Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 478-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 478-ე გამოშვებას. მასში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად რეალურია ვარაუდი, რომლის თანახმად გაერთიანებულ ოპოზიციას სათავეში ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება; ვისაუბრებთ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე; გიამბობთ საქართველოს მედია-ბაზარზე გამოჩენილ ახალ ტელეკომპანიაზე; შემოგთავაზებთ სატელეფონო ინტერვიუს ბირთვული ნარჩენების გაუვრცელებლობის საკითხზე ვენაში მიმდინარე კონფერენციის ქართველ მონაწილეებთან; რადიოჟურნალის ბოლოს კი მოგასმენინებთ საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს, რომელიც ამჯერად ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ეხება. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ჩაუდგება თუ არა სათავეში გაერთიანებულ ოპოზიციას ნინო ბურჯანაძე?

დავით კაკაბაძე:
გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული არ არის, გაერთიანებულ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ამ ინიციატივის ავტორის, ედპ-ის გენერალური მდივნის ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ნინო ბურჯანაძის ფიგურა ოპოზიციისთვის მისაღებია. გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძის ლიდერობის აღიარება ოპოზიციის სხვა ლიდერების ამბიციებს დააცხრობს და გაერთიანებისთვის კარგ საფუძველს შექმნის. ჩაუდგება თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას სათავეში ნინო ბურჯანაძე? ამ საკითხზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
საპარლამენტო არჩევნების წინ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დიდი არჩევანი არა აქვს - დღეს იგი არც ერთი პოლიტიკლური პარტიის წევრი არ არის. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის შედეგად შეუძლია კვლავ პარლამენტარის მანდატის მოპოვება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მისი მომავალი პარლამენტში საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება: მაჟორიტარ პარლამენტარს, ყველაზე მეტი, რისი მიღწევაც შეუძლია, მაჟორიტართა ფრაქციის ან რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეობაა.

ეს ეტაპი ნინო ბურჯანაძემ უკვე გაიარა. როგორც გახსოვთ, პარლამენტის თავმჯდომარეობამდე იგი საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თვმჯდომარე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მან, პროტესტის ნიშნად, სხვებზე ადრე დატოვა მოქალაქეთა კავშირის ფრაქცია, ამას კომიტეტის თავმჯდომარეობაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია. ცნობისთვის: 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძე მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით მონაწილეობდა. ფრაქციიდან გასვლის მიზეზად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე მოქალაქეთა კავშირის მიერ სოციალისტური პარტიის ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის მხარდაჭერა იქცა. ნინო ბურჯანაძემ მიუღებლად მიიჩნია იმ ადამიანის მხარდაჭერა, ვინც წინასაარჩევნო კამპანიისას მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარეს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ისტორიულ სანაგვეზე უპირებდა მოსროლას.
დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა: ვახტანგ რჩეულიშვილი პრეზიდენტ შევარდნაძისა და მოქალაქეთა კავშირის ყველაზე ენერგიული მხარდამჭერია. ნინო ბურჯანაძეს კი ოპოზიციის სათავეში ჩადგომას სთავაზობენ.
როდის გაცივდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და ნინო ბურჯანაძეს შორის? მანამდე ეს ურთიერთობა საკმაოდ თბილი და კეთილგანწყობილი გახლდათ, რასაც, პარტიული კავშირის გარდა, პრეზიდენტ შევარდნაძისა და ბურჯანაძის მამის, წარსულში ასევე პარტიული ფუნქციონერის, ანზორ ბურჯანაძის ახლობლობაც უმაგრებდა საფუძველს.

სავარაუდოა, რომ ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებისას დაიწყო. ფაქტია, რომ არსებული კანდიდატებიდან პრეზიდენტი შევარდნაძე უფრო ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს გულშემატკივრობდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა ტრადიციონალისტთა კავშირმა წამოაყენა, ვაჟა ლორთქიფანიძეს კი მხარს პრეზიდენტის მომხრე ფრაქციები უჭერდნენ. ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა არგუმენტი ასეთი გახლდათ: იგი შეძლებს ჭრელ პარლამენტში თანხმობის მიღწევას. ასეთივე იმედს თავად ნინო ბურჯანაძეც გამოთქვამდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "დიდი იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად იმ ფრაგმენტულობისა, რომელიც შეიქმნა პარლამენტში მრავალი ფრაქციის ჩამოყალიბების შედეგად, ჩვენ მაინც მოვახერხებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ."

ეს განცხადება მხოლოდ კეთილ სურვილად დარჩა. კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის სხდომების ჩაშლა ხშირდება. შეკრებისას კი, კანონპროექტების განხილვის ნაცვლად, პარლამენტი დროის უდიდეს ნაწილს უსაგნო დებატებზე ხარჯავს. პარლამენტის თავმჯდომარე პროცესებს ვერ მართავს.

ამის მიუხედავად, უეჭველია, რომ ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამას მისი ეს განცხადებაც ადასტურებს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "დღიდან ჩემი პარლამენტში მოსვლისა, მე ვცდილობდი ამ პარლამენტში გარკვეული ტრადიციები ჩამომეყალიბებინა. და მე არ მიმაჩნია საუკეთესო ტრადიციად ის, რომ ახალმა პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს მიკროფონი გამოურთოს. მე მაქვს იმის სურვილი, რომ შემდეგ პარლამენტში ჩემი მიკროფონი არ გამორთონ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტისთვის და ამ ქვეყნისთვის რაღაცას ვაკეთებ. და ნებისმიერ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემსახურებოდნენ ქვეყანას და მაღალი თანამდებობა ეკავათ, გამონაკლისი ყოველთვის კეთდებოდა და უნდა კეთდებოდეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ტრადიციები ჩამოყალიბდეს."

შესაბამისად, თუ ქვეყანაში ტრადიციები ჩამოყალიბდა, მომავალ პარლამენტში ნინო ბურჯანაძეს ახალი სპიკერი, იმედია, მიკროფონს არ გამოურთავს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემები და პერსპექტივა

დავით კაკაბაძე:
7 მარტს სოჭიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, ტრადიციული რადიოინტერვიუს მეშვეობით შეეხმიანა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას და აფხაზი ხალხის პოლიტიკური უფლებების რეალიზებისთვის, მათ ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანება შესთავაზა. ამით საქართველოს ლიდერი უნებლიეთ კიდევ ერთხელ შეეხო ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხს, რომლის მოუგვარებლობა, პოლიტოლოგთა შეფასებით, სხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ხასიათის პრობლემებს წარმოშობს. "უნებლიეთ" კი იმიტომ, რომ იმავე ექსპერტთა დასკვნით, ტერიტორიული მოწყობის ცივილიზებულ ფორმაზე გადასვლას, წლების განმავლობაში სწორედ უმაღლესი ხელისუფალი და რეგიონებთან მიმართებაში დამკვიდრებული ავტორიტარული მართვის დრომოჭმული სტილი აფერხებენ. საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემებსა და პერსპექტივებს ეძღვნება კობა ლიკლიკაძის მასალაც.

კობა ლიკლიკაძე:
ტერიტორიულ - სახელმწიფოებრივი მოწყობის თემას საქართველოში ერთგვარი საკონსტიტუციო ტაბუ ადევს. ქვეყნის ძირითადი კანონის მეორე მუხლის თანახმად, სახელმწიფოებრივი მოწყობა, კონსტიტუციური კანონით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ უნდა გადაწყდეს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი, რის გამოც ორი წლის წინ საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ოპტიმალური მოდელის ირგვლივ პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების პირველივე მცდელობა ჩანასახშივე აღიკვეთა.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის ივლისის დასაწყისში რეგიონალური მოწყობის კანონპროექტი ფრაქცია "ტრადიციონალისტმა" წარმოადგინა და აღნიშნული დოკუმენტი არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სისტემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ძირეულ რეორგანიზაციას ითვალისწინებდა.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველო ათ - კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, მესხეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, სამეგრელოსა და გურიის -თვითმმართველ ოლქად უნდა დაიყოს. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, ოლქის დონეზე ეს არის ოლქის საბჭო, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აირჩევა პროპორციულ-წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ხოლო უმაღლესი თანამდებობის პირი ოლქში არის გუბერნატორი, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევს ოლქის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია "ტრადიციონალისტის" წევრი, დეპუტატი მაია ნადირაძე დარწმუნებულია, რომ ტერიტორიული მოწყობის იმგვარ მოდელზე გადასვლა, რომელიც ევროპულ ფედერალიზმს უახლოვდება, ქვეყნად არსებული ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

[მაია ნადირაძის ხმა] "თვითმმართველობა თვითკმარ სივრცეში არის მმართველობის ყველაზე კარგი ფორმა. და ეს იძლევა ქვეყნის განვითარების საუკეთესო საშუალებას. გარდა ამისა, ეს რაიონები, რომლებიც ახლა არის, ეს არ არის ადმინისტრაციული ერთეული; ეს არის პრეზიდენტის დაქვემდებარების რაღაცა ინსტრუმენტი, რომლითაც ის ძალიან კარგად მანიპულირებს და ამის გამო ქვეყანა კიდევ უფრო ირევა."[სტილი დაცულია]

თავის დროზე ტერიტორიული მოწყობის ფედერალურ სისტემაზე გადასვლას სიფრთხილით ეკიდებოდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეგიონალური მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, აწ უკვე მცხეთა-მთიანეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ხატიძე, რომელიც ახალ ამპლუაში აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში დე-ფაქტოდ არსებული ფედერალიზმის იურიდიულ დაკანონებას.

[ბადრი ხატიძის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ უმთავრესი საკითხია ეს. არ გადაწყდება არანაირი პრობლემა - არც ენერგეტიკის, არც ბიუჯეტის, არც პენსიების, არც ხელფასების მომატება - თუ ეს საკითხი არ გადაწყდა. მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია თუნდაც ამ პარლამენტში, თუკი იქნება შესაბამისი მიდგომა."

როგორც ცნობილია, ტერიტორიული მოწყობის საკითხის დაკონსერვების მომხრეთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რეგიონების გამსხვილება და ფედერალიზმის დანერგვა კიდევ უფრო გააძლიერებს სეპარატისტულ ტენდენციებს არაქართველებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ფრაქცია "მრეწველების" წევრის, დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის თქმით, სწორედ ეს არის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავარი არგუმენტი, რის გამოც იგი მხარს უჭერს პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტის შენარჩუნებას და იმასაც, რომ რაონის გამგებელსაც, საკრებულოს წარდგინებით, უშუალოდ პრეზიდენტი ნიშნავდეს.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ერთადერთი საფრთხე, რის გამოც რომელიმე რეგიონს შეიძლება აღმოაჩნდეს სეპარატიზმის სურვილი, ეს არის სახელმწიფოს მიერ წარმართული არასწორი პოლიტიკა. მაგრამ ხელისუფლებამ თუ ისე წაიყვანა საქმე, როგორც დღეს მოქმედებს, მაშინ შეიძლება მე მოვინდომო მთაწმინდის რაიონის გამოყოფა საქართველოდან, სადაც მე ვცხოვრობ, იმიტომ რომ უკეთ მოვაწყობ იქ საქმეს."

საგულისხმოა, რომ 1992 წელს სეპარატისტულად განწყობილი აფხაზეთის ხელისუფლება თავად იყო სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობის ინიციატორი და მზად იყო დაეწყო მოლაპარაკება ერთიანი სახელმწიფოს შიგნით ცენტრსა და რეგიონებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე. მაგრამ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც დღემდე ვერ გაისიგრძეგანა, რომ ყველაზე კარგი მთავრობა ისაა, რომელიც ნაკლებს მართავს, ეს შანსი ხელიდან გაუშვა და ახლა თავად გაუხდა საქმე სახვეწრად შინნაზარდ სეპარატისტებთან.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

ახალი ტელეკომპანია ქართულ მედია-ბაზარზე

დავით კაკაბაძე:
შაბათს, 15 მარტს, საქართველოში მაუწყებლობას იწყებს ახალი სატელევიზიო კომპანია - "ტელე-იმედი". კარგა ხანია, ქართულ მედია-ბაზარზე ახალი ტელეკომპანია არ გამოჩენილა. "ტელე-იმედის" დაარსებას იმთავითვე ფართო რეზონანსი ჰქონდა, რადგან ის რუსეთში შერისხულმა და საქართველოში დაბრუნებულმა ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა დააფუძნა. მოსამზადებელი სამუშაოები უკან დარჩა და ტელევიზია უკვე მზად არის ეთერში გასასვლელად. რა სახით წარუდგება ის აუდიტორიას, წინასწარ თქმა ძნელია, რადგან სახე იმდენად არსებობს, რამდენადაც მას მაყურებელი აღიქვამს. და მაინც, ჩვენმა კოლეგამ, დავით პაიჭაძემ, შესაძლებლად მიიჩნია ლაპარაკი რამდენიმე სამუშაო თუ კონცეპტუალურ პრინციპზე.

დავით პაიჭაძე:
"ტელე-იმედი", ქართული საზომებით, ფრიად შეძლებული კაცის დაარსებულია. სადაც დიდი ფულია, იქ დიდი ეჭვიც არის - რა უნდა ამ კაცს, ამ შემთხვევაში, რად უნდა ტელევიზია: უწინარესად, როგორც ბიზნესპროექტი, რომელმაც მოგება უნდა მოიტანოს თუ, უწინარესად, როგორც პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი? თავად ბადრი პატარკაციშვილი კითხვას, რატომ ხარჯავს ფულს ტელევიზიაში, უაღრესად ზოგადად უპასუხებს: [ბადრი პატარკაციშვილის ხმა] "საქართველოს დღეს სჭირდება ერის ერთობა და კონსოლიდაცია, შემდეგ - პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური აღმავლობა. ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი დანაკარგი იმედია, რომელიც, ალბათ, ზუსტად ამ სტუდიაში უნდა გაჩნდეს. ეს გაუღვიძებს ადამიანებს დაკარგულ იმედს. მიმაჩნია, მედიაჰოლდინგი, რომელიც მე შევქმენი (და მისი ნაწილი - ტელევიზია), სერიოზულ როლს შეასრულებს ამაში. ამიტომ ვხარჯავ ამდენ ფულს."

შედარებით კონკრეტული იყო ტელე-იმედის საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ზვიად ქორიძე [ზვიად ქორიძის ხმა]: "ტელევიზია ისეთი წარმონაქმნია, რომელსაც ვერ შეხედავ მხოლოდ როგორც ბიზნესს და, თუ შეხედავ როგორც მარტო პოლიტიკას, მით უმეტეს, წამგებიანია."

ამ საკითხებს ლოგიკურად უკავშირდება ხელისუფლებისადმი ლოიალურობისა და სიტყვის თავისუფლების თემა: რა ხარისხით იქნება ის რეალიზებული და პოლიტიკური ინტერესის პრევალირება რამდენად დააზარალებს ჟურნალისტების თავისუფლებას ტელევიზიაში. "იმედის" მფლობელი პასუხად ლაპარაკობს თანამოაზრეთა შეკრულ გუნდზე, რომელთა თანამშრომლობის შედეგად [ბადრი პატარკაციშვილის ხმა]: "ჩვენი ტელევიზია მოემსახურება, პირველ რიგში, საზოგადოებას და იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ იდეებს, და არა ძალებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საზოგადოებისათვის იქნება საჭირო."

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება ბაზრის თავისუფლებასთან არის მიბმული, და განმარტავს [ზვიად ქორიძის ხმა]: "რაც უფრო თავისუფალია კაპიტალი, რაც ნაკლებ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, მით უფრო მაღალია თავისუფალი სიტყვის ხარისხი. ამიტომაც მგონია, რომ აქ, ჩვენს ტელევიზიაში (ყოველ შემთხვევაში, პრეტენზია გვაქვს), სიტყვის თავისუფლების ხარისხი მაღალი იქნება."

საქართველოში ნებისმიერი ტელევიზიის სახეს დიდწილად განსაზღვრავს მისი საინფორმაციო გამოშვება. მე ვკითხე ზვიად ქორიძეს, თუ რა კონცეფციას, მაყურებლის რა ემოციასა და მოლოდინს დაეფუძნება "იმედის" საინფორმაციო პროგრამები [ზვიად ქორიძის ხმა]: "ეტყობა, მოვიდა დრო, დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ ყველაფერი არ არის საშინლად და გამოუსწორებლად, რათა საბოლოოდ არ ჩავცვივდეთ სრულ ფრუსტრაციაში. დღეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, იცხოვრონ მთავრობისგან დამოუკიდებლად, გამოჩდნენ ახალი ბიზნესჯგუფები. ამ ყველაფერს წახალისება, ჩვენება, ნორმალური ფორმით მოწოდება სჭირდება. ჩვენ ყველაზე მეტს ვიფიქრებთ საიმისოდ, რომ რაღაც დადებითი ემოცია და მუხტი მოდიოდეს ეკრანიდან."

კიდევ ერთ სიახლეზე ლაპარაკობს ტელე-იმედის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი [ბიძინა ბარათაშვილის ხმა]: "ჩვენ გვინდა, არხის ჩამოყალიბებაში მაქსიმალურად ჩავრთოთ მაყურებელი და მისი არჩევანის მიხედვით ავაგოთ მაუწყებლობა. ამ მიზნით შექმნილია სერიოზული სოციოლოგიური სამსახური. გვექნება გამოკითხვები..."

ჩემთან საუბრისას ბიძინა ბარათაშვილმა დააკონკრეტა, რომ გამოკითხვები გულისხმობს მაყურებლის აზრის ყოველდღიურ შესწავლას, აგრეთვე, იმის დადგენას, თუ რას უყურებს ადამიანი ყოველდღე. ასეთი გამოკითხვის შედეგზე ბევრწილადაა დამოკიდებული რეკლამის მიზიდვა ტელევიზიაში. ოღონდ ეგ არის, კვლევას, რომლის შედეგებსაც ირწმუნებენ, უნდა წარმართავდეს არა მხოლოდ ტელევიზია, არამედ მედიაბაზარზე მოქმედი ყველა სუბიექტის ინტერესთა თანხვედრით შექმნილი სამსახური. ეს, როგორც ჩანს, უფრო შორეული მომავლის საქმეა.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ვენის კონფერენცია ბირთვული ნარჩენების გაუვრცელებლობის შესახებ. ინტერვიუ ქართველ მონაწილეებთან

დავით კაკაბაძე:
ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო
სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ბირთვული ნარჩენების გაუვრცელებლობის საკითხებს მიეძღვნა, საქართველოც მონაწილეობდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა; განსაკუთრებით მას მერე, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე რადიაციული წყაროები აღმოჩნდა. ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა რამიშვილმა ვენაში დაურეკა კონფერენციის მონაწილეებს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სოსო კაკუშაძეს და საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსს სერგო ძაგნიძეს. მისი პირველი მოსაუბრე სოსო კაკუშაძე გახლდათ.

ბიძინა რამიშვილი:
ინტერვიუ სოსო კაკუშაძესთან (იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ეს იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სოსო კაკუშაძე. როგორც დასაწყისშიც ვახსენეთ, ვენის კონფერენციაში მონაწილეობდა უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი სერგო ძაგნიძეც, რომელიც ბიძინა რამიშვილს რადიაციული წყაროების ლოკალიზებისა და დაცვის საქმეში უშიშროების სამსახურების წილზე ესაუბრა.

ბიძინა რამიშვილი:
ინტერვიუ სერგო ძაგნიძესთან (იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ვენაში გამართული კონფერენციის შესახებ ბიძინა რამიშვილს ესაუბრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სოსო კაკუშაძე და საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი სერგო ძაგნიძე.

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
რადიოჟურნალის ბოლოს გთავაზობთ საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს, რომელიც ამჯერად ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ეხება.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ასპირინი კიბოს წინააღმდეგ?
ჩვეულებრივი ასპირინი, როგორც ირკვევა, ამცირებს კიბოს ზოგიერთი სახეობით დაავადების რისკს. მილანის ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელთა დასკვნით, იმ ადამიანებს, რომლებიც ასპირინს კვირაში ერთხელ, სულ ცოტა, ხუთი წლის განმავლობაში მაინც იღებდნენ, ორი მესამედით იმცირებდნენ პირის ღრუს, ყელისა და კუჭ-ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. იტალიელ მეცნიერთა ეს დასკვნა ადასტურებს შარშან, ივნისში, ნიუ იორკში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, ასპირინის სისტემატური გამოყენება მწეველ ქალთა შორის ფილტვის კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს. მწეველთა და არამწეველთა შერეულ ჯგუფზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ, ვინც თუნდაც ნახევარი წლის მანძილზე, სულ ცოტა, კვირაში სამჯერ სვამდა ასპირინს, ერთი მესამედით ნაკლებად ემუქრება ფილტვის კიბო. აქამდე ჩატარებული გამოკვლევებით ცნობილი იყო ასპირინის სასიკეთო როლი გულის ინფარქტისა და ართრიტის პროფილაქტიკის საქმეში.

რატომ გასუქდნენ ევროპელები?
ევროპელები წონაში იმატებენ. "ძველი კონტინენტის" ყოველი მესამე ბინადარი ნორმაზე მეტს წონის, რასაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ცხოვრების მჯდომარე წესსა და ე.წ. "ფასტ ფუდის" ტიპის კვების ობიექტების არნახულ მომრავლებას აბრალებენ. კვების ტრადიციულ, ჯანსაღ ჩვევებს სულ უფრო მეტად ცვლის ცხიმის მაღალი შემცველობის საკვები, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულის სნეულებით, დიაბეტითა და კიბოს ზოგიერთი სახეობით დაავადების რისკს. ახლახან ათენში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილე 50 ქვეყნის დიეტოლოგებმა ზემოხსენებულ მავნე ტენდენციასთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს.

30 წელიწადში მოშიმშილეთა რიცხვი განახევრდება
ახლა ჭარბი წონის მქონეთაგან იმათზე, ვინც, პირიქით, წონისა და, შესაბამისად, საკვების ნაკლებობას განიცდის. ამ მხრივ სასიხარულო ტენდენცია შეინიშნება: სპეციალისტთა ვარაუდით, 2030 წლისთვის თითქმის განახევრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქრონიკულ შიმშილს განიცდიან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოშიმშილეთა რაოდენობა ამჟამინდელი 776 მილიონიდან 440 მილიონამდე იკლებს. თუმცა, პროგნოზები რომ არასაიმედო რამ არის, ამავე ანგარიშიდან ჩანს: დოკუმენტის თანახმად, 1996 წელს გამართულმა მსოფლიო სასურსათო სამიტმა მოშიმშილეთა რიცხვის განახევრება 2015 წლისთვის დაისახა ამოცანად, ახლა კი ირკვევა, რომ ამ მიზნის მიღწევა საუკეთესო შემთხვევაში 15 წლის დაგვიანებით მოხერხდება. თუმცა, რომ იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

სიკვდილი მამობას ხელს არ უშლის
ცნობა, რომელიც ბრიტანეთიდან მივიღეთ, აშკარად სცილდება მედიცინასა და, ზოგადად, მეცნიერებას და თანაბრად მიეკუთვნება როგორც სოციალურს, ისე სამართლებრივ სფეროებს. გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმად, ორ ქალს, რომლებმაც შვილები თავიანთ გარდაცვლილ მეუღლეთა სპერმის გამოყენებით გააჩინეს, უფლება ენიჭებათ, მამებად ოფიციალურ დოკუმენტებში სწორედ ეს უკანასკნელნი ჩაწერონ. ბრიტანეთში ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, თუ მამაკაცის სპერმა მისი გარდაცვალების შემდეგ იქნა გამოყენებული ქალის დასაფეხმძიმებლად, ის ვერ ჩაითვლება ამის შედეგად გაჩენილი ბავშვის მამად. მაგრამ ახლახან ბრიტანელმა იურისტებმა დაადგინეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას და შეცვლას საჭიროებს. ცვლილებათა პროექტი უკვე მზად არის და პარლამენტში განხილვას ელოდება.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდია", და მასთან ერთად, რადიო "თავისუფლების" ეს გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. "მეათე სტუდიას" დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG