Accessibility links

რამდენი პოლიტიკური ცენტრია საქართველოში?


პოლიტიკური ცენტრების დათვლა გასული საპარლამენტო არჩევნების წინ დაიწყო. მაშინ "საქარველოს აღორძინების" საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადა,

რომ ბათუმში მეორე, ალტერნატიული, პოლიტიკური ცენტრი შეიქმნა. ეს განცხადება საზოგადოებამ ლამის ქვეყნის ორად გახლეჩის წინაპირობად აღიქვა. მაგრამ მეორე პოლიტიკური ცენტრი ისე შეიქმნა და ისე დაიშალა, რომ ქართული პოლიტიკისთვის განსაკუთრებული კვალი არ დაუტყვია. სამაგიეროდ, დღეს ექსპერტები უკვე მშვიდად საუბრობენ რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობაზე.
რამდენი პოლიტიკური ცენტრია საქართველოში?

პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ სააგენტო "პრაიმ- ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი, სახელისუფლო ბლოკი და აღორძინება. შესაბამისად, ყველა პარტია ამ "ორბიტებზე" იმოძრავებს.

ვასილ მაღლაფერიძის ამ პროგნოზში არსად ჩანს ლეიბორისტული პარტია, რომელიც, უეჭველია, 7%-იან ბარიერს გადალახავს და, თანაც, არც რომელიმე ბლოკის წევრობას აპირებს. ამიტომ, ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე შეკითხვა: რას გულისხმობს ცნება "პოლიტიკური ცენტრი"? არის თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია "პოლიტიკური ცენტრი"? თუ არა - მაშ, რა ნიშნით უნდა მივიჩნიოთ "პოლიტიკურ ცენტრად", ვთქვათ, სახელისუფლო ბლოკი, რომელსაც, ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, მხარდამჭერები თითქმის არ გააჩნია?

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ორი პოლიტიკური ცენტრის არსებობა უტყუარი ფაქტი იყო. "აღორძინება" აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს იმისათვის, რომ თავი ალტერნატიულ ცენტრად გამოეცხადებინა.

ამ კრიტერიუმებს შორის უმთავრესად ალტერნატიული იდეოლოგია უნდა მივიჩნიოთ. თუ ხელისუფლება საქართველოს ფუნქციას ხედავდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებაში, "აღორძინების" იდეოლოგები აცხადებდნენ, რომ საქართველო იქნება "ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის". თუ ხელისუფლება სიტყვით მაინც აღიარებდა სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტს, "აღორძინების" იდეოლოგები ამომრჩეველს არწმუნებდნენ, რომ აუცილებელია ტრადიციული საზოგადოების შენარჩუნება. თუ ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებად ევროპის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევდა, "აღორძინების" მთავარი იდეოლოგი ალექსანდრე ჭაჭია წერდა, რომ ერაყელი მუსულმანი უფრო ახლობელია ქართველისთვის, ვიდრე რომელიმე პროტესტანტი.

ასე რომ, 1999 წელს განათლებულ ამომრჩეველს მკაფიო განმარტებები ჰქონდა მიღებული და ზუსტად იცოდა, ორი ცენტრიდან, კერძოდ, რომელი შეესაბამებოდა მის პოლიტიკურ გემოვნებას.

მნიშვნელოვანი იყო ლიდერის ფაქტორიც. ორივე ცენტრს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა: პირველს - ედუარდ შევარდნაძე, მეორეს - ასლან აბაშიძე.

განსხვავებული ვითარება ყალიბდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ. ვიდრე პოლიტიკური ცენტრების დათვლას დავიწყებთ, უნდა განვმარტოთ, რა კრიტერიუმებს ვეყრდნობით. თუ მთავარი კრიტერიუმია პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ცხადია, ვასილ მაღლაფერიძის პროგნოზი რეალური და საფუძვლიანია. თუ კრიტერიუმად ამომრჩეველთა სოციალურ სტატუსს შევარჩევთ, მაშინ პირველ პოლიტიკურ ცენტრად უნდა ვიგულისხმოთ ლეიბორისტული პარტია, ნაციონალურ მოძრაობასა და მრეწველთა პარტიასთან ერთად, მეორე ცენტრად კი - "გაერთიანებული დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები" და რამდენიმე მცირერიცხოვანი პარტია.

თუ პოლიტიკურ სპექტრს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურობის ნიშნით დავყოფთ, ისევ ორ ცენტრს მივიღებთ: სახელისუფლო ბლოკს და ყველა დანარჩენ პარტიას ერთად.

თუ მთავარ კრიტერიუმად ამომრჩევლის მხარდაჭერას მივიჩნევთ, მაშინ პოლიტიკური ცენტრების დათვლა ძალიან გაგვიჭირდება და, სავარაუდოდ, ისევ ორ ცენტრზე მოგვიხდება საუბარი: ნაციონალურ მოძრაობასა და ლეიბორისტულ პარტიაზე.

იდეოლოგიური ნიშნით დაყოფა კი ამჯერად არ გამოგვივა. იმის მიუხედავად, რომ აკაკი ასათიანმა განაცხადა, "ჭრელი" ბლოკების დრო წავიდაო, საფიქრებელია, რომ "ტრადიციონალისტები" სწორედ ასეთი ჭრელი ბლოკის წევრები აღმოჩნდებიან.

იმის შემდეგ, რაც მოქალაქეთა კავშირი დაიშალა, პარტიამ დაკარგა სახე და დაკარგა იდეოლოგიაც. შესაბამისად, რაკი არ არსებობს სახელისუფლო იდეოლოგია, არც ალტერნატიული იდეოლოგია არსებობს. ამიტომაც არის მოსალოდნელი "ჭრელი" ბლოკების შექმნა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ბუნდოვანებაა ლიდერების თვალსაზრისითაც. ვინ იქნება "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი - გაჩეჩილაძე თუ გამყრელიძე? ვინ იქნება დემოკრატიული ფრონტის ლიდერი - ჟვანია თუ სააკაშვილი? ვინ იქნება სახელისუფლო ბლოკის ლიდერი - პასიური ჯორბენაძე თუ აქტიური რჩეულიშვილი, ან, იქნებ, ისევ შევარდნაძე?

ასე რომ, დღეს შეუძლებელია, პასუხი გაეცეს შეკითხვას - რამდენი პოლიტიკური ცენტრია საქართველოში. ყველაზე ზუსტი პასუხია: გააჩნია, რა შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG