Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის ტარიფის გარშემო ბრძოლა გრძელდება


2003 წლის 1 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ახალი, შემცირებული ტარიფი ამოქმედდა. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ

ამგვარი ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით გადადგა. სწორედ ამ ნაბიჯის გამო დღეს მას სახელმწიფო ელექტროსისტემა და ენგურჰესი უზენაეს სასამართლოში უჩივის. უცნაურია, მაგრამ სემეკი მოსარჩლე მხარეს ბოლომდე ეთანხმება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში, რომელიც გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ობიექტებს აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია მას უსამართლოდ მოექცა. საუბარია ელექტროენერგიის ტარიფში ამ უწყების წილის ეკონომიკურად დაუსაბუთებელ შემცირებაზე. ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბეგიაშვილის განცხადებით, სემეკის უსამართლო გადაწყვეტილებამ სისტემაში დასაქმებული 18 ათასი ადამიანის შემოსავალი აშკარა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ხსენებულ უწყებასთან ერთად, უზენაეს სასამართლოში გუშინ სარჩელი შეიტანა ენგურჰესმა -ერთ-ერთმა მთავარმა დაზარალებულმა, რომლის წილიც ელექტროენერგიის ტარიფში 30%-ით შემცირდა. ყოველივე ამან ენგურჰესს, შესაძლოა, საშვილიშვილო იმედები გაუცრუოს და მისი რეაბილიტაციის 63-მილიონ დოლარიანი პროგრამა ჩაშალოს. საქმე ისაა, რომ უცხოურმა ორგანიზაციებმა (შემცირებული ტარიფის პირობებში), შესაძლოა, ხსენებული 63 მილიონი დოლარის დროულად ამოღების შანსი ვეღარ დაინახონ. ეს თანხა ხომ, მართალია, შეღავათიანი, მაგრამ მაინც კრედიტია.

როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, ეს, წესით, 5-დღიან ვადაში უნდა შევიტყოთ. მანამდე კი, ფრიად საინტერესოა, რომ სემეკი მოსარჩლე მხარის პრეტენზიებს ბოლომდე იზიარებს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი ტარიფის შემცირების შედეგად მოსალოდნელ გართულებებზე ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში საუბრობდა. კომისიაში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ხსენებული შემცირება მექანიკური იყო და მას საფუძვლად ეკონომიკური გათვლები სულაც არ ედო. ერთი სიტყვით, სემეკი თავის უსამართლობას აღიარებს, თუმცა მასმედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი თამარ ნოსელიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარდაუვალი აღსრულება სემეკს სხვაგვარად არ შეეძლო:

(თამარ ნოსელიძის ხმა) "ეკონომიკური გათვლები ამ შემთხვევაში ტარიფს ვერ შეამცირებდა, ხელახალი დათვლის შედეგად იმავე ტარიფს მივიღებდით. ამიტომ სემეკმა გადაწყვიტა ადმინისტრაციული წესით შეემცირებინა ტარიფი და მოაკლო 10 პროცენტი ტარიფში შემავალ ყველა კომპონენტს".

შექმნილია ერთობ უცნაური ვითარება: თუკი ელექტროენერგიის საფასურის შემცირებას არანაირი ეკონომიკური გამართლება არ მოეძებნება, მაშინ საკითხავია, რას ეყრდნობოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ტარიფის შემცირების ბრძანება გასცა. მთელი ამ ამბის წამომწყებ მოქალაქე შალვა ნათელაშვილს სჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას ენერგომაფიის მიერ დაჩაგრული ხალხის ინტერესებსა და სრულ ჭეშმარიტებას ეყრდნობოდა.
XS
SM
MD
LG