Accessibility links

logo-print

''ოსკარებით'' დაჯილდოების ცერემონია და ერაყის ომი


კვირას საღამოს, როცა ევროპაში ორშაბათი დღე თენდებოდა, ლოს ანჯელესში დამთავრდა ამერიკის კინოაკადემიის პრემიების - "ოსკარების" გადაცემის ყოველწლიური, რიგით 75-ე ცერემონია.

ერაყში მიმდინარე ომის გამო შეიცვალა მისი ჩატარების წესი, უკიდურესად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები.

ყველაზე მეტი - ექვსი - "ოსკარი" (მათ შორის, საუკეთესო ფილმისთვის დაწესებული ჯილდო) მიუზიკლმა "ჩიკაგომ" მოიპოვა. თუ ამ ფილმის წარმატება, ასე ვთქვათ, წინასწარვე დაპროგრამებული იყო ("ჩიკაგო" 13 "ოსკარზე" იყო წარდგენილი), მიმომხილველთა უმრავლესობისთვის მოულოდნელი გამოდგა რომან პოლანსკის "პიანისტის" სამ ნომინაციაში გამარჯვება. თანაც, სწორედ ამ ნამუშევარს ერგო ორი მეტად პრესტიჟული ჯილდო - საუკეთესო რეჟისორისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის (ეს უკანასკნელი 29 წლის ადრიენ ბროდის გადაეცა).

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის "ოსკარი" მიენიჭა გერმანელი რეჟისორის, კაროლინე ლინკის ნამუშევარს "არსად აფრიკაში". ამ სურათში მამაკაცის მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

ცერემონიის მსვლელობაში აჟიოტაჟი გამოიწვია რეჟისორ მაიკლ მურის გამოსვლამ, რომელშიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის დაწესებული "ოსკარის" მფლობელმა ერაყში მიმდინარე ომისთვის მძაფრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების მთავრობა და პირადად პრეზიდენტი ბუში.

[მაიკლ მურის ხმა] "დოკუმენტალისტებს სინამდვილე გვიყვარს, ჩვენ კი ფიქციურ დროში ვცხოვრობთ. მოწმენი ვხდებით ფიქციური არჩევნებისა, რომლითაც ფიქციურ პრეზიდენტს ვირჩევთ. ვცხოვრობთ დროში, როცა ვიღაც კაცი საომრად გვგზავნის ფიქციური მიზეზით. ჩვენ ამ ომის წინააღმდეგი ვართ, მისტერ ბუშ. გრცხვენოდეთ, მისტერ ბუშ. და თუ პაპიც და "დიქსი ჩიკსიც" თქვენს წინააღმდეგ ილაშქრებენ, თქვენი საქმე წასულია."

ამ სიტყვებზე დარბაზში გაისმა როგორც ბუშის პოლიტიკის მომხრეების, ისე მოწინააღმდგეების ხმები. თუმცა, ომის თემას დაჯილდოების ცერემონია მთლიანად არ დაუჩრდილავს. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოებულმა ავსტრალიელმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა, რომელიც ამ კატეგორიის "ოსკარის" მესამე არაამერიკელი მფლობელი გახდა, ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კიდმანმა, რომელსაც პრიზი ფილმ "საათებში" შესრულებული როლისთვის გადაეცა, თქვა: "რატომ მოდიხარ კაცი დაჯილდოების ცერემონიაზე იმ დროს, როცა დედამიწაზე ასეთი არეულობაა? იმიტომ, რომ ხელოვნება მნიშვნელოვანი რამ არისო.

[ნიკოლ კიდმანის ხმა]
XS
SM
MD
LG