშიო, მაგრამ რომ არ შევასრულო, რა იქნებაო. მაშინ ვუთხარი მე, რომ სახალხო დამცველი კომბლე არ არის, რომ კომბლებს თლიდეს და ჭერში აწყობდეს და მერე ვიღაცას გამოეკიდოს კომბლით. ადამიანის უფლებების დაცვის სისტემა დგას მხოლოდ საღ აზრზე, მხოლოდ გონიერებაზე. მე არა ვარ არც არავის დამჭერი, არც არავის გამსამართლებელი. მე მიგითითებ, რომ ეს არ გვაქვს სწორად და, თუ შენ შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ და გინდა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ვითარება იყოს, ადექი და გააკეთე, როგორც ჯობია, ისე."
წინასწარ ძნელი სათქმელია, მართლაც შესწორდება თუ არა კანონი ომბუდსმენის შესახებ, რომელიც, დეპუტატ თევდორაძის შეფასებით, არამარტო პოსტსაბჭოურ სივრცეშია საუკეთესო. მაგრამ მუშაობა კანონის დახვეწის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, უკვე დაიწყო, რადგან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავალება მიიღო.
კიდევ ერთი ინიციატივა, ომბუდსმენის უფლებების პრაქტიკულად გაფართოების მიმართულებით, დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის:
[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "მე ვისურვებდი, ქალბატონო ნანა, იქნება გაითვალისწინოთ, რომ შემდგომში, იმ მოხსენებასთან ერთად, რომელიც, ცხადია, ზოგისთვის საინტერესოა, ზოგისთვის - მეტ-ნაკლებად, ზოგისთვის - შეიძლება საკამათო, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნება ყოველთვის, იქნებ, ამავე დროს, ის, რაც თქვენ კანონით გაძლევთ ხოლმე უფლებას, დავამკვიდროთ თანდათან ეს პრაქტიკა, რომ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი მოხსენებით პირდაპირ შემოიტანოთ ხოლმე, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იმ ერთი წლის განმავლობაში დაგიგროვდათ."[სტილი დაცულია]
ეგრეთ წოდებულ დამნაშავე პირთა სია, რომელზეც დეპუტატი მაღლაფერიძე მიუთითებდა, ნანა დევდარიანის თქმით, უკვე 2002 წლის მეორე ნახევრის ანგარიშს დაერთვება თან. მორიგი ანგარიშით ომბუდსმენი, სავარაუდოდ, უახლოეს 2 თვეში წარდგება პარლამენტის წინაშე.
XS
SM
MD
LG