Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს რეფერენდუმი ჩეჩნეთს


23 მარტის რეფერენდუმი ჩეჩნეთში არის აქცია, რომლის ჩატარებაც სურს მოსკოვს, რომ შექმნას ლეგალური საფუძველი ჩეჩნეთის კონტროლისთვის. ექსპერტთა აზრით, რეფერენდუმის გზით რუსეთის

ხელისუფლება ვერ შეძლებს სიტუაციის ხანგრძლივ სტაბილიზაციას რეგიონში. როგორც ამბობენ, რეფერენდუმის იდეა პოპულარული ჩეჩნების მხოლოდ იმ ნაწილშია, რომელიც მოსკოვის დანიშნულ ხელისუფლებასთან არის კავშირში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს: ევროორგანიზაციამ გასულ კვირას უარი განაცხადა რეფერენდუმზე მეთვალყურეების გაგზავნაზე უსაფრთხოების გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა ჩეჩნეთის საკითხზე ლორდ ჯადმა კი განაცხადა, რომ გადადგება თანამდებობიდან, თუკი ჩეჩნეთში მართლაც ჩატარდება რეფერენდუმი და როგორც ჩანს, ეს ასე იქნება, ვგულისხმობ რეფერენდუმის ჩატარებას. რას მოუტანს რეფერენდუმი ჩეჩნეთს.

1997 წელს ჩეჩნეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის კანონიერებაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ სცნო და რომლის შედეგადაც ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდა ასლან მასხადოვი. დღეს რუსეთის ხელისუფლება მასხადოვს ტერორისტს უწოდებს, ჰყავს გროზნოში საკუთარი ადმინისტრაცია და სხვადასხვა წყაროების თანახმად, ასი ათასამდე ჯარი. ასლან მასხადოვმა მოახერხა - საინფორმაციო საშუალებებით დაგმო მომავალი რეფერენდუმი და რესპუბლიკის მოსახლეობას შეახსენა, რომ "ჩეჩნების სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს". ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახმად კადიროვი მოელის, რომ რეფერენდუმში 537 ათასი რეგისტრირებული ამომრჩევლის 90% მიიღებს მონაწილეობას. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რეფერნდუმის დღეს 400 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რაც შეეხებათ ლტოლვილ ჩეჩნებს, რუსეთის ტელეარხ "ერ-ტე-ერ"-ის ცნობით, ინგუშეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იმუშავებს.

ინგუშეთის ტერიტორიაზე მოქმედი "ჩეჩნეთის ხსნის კომიტეტის" თავმჯდომარე რუსლან ბადალოვი აცხადებს, რომ მისი ჯგუფი თავს იკავებს ლტოლვილებისთვის პროტესტისკენ მოწოდებისგან, რადგან შიშობს, რომ მათ შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდნენ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, გასულ კვირას, როდესაც ინგუშეთში ამომრჩეველთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა, მართლაც ჰქონდა ადგილი მუქარას, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ლტოლვილებს სურსათით დახმარებას შეუწყვეტდნენ. რაც შეეხება რეფერნდუმის ფონს, რუსლან ბადალოვი ამბობს:

[ბადალოვის ხმა]
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გრძელდება ადამიანების განუკითხავი დასჯა, მათი გაუჩინარება. გრძელდება საარტილერიო ცეცხლი და დაბომბვა ჩეჩნეთის მთიან რაიონებში. ჩეჩნეთის მოსახლეობა ყოველდღიურად ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ შეწყდეს კაცსიკვლა და ეს საშინელება. როცა რუსი სამხედროები ჩადიან დანაშაულს ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ, მას რეფერენდუმისთვის "არ სცხელა".

ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც რეფერენდუმის მთავარი საგანი გახლავთ, პირდაპირ აცხადებს, რომ "ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია". რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების, ანუ ახალ კონსტიტუციაზე თანხმობის განცხადების შემთხვევაში, რაშიც მოსკოვს ეჭვი არ ეპარება, გზა ეძლევა ჩეჩნეთში ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რაც რუსეთის ხელისუფლების საბოლოო მიზანს წარმოადგენს. რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი, თუკი ის ჩეჩნეთის მოსახლეობის ნებით არ განხორციელდება? მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის ნიკოლაი პეტროვის ეჭვიც სწორედ მოსკოვის მცდელობების გრძელვადიან შედეგს ეხება.

[პეტროვის ხმა]
"ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ რეფერენდუმი, მივიღოთ ის შედეგები, რომელსაც წინასწარმეტყველებენ და მოელიან. შეგვიძლია განვაცხადოთ შეთანხმების დადების შესახებ: რომ ომი დამთავრდა და ყველაფერი წესრიგშია... მაგრამ, ჩნდება პრობლემა - იქნება თუ არა ყოველივე ეს სინამდვილესთან შესაბამისობაში და რამდენად იქნება, ამ ყველაფრის მერე, რესპუბლიკაში სიტუაციის კონტროლის საშუალება?"

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას რეფერენდუმში და სცნობს მის შედეგებს. მოსკოვის აშკარა ოპტიმიზმი ბადებს იმის ეჭვსაც, რომ რეფერენდუმის შედეგები გაყალბდება. ასეთი რეფერენდუმი სტაბილიზაციის ნაცვლად, შეიძლება უფრო დიდი მღელვარების მიზეზი გახდეს, რის შესაჩერებლადაც რუსეთს ისევ ძალა რჩება.

ახლა რუსეთის პრეზიდენტის ჩეჩნეთის მოსახლეობისადმი მიმართვის ნაწყვეტს შემოგთავაზებთ:

[პუტინის ხმა]
"კონსტიტუციის მიღება ნამდვილად სერიოზული ზღვრის გადალახვაა. ეს სწორედ ის მომენტია, როცა ჩეჩნეთის ხალხო თავის ბედს საკუთარ ხელში იღებს. და ახლა, თქვენს ხელშია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედი, ჩეჩნეთის მიწის ბედი".

ჩეჩნეთის ახლანდელი, მოქმედი კონსტიტუციით, იჩქერია არის ჩეჩნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არც ერთ სახელმწიფოს მსოფლიოში არ აქვს უფლება ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში. ეს იყო და რჩება ჩეჩენთა მიზნად და ამოცანად. ბოლო წლების მოვლენების შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არაბუნებრივად მოჩანს ჰკითხო ჩეჩნეთის მოსახლეობას სურს თუ არა ახალი კონსტიტუციის და ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კანონების მიღება, რაც ფაქტობრივად დამოუკიდებლობის იდეაზე უარის თქმას ნიშნავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG