Accessibility links

logo-print

რით უფრო შეიძლება ''იზარალოს'' ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტმა - ერაყის შესახებ ვაშინგტონი-ანკარის კამათით, თუ ერაყის კონკურენტუნარიანი ნავთობის ბაზარზე დაბრუნებით?


მიმოხილველები დაობენ დააკნინებს თუ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკურს, ასევე პოლიტიკურს,

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ერაყის კრიზისის ფონზე არსებული არც თუ ჰარმონიული ურთიერთობა.

გაეროში თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი-ანკარის გაჭიანურებული მოლაპარაკება, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის გახსნით დასრულდა (თავდაპირველად საუბარი ერაყში ქვეითთა თურქეთიდან შესვლაზეც იყო) "სერიოზულ ზიანს მოუტანს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას". თურქეთის ელჩის თქმით, "ნდობა, რომელიც თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დღემდე არსებულ ურთიერთობას ეფუძნებოდა, აღარ არსებობს".

24 მარტის "ნიუ იორკ თაიმსში" უილიამ საფირი წერს, რომ რეჯეფ ერდოანის მთავრობა თურქეთს წარსულში შეერთებული შტატების მყარი მოკავშირედან სადამ ჰუსეინის საუკეთესო მეგობრად აქცევს. საფირმა ანკარა ერაყის ნავთობსაბადოებით ფარულ დაინტერესებაში დაადანაშაულა. "ნიუ იორკ თაიმსის" ავტორის თანახმად, თურქეთის მთავრობა ერაყის საბადოების მიმართ ინტერესს ერაყის ჩრდილოეთში ქურთების საკითხით ნიღბავს და ამ მოტივით ამართლებს თავისი ჯარების ჩრდილოეთ ერაყში შეყვანის იდეას.

ასეთი კომენტარები წარმოშობს ეჭვს, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა დიდი ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტის მიმართ შეიძლება შესუსტდეს, რაც მის წარმატებით განხორციელებაზე მოახდენს გავლენას.

აზრი ორად იყოფა: ერთნი თვლიან, რომ საქართველოს გავლით დიდი ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტების განხორციელებას შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერის შესუსტება შეაფერხებს; მიმომხილველთა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პროექტების განხორციელების ამ ეტაპზე, როცა საქმეს საერთაშორისო ნავთობ-კომპანიები უძღვებიან, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა არსებითი აღარ არის. ყველა ერთად ეთანხმება აზრს, რომ მომავალში ბაზარზე ერაყის ნავთობის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის პარტნიორებისთვის უთუოდ გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩი კასპიის აუზის სანავთობო ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში - სტივენ მანი აცხადებს, რომ არანაირი ცვლილება შეერთებული შტატების დამოკიდებულებაში მილსადენების პროექტების მიმართ არ შეიმჩნევა. სტივენ მანმა "რადიო თავისუფლებას" განუმარტა: "მილსადენების პროექტებს აქვს გარკვეული ფუნდამენტური ლოგიკა, რომელზეც არა მგონია რომელიმე კასპიის რეგიონის გარეთ მიმდინარე მოვლენამ ზეგავლენა მოახდინოს". მანის თქმით, მილსადენების პროექტებს დასაწყისში მართლაც სჭირდებოდა ბიძგი დაწყებისთვის და შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული მიზნით გააკეთა კიდეც ეს. პროექტის ეკონომიკური საფუძვლიანობა ნავთობის საერთაშორისო კომპანიებმა დაამტკიცეს და ეს საკითხი დავას აღარ იწვევს. თუმცა, სტივენ მანი პროექტის მონაწილეებს მუდმივად შეახსენებს, რომ აუცილებელია კონკურენტუნარიანობაზე ზრუნვა, რადგან ბაზარზე ერაყის ნავთობის დაბრუნება აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას საინვესტიციო ფონდების მოპოვებისთვის ბრძოლაზე.

მანის მოსაზრებას ფაქტობრივად ეთანხმება კემბრიჯის ენერგეტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი პარიზში ლორენ რუსეცკასი, რომელიც ამბობს:

[რუსეცკასის ხმა] 012945
"ერთი, რაც კასპიის რეგიონში შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად გააკეთა, არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი. ეს უნიკალურ შემთხვევადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან პოლიტიკურად ძალიან რთული საკითხი იყო, სამი სხვადასხვა სახელმწიფო იყო ჩართული. ვფიქრობ, პროექტი არ შედგებოდა, თუკი ნავთობკომპანიები არ ჩათვლიდნენ, რომ ის კომერციულად გამართლებული იყო. ნავთობკომპანიების ერთსულოვანმა მხარდაჭერამ ვაშინგტონს გაუადვილა პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება. თუმცა, ახლა, როცა ეს უკვე გაკეთდა, შეერთებულ შტატების მთავრობას იქ ბევრი აღარაფერი ესაქმება".

რუსეცკასის აზრით, ვაშინგტონი-ანკარის ურთიერთობები 1999 წელს რომ გართულებულიყო, ამას შეიძლება კიდეც ჰქონოდა გავლენა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე, მაგრამ ახლა პროექტს წარმართავს სპონსორთა ჯგუფი ბრიტიშ პეტროლიუმისა და აზერბაიჯანის თაოსნობით.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თურქეთის პროექტის დირექტორი ბიულენთ ალირიზა ძალიან სკეპტიკურად უყურებს ვაშინგტონიდან პოლიტიკური მხარდაჭერის შესუსტებისა და ერაყის ნავთობის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პერსპექტივას. "ამ პროექტმა უნდა დაამტკიცოს კომერციული სიცოცხლისუნარიანობა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ეს უნარი გააჩნია", - აცხადებს ბიულენთ ალირიზა და განმარტავს, რომ ომის დასრულების შემდეგ ერაყის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება კასპიის ნავთობსადენების მომავლის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მის მნიშვნელოვანებას არ განაპირობებს მხოლოდ ის, რომ გაცხარდება ინვესტიციებზე კონკურნეცია, არამედ იმიტომაც, რომ ერაყის ნავთობის ღირებულება გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე კავკასიის გავლით გადმოქაჩული კასპიის ნავთობისა. კიდევ უფრო მეტი ეჭვები არსებობს შაჰ დენიზის გაზის პროქეტთან დაკავშირებით, რომელიც 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარი ჯდება და რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენსაც მოიცავს. იგივე ალირიზას აზრით, თურქეთს არ სჭირდება დამატებითი გაზი, რომელსაც ამ გაზსადენით მიიღებს.

[აუტრო]
ნინო გელაშვილმა გაგაცნოთ ექსპერტთა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე ერაყის ნავთობის დაბრუნებამ კასპიის ნავთობის კონკურენტუნარიანობასა და შესაბამისად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის პერსპექტივაზე.
XS
SM
MD
LG