Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია იგორ გიროგაძის დაბრუნება საქართველოში


ის, რაც ზოგჯერ ნაკლებად აქტუალურად მოჩანს საქართველოს შიგნით, საყურადღებოდ მიაჩნიათ მის გარეთ. ბრიტანულ ყოველკვირეულ საინფორმაციო-ანალიტიკურ გამოცემაში

"ჯეინს ინთელიჯენს დაიჯესტ"-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "პუტინის სტრატეგია თანამეგობრობის ქვეყნებში", რომელშიც საუბარია ერთ დროს "სუუამის" წევრ ქვეყნებში რუსეთის სტრატეგიის შესახებ. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის გეგმა საქართველოს მომავლის იგორ გიორგაძის სახელთან დაკავშირებას ნიშნავს. ამ ვერსიის საფუძვლიანობაზე ნინო გელაშვილი გესაუბრებათ:

"ჯეინს ინთელიჯენს დაიჯესტი" წერს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად თავის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორებად ასახელებს ორივეს - რუსეთსაც და შეერთებულ შტატებსაც. "პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღიარა", - წერია "დაიჯესტში", - "რომ რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში გასაგებია და მას ანგარიში უნდა გაეწიოს. თუმცა, ჩვენი წყაროების თანახმად", - განაგრძობს ბრიტანული გამოცემა, - "პრეზიდენტის დღეები დათვლილია მისი მორჩილების ჟესტების მიუხედავად".

"ჯეინს ინთელიჯენს დაიჯესტი" ამას რუსეთის გეგმებს, კერძოდ კი, იგორ გიორგაძის საქართველოს პრეზიდენტობისთვის მზადებას უკავშირებს. რუსეთის მთავარი სტრატეგია, რომლის გამოყენებითაც პუტინი მიზნად ისახავს შევარდნაძის ჩამოგდებასა და მისი გიორგაძით შეცვლას საქართველოში შიდა არეულობის გაჩაღებას გულისხმობს, ისეთისას, როგორსაც ადგილი ჰქონდა 90-იანი წლების დასაწყისში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს.

რამდენად აქვს საფუძველი "ჯეინს ინთელიჯენს დაიჯესტის" ამგვარ ვარაუდს. საქართველოს უშიშროების სამინისტრო ამაზე კომენტარს არ აკეთებს, რადგანაც საკითხი უფრო პოლიტიკური ვარაუდის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს მომავლის გიორგაძესთან დაკავშირება ძნელად წარმოსადგენად, მაგრამ თეორიულად დასაშვებად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გიორგი ბარამიძეს. ქართველი დეპუტატი ამგვარ სცენარს საქართველოზე რუსეთის კონტროლის აღდგენის სცენართა შორის "ყველაზე უარესად" მიიჩნევს. მან ჩემთან საუბრისას აღნიშნა:

[ბარამიძის ხმა]
"ჩემი აზრით, ეს ნაკლებად შესაძლებელია, რადგანაც იგორ გიორგაძეს ნამდვილად არა აქვს ის ავტორიტეტი და პოპულარობა, რომელიც საჭირო იქნებოდა ამგვარი მარიონეტული ხელისუფლების ლეგიტიმიზაციისათვის და რაიმე მეტნაკლებად მყარი პოლიტიკური საფუძვლის შესაქმნელად. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირდაპირ სამხედრო აგრესიას ექნება ადგილი და სამხედრო გადატრიალებას, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, უკიდურესად ცუდი სცენარის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თეორიულად ეს შესაძლებელია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე დიდია, მაინც ამ ვერსიას ნაკლებად რეალისტურად მივიჩნევ. არის სხვა გზები და სხვა პიროვნებები, რომლებზეც შეიძლება ასევე გათვალოს რუსეთმა, რომლებიც რუსეთისთვის ასევე მისაღებია, მაგრამ ურჩევნიათ, რომ იყოს გიორგაძე. თუმცა, ყავთ მათ რეზერვში სხვა პიროვნებები. იქნებიან ეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი, თუ რეგიონის ლიდერი. სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ აქტიურად არა მარტო ამუშავდეს "მეხუთე კოლონა", არამედ მან მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანას."

რაც შეეხება პოლიტიკური ამოცანის მიღწევის საშუალებებს, გიორგი ბარამიძემ ფაქტობრივად სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ის, რასაც ბრიტანული გამოცემა "ჯეინს ინთელიჯენს დაიჯესტი" წერს. ამიტომ სტატიიდან ციტატის კითხვას, სჯობს ისევ ბარამიძის კომენტარი მოვისმინოთ:

[ბარამიძის ხმა]
"პირველი და უმთავრესი, ეს არის ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება, ქვეყანაში კრიმინოგენურ სიტუაციაზე კონტროლის საბოლოო მოშლა და სრული ქაოსისა და არეულობის ვითარების შექმნა, სახალხო მღელვარების გამოწვევა ამის საფუძველზე და როდესაც ყველა პოლიტიკურ დემოკრატიულ ძალას გაუკეთებენ დისკრედიტაციას, შემდეგ გამოყვანა ამ ძალებისა არენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ფინანსური, პროპაგანდისტული და სხვაგვარი მხარდაჭერის წყალობით".

"ჯეინს ინთელიჯენს დაიჯესტის" თანახმად, თუკი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროს დაუბრუნდება, ნატოს გაფართოება თანამეგობრობის ქვეყნების ტერიტორიაზე შეიძლება შეფერხდეს, რაც რუსეთის მეორე - ასევე გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას ნიშნავს.

"დაიჯესტის" მიმომხილველთა მიერ საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე წამოჭრილ თემას ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, რადგან რაგინდ თეორიულადაც უნდა მოჩანდეს მათი ვერსია, ის არსებობს და ე.ი. საფუძველიც გააჩნია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG